როსპოტრებნადზორი

რუსეთის სანიტარული სამსახურის სპეციალისტებმა ქართული საწარმოების ინსპექტირება დაიწყეს

რუსეთის სანიტარული სამსახურის სპეციალისტებმა, ქართული საწარმოების ინსპექტირება უკვე დაიწყეს. როსპოტრებნადზორის ექსპერტების დელეგაცია 3 ჯგუფად დაიყო, მათი ნაწილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ლევან დავითაშვილთან ერთად ღვინის ლაბორატორიაში მივიდა. 

ლევან დავითაშვილის ცნობით, ექსპერტთა ერთი ჯგუფი მინერალური წყლების შესამოწმებლად გაემგზავრა, ხოლო ხვალიდან კახეთისა და ქართლის საწარმოების ნაწილი შემოწმდება. 

"პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდის დაიგეგმება მეორე ჯგუფის ვიზიტი დარჩენილი საწარმოების შესამოწმებლად, თუმცა პირველი ვიზიტის წარმატებით დასრულებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

შეგახსენებთ, როსპოტრებნადზორის სპეციალისტები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 45 საწარმო შემოწმდება. რუსი სპეციალისტები შესაბამის განცხადებებს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარები