პრეზიდენტი

პრეზიდენტი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე მთლიანად უარს ამბობს

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე მთლიანად უარს ამბობს და მისი დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღეს დილიდან აღარ ხორციელდება, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ, გუშინ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თემურ ჯანაშიას ერთპიროვნულად გადაყენებას უკავშირდება. მისი თქმით, პრემიერმა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმება მოსთხოვა.

"საქართველოს პრეზიდენტის სახელით უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი ხედავს ერთადერთ გამოსავალს - მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. შესაბამისად, დღეს დილიდან პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები აღარ ხორციელდება, თუმცა, ეს ხელს ვერ შეუშლის პრეზიდენტს გადაადგილებაში და მოსახლეობასთან შეხვედრაში, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა. საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასა და პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა თვალთვალი და ზეწოლა, რაც მალევე გამოვლინდა.

"თავიდან იყო მცდელობა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთლიანად გადასულიყო მთავრობის დაქვემდებარებაში, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის შედეგად მთავრობა დაცვის სამსახურის გაყოფას დათანხმდა და შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც პრეზიდენტისთვის გამოიყოფოდა სამსახურიდან დაცვის ერთი ნაწილი. ამ კანონპროექტის შედგენაში უშუალოდ მონაწილეობდა დიპლომატიური კორპუსი, თუმცა, აღნიშნული კანონის შემდეგ მთავრობამ მის შესრულებაზე უარი თქვა და დაიწყო ვაჭრობა იმასთან დაკავშირებით, თუ დაცვის რა რესურსი უნდა მიეღო პრეზიდენტს. პარალელურად, დაცვის სანაცვლოდ საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმებას. პრეზიდენტი საკუთარ თავს კონსტიტუციის დონეზე ვერ დააყენებს და მისი პირადი უსაფრთხოების სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ დაეთანხმება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა.

 

კომენტარები