საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს

  საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ თბილისის მერისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილების გამო პარლამენტის სხდომა დატოვეს და თბილისში ბრუნდებიან.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების შეფასებით, ეს არის ოპოზიციის განადგურების მცდელობა. 

 საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი  ოპოზიციის წინააღმდეგ პუტინის მეთოდებს იყენებს.  "გიგი უგულავა, გარდა იმისა, რომ არის ქალაქის არჩეული მერი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი ქართული ოცნებისა, ის არის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის, არ გამოირიცხება მისი განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატად, შესაბამისად, მის მიმართ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედების დაწყება, ეს მიუთითებს ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის შიშზე, რომ მას ეშინია თავისი პოლიტიკური ოპონენტების", - განაცხადა მან.  

 სამართალდამცავთა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, პავლე კუბლაშვილი. მისი თქმით, ეს ემსახურება პრემიერმინისტრის სურვილს, აღარ არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა. ხოლო ნაციონალური მოძრაობის  წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, გრძელდება ოპოზიციაზე ზეწოლა საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეწოლა მან ასევე დაუკავშირა  ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებას. 

კომენტარები