კანონპროექტი

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაიმიჯნება. 

საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით დღეს პრეზიდენტი იღებს, მთავრობის კომპეტენციაში გადადის. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საფუძველზე, დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კონტროლიდან გავა და მთავრობას დაექვემდებარება.

სადღეისოდ პრეზიდენტს შემდეგი უფლებამოსილებები აქვს: ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ. პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა. განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას სახელმწიფო კანცელარიაში. პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს. ქვეყნის პირველი პირი ასევე უფლებამოსილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას, ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული უფლებამოსილებებიდან პრეზიდენტს რჩება შემდეგი: ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ და ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გასცენ.

 

კომენტარები