პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: დღეს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა ბრძოლის ველიდან გაქცევაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "აქცენტებში", გასული მთავრობის შეცდომებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა საუბარი გიგი უგულავას მიმართ წაყენებული ბრალდებების განხილვით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღეს "ბრძოლის ხაზი თბილისის მერიაზე გადის". მისი თქმით, თბილისის საკრებულოს წევრის სევდია უგრეხელიძის პირველ ვიცემერად დანიშვნა გულისხმობს, რომ გიგი უგულავას ბრალეულად ცნობის შემთხვევაში, ის გაუძღვება თბილისის მერიას. ხოლო ვანო მერაბიშვილისთვის მოადგილის პოსტის შეთავაზება, პრეზიდენტის აზრით, მერიისთვის ბრძოლის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.  

პრეზიდენტის თქმით, ახალი მთავრობა მოვიდა ლოზუნგით, რომ წინა ხელისუფლებას ჰქონდა წილები ბენზინის, დენისა და გაზის ბიზნესში, თუმცა "დღეს ვერ ამბობენ, რომ ვინმემ რამე სახლში წაიღო". ხოლო რიყის გასხვისებაზე საუბრისას მან  ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილს ამ ტერიტორიის პირადი ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. ამ მიწისთვის ის იბრძოდა პატარკაციშვილის წინააღმდეგ და შემდეგ დაპირისპირებას მესამეც, დავით იაკობაშვილიც, დაემატა.   

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა და ამის გათვალისწინებით, კონსტიტუციის საკუთარ ინტერესზე მორგებას ადგილი არ ჰქონია. "მთელი წლები ვაშენებდი საქართველოს იმიჯს და როგორ წარმოგიდგენიათ, ვილნიუსის სამიტზე ნოემბერში მივიდოდი და ვიტყოდი, რომ "გამარჯობა, მე საქართველოს პრემიერმინისტრი ვარო?" ვინ მოგვცემდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას? ამას კი არავინ დაგმობდა, მაგრამ ევროკავშირისა და ნატო-სკენ ყველა გზა ჩაიკეტებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი შეეხო ციხის პრობლემებს და დასძინა, რომ უფრო ადრე უნდა მოეხდინათ რეაგირება და შეემოწმებინათ ციხეები. "ციხის შიგნით იყო სერიოზული პრობლემები და ჩვენ ეს დავინახეთ. დავინახეთ და ალბათ, უფრო ადრე უნდა მოგვეხდინა რეაგირება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, რასაც ვნანობ, როცა ხათუნა არაერთხელ იყო აქ და თქვა, რომ მეტი რეაგირება გვჭირდება, როცა არაერთხელ ვესაუბრე პროკურორს ამის შესახებ. უფრო მეტი რეაგირება გვჭირდებოდა და ალბათ, უფრო მეტად უნდა ჩავრეულიყავით. ალბათ, მე უნდა მივსულიყავი ციხეში და შემემოწმებინა ყველა საკანი, მით უმეტეს ეს გამოცდილება მქონდა. რა თქმა უნდა, ეს რომ გამეკეთებინა, უკეთესი იქნება, საქართველოც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა", -განმარტა პრეზიდენტმა.  

კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ყოფილ  თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ბაჩო ახალაიას ''შეწყალების საკითხი ახლა არ დგას'' და "სასამართლო გაარკვევს ვინ რა ჩაიდინა". "ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი სასამართლოს დამოუკიდებლობას,  ახლა არის ისტორიული შანსი, სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს", - განმარტა მან. მისი თქმით, თუ დღევანდელმა პროკურატურამ სასამართლოს ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ვერ წაართვა, რომელიც წინა ხელისუფლებამ მისცა, მაშინ ის იქნება დამოუკიდებელი". პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ  წინა მთავრობის დროს პროკურატურის ზეწოლის ქვეშ ხშირად იყვნენ  მოსამართლეები და ამას პირდაპირ ამბობს. 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა იყო და მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, გაანთავისუფლა თუ არა ახალაიამ  სამინისტროდან ვანო მერაბიშვილის კადრები. "ჩვენ გვჭირდებოდა მთავრობის გადახალისება. როცა ვანო გადავიყვანეთ პრემიერმინისტრად და ითქვა, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელის შემდეგაც ის იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ზუსტად მან შემოგვთავაზა შს მინისტრად ახალაიას კანდიდატურა. მახსოვს, ბობოყვათში იყო ამ საკითხზე საუბარი პარლამენტის 15-მდე წევრთან, პირადად მე მქონდა ეკა ზღულაძის კანდიდატურა, იყო საუბარი პატრულის ყოფილ უფროს გრიგალაშვილზეც", - აღნიშნავს სააკაშვილი.

მან ასევე ისაუბრა პროკურატურის რეფორმაზე და ამ კუთხით დაშვებულ შეცდომებზე. "ეს მაშინაც მიმაჩნდა შეცდომად. ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის რეფორმირება, თუმცა, სამწუხაროდ, რაღაც მომენტში "გაიჭედა". ჩვენ მივაღწიეთ ბიუჯეტის გათეთრებას და ასეთ სუფთა ეკონომიკას იმ გაგებით, რომ ყველაფერი ბიუჯეტში მიდიოდა და არა ჯიბეებში, მაგრამ მეორე მხრივ, მადა ჭამაში მოდისო და გაუჩნდა პროკურატურას ეს ინსტინქტი, რომ მეტი შემოსავალი მიეღო - იქ ბათუმში რაღაცა გვქონდა ასაშენებელი, თელავის ცენტრი იყო გასაკეთებელი, იქ ქუთაისში კიდევ რაღაცეები. ამან გამოიწვია რეალურად გადამლაშება და ბიზნესთან მიმართებაში ეს პრობლემები ნამდვილად შეიქმნა", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

წინა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ შეცდომად, პრეზიდენტმა "პატარა ჯიხურებში" საგადასახადო სამსახურის შესვლა დაასახელა. "მე არ ვიყავი პროკურატურის მუშაობის ბოლომდე კმაყოფილი. ბევრი რაღაცით ვიყავი უკმაყოფილო, მათ შორის საკონტროლო შესყიდვების ინსტიტუტით. რა თქმა უნდა, ნორმალური იყო იმის კონტროლი, რომ ჩინოვნიკს და მსხვილ ბიზნესმენს არ მოეპარა გადასახადი, მაგრამ იგივეს ვაკეთებდით ელიავას ბაზრობაზე ჯიხურის მეპატრონის მიმართ, თან მას, ვინც ამას აკეთებდა, ჰქონდა გეგმა შესასრულებელი - გამომუშავებაზე იყო და პროვოკაციაზე მოყავდა ადამიანი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ამაში პროკურატურა იყო ჩარეული და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა, რასაც ჩვენი სამართალდამცავი სისტემები აკეთებდნენ და რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელები ასმაგად იმეორებენ", - ამბობს სააკაშვილი.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ არ უნდა გამოექვეყნებინათ სატელეფენო თუ სხვა სახის საუბრები. რამაც საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ "ყველას უსმენდნენ". მისი თქმით, "კრიმინალთან ბრძოლა, მათ შორის უცხოურ სპეცსამსახურებთან ბრძოლა, გადაიზარდა მასშტაბურ განცდაში, რომ ყველას გვისმენდნენ". თუმცა პრეზიდენტმა დაამატა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტ ადამიანს უსმენენ, ვიდრე "ოდესმე ყოფილა საქართველოს ისტორიაში".  

პრეზიდენტმა ისაუბრა სანდრო გირგვლიანის და ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეებზე. მან რობაქიძის შემთხვევას იმდროინდელი პოლიციის გამოუცდელობის შედეგად დაშვებული შეცდომა უწოდა. "რაც შეეხება რობაქიძის საქმეს, ვფიქრობ, რამდენი ტყუილი გავრცელდა, ამ დღეებში გამოჩნდა. ახლა პრობლემა ისაა, თუ ამდენი წელი არსებობდა ეს ჩანაწერი, ამდენი ხანი სად იყო და ეს კიდევ ერთი ჩავარდნაა ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და საერთოდ სასამართლო სისტემის. მაგრამ გაითვალისწინეთ, ვლაპარაკობთ 2004 წელზე, მთელი "გაი" და პოლიცია გავუშვით, მოვიყვანეთ ეს ხალხი ნაჩქარევად, ნაჩქარევად დავურიგეთ იარაღი, გავატარეთ რამდენიმეკვირიანი საწვრთნელი კურსი, როცა უცხოეთში ამას სჭირდება 2-3 წელი და ასე პირდაპირ გავუშვით გარეთ... ეს იყო ახალფეხადგმული პატრული და საშინლად იქცევიან, მე ვნახე ის კადრები. ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობაა ასახული. გაუვარდა-არ გაუვარდა, როგორია ამის ყურება? მშობლებისთვის როგორი უნდა იყოს ამის ყურება? -კატასტროფა. მაგრამ ისტორია არის შემდეგი: დღეს ეს რატომ გამოჩნდა? მთელი ეს წლები ლაპარაკობდნენ, რომ ეს ის კი არ იყო, რაც არის ასახული, თუ ეს მართალია, უნდა წავიდეს საერთაშორისო ექსპერტიზაზე. ყველაფერი იყო ასე კი არა, არამედ სულ სხვანაირად. მთელი ეს წლები ისმის ლაპარაკი, მკვლელებო, სისხლისმსმელებო, რა თქმა უნდა, არავის განზრახვა არ ყოფილა ვინმეს ქუჩაში დახოცვა. განზრახვა იყო ერთი: საქართველოში კრიმინალის შეჩერება. საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც მასობრივად ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ კრიმინალები, მე მინდა ეს ყველას შევახსენო", - დასძინა მან. 
 
ჟურნალისტის შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა  შეცდომად სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე პიროვნებების გათავისუფლებას, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: "არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება - არა. ამ დროისთვის უკვე დროშად იყო გადაქცეული. ჯერ ერთი, მე არ შემიწყალებია, სამხედრო ამნისტია შეეხო, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა. ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, რაც ხდებოდა 92 წელში, უბრალოდ, ამჯერად დამნაშევეები აღმოჩნდნენ არა კრიმინალები, არამედ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც რამდენიმე დღეში დააკავა იმავე პოლიციამ, მინდა შეგახსენოთ. მაგრამ ეს გადაიქცა ერთი პოლიტიკური თემის დროშად. ამიტომ პოლიტიკური ამნისტიები არ შეიძლება. მაშინ პოლიტიკურმა ამნისტიამ გამოუშვა რამდენიმე კაცი, დღეს უშვებს 12 000 ადამიანს, აქედან რამდენია მკლელი, მძარცველი, ბევრი ადამიანის გამაუბედურებელი. ახლაც პოლიტიკური ამნისტია და მაშინაც პოლიტიკური ამნისტია იყო. ვთქვათ, იყო შეცდომა და ვაღიარებ, რომ შეიძლება იყო შეცდომა. თქვენ რაღაზე იმეორებთ? 12 000 კაცზე იმეორებთ იგივეს? ამიტომ მოდით ვისწავლოთ იმ შეცდომებზე, რომლებიც იყო. სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, გავაგრძელოთ ქვეყნის სვლა და არ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ნულიდან დავიწყეთ მაშინ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები: გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე 2009 წელს შეიწყალა. 

გარდა აღნიშნული საკითხებისა, პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის ფაქტორზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და, ასევე, კიდევ ერთხელ უარყო, რომ მთავრობის დათხოვნის საკონსტიტუციო უფლებას გამოიყენებს. მან აღნიშნა, რომ დღეს პოლიტიკიდან წასვლა ბრძოლის ველიდან გაქცევაა და ყველაფერ იმის წყალში ჩაყრაა, რასაც მისმა ხელისუფლებამ აქამდე მიაღწია. 

 

 

კომენტარები