უზენაესი სასამართლო

კოტე კუბლაშვილი: ჩემი იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, მისი შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ.

კუბლაშვილი ბესელიას განცხადებას არასერიოზულსა და უსაფუძვლოს უწოდებს. 

"მე ამას სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ესეთი განცხადებები ნამდვილად უსაფუძვლოა. პოლიტიკოსს აქვს უფლება, რომ გააკეთოს უსაფუძვლო განცხადებები, მაგრამ მე არ მაქვს ამის უფლება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. 

კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი ვერანაირად ვერ დადგება. 

"კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ იმპიჩმენტის საკითხი რომ დადგეს, ერთ-ერთი საკითხი არის დანაშაულზე წასწრება. ასეთი რამ არ ყოფილა. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ იმპიჩმენტზე საუბარი თუ დაიწყო, ეს იქნება ყოვლად უსაფუძვლო მსჯელობა, რადგნ იმპიჩმენტის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, იმ ორ მოსამართლეს, რომლებზეც არის საუბარი, თითქოს შესაბამისი იურიდიული განათლება არ გააჩნიათ, სინამდვილეში აქვთ კონსტიტუციის შესაბამისი განათლება.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმსჯელა და დააგინა, რომ მათ აქვთ შესაბამისი იურიდიული განათლება, ასევე სასამართლოში გასაჩივრების შემდეგაც, სასამართლომაც დაადგინა, რომ მათ კვალიფიკაციური განათლება აქვთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა. 

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები თანამდებობაზე არასწორად გამწესდნენ.

"ამ ეტაპზე ვიცით, რომ არის დაწყებული საქმის შესწავლა, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ორი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება. ამ ეტაპზე ეს ამბავი არ არის დადგენილი და საუბარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე, ვფიქრობ, არასწორია. იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდება, რომ ეს მოსამართლეები თანამდებობაზე არასწორად გამწესდნენ, პირდაპირ იმპიჩმენტის საფუძველს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ვერ ვხედავ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამეტის წევრმა ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა საქმეების შესწავლის შემდეგ, კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. გამოძიება ორი მოსამართლის საქმეს სწავლობს, რომლებსაც, არსებული ინფორმაციით, უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ.

 

კომენტარები