კახა კალაძე

კახა კალაძე: პოლიტიკაში თანამდებობის გულისთვის არ ჩავრთულვარ

0 კომენტარი

ოთხი თვის წინ, წარსულში წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დაინიშნა. იმის გარდა, თუ რამდენად მოახერხა უცხო სფეროში გარკვევა, ტაბულა მინისტრს განვლილ საფეხბურთო კარიერასა და პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.
 

არსებობს ადამიანი, ვის გარეშეც დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდით? თუ იყო ისეთი ადამიანი, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა თქვენს საფეხბურთო კარიერაში?

ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყოველ ეტაპს თავისებური მნიშვნელობა ჰქონდა. როდესაც სამტრედიაში ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი პირველი მწვრთნელი, ბატონი ვანო ყურულაშვილი იყო. შემდეგ სამტრედიის პირველ გუნდში დავიწყე თამაში, ამის მერე კი იყო ახალგაზრდული ნაკრები. ნაკრებს იმ დროს წვრთნიდა გაიოზ დარსაძე, რომელმაც, ასე ვთქვათ, ჩემი შესაძლებლობები აღმოაჩინა და ამგვარად, 16-წლამდელთა ნაკრებში დავიწყე თამაში. შემდეგ მამამ თბილისის დინამოს დუბლშემადგენლობაში მიმიყვანა. იქ მწვრთნელი აწ გარდაცვლილი გივი ნოდია იყო და სწორედ ასე დაიწყო ჩემი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება.

ვალერი ლობანოვსკის როლზე რას იტყოდით?

კიევის დინამო ჩემს საფეხბურთო კარიერაში ტრამპლინი გახდა. ვალერი ლობანოვსკის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამდენ წარმატებას მივაღწიე. მან დიდი როლი ითამაშა ჩემს არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელად, არამედ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, როდესაც კიევში გადავედი და ის დისციპლინა, რომელიც დინამოში დამხვდა, სამომავლოდ ძალიან გამომადგა. ქართველებს ზოგადად დისციპლინის კუთხით ცოტა გვიჭირს, ლობანოვსკის კი გუნდში ისეთი სიტუაცია ჰქონდა შექმნილი, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე გეფიქრა.

თქვენი თაობისგან ხალხი ბევრს ელოდა, თუმცა საბოლოოდ ხელშესახები შედეგისთვის არ მიგიღწევიათ. რისი ბრალია ეს – თქვენ დააკელით თუ იღბალმა ზურგი გაქციათ?

ჩვენს თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, თამაშობდნენ კარგ უცხოურ კლუბებში, მაგრამ, სამწუხაროდ, სანაკრებო დონეზე ვერ ვახერხებდით წარმატებების მიღწევას. ეს ალბათ საქართველოს ჩემპიონატის განუვითარებლობით იყო განპირობებული. ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ქვეყანაში ადგილობრივი ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ასეთ დროს, ქვეყნის გარეთ მოთამაშე რაც არ უნდა ძლიერი ფეხბურთელები გყავდეს, რთულია სანაკრებო დონეზე წარმატების მიღწევა. ამგვარი პრობლემა დღესაც არსებობს და ვფიქრობ, ბატონი ლევან ყიფიანი ამაზე იზრუნებს.

ვინ არის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?

გიორგი ქინქლაძე. ის ისეთი ნიჭიერი იყო, რომ შეეძლო მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამხდარიყო. ალბათ, ხასიათიდან გამომდინარე ვერ გააკეთა იმდენი, რამდენიც შეეძლო.

უცხოელი ვარსკვლავები ხშირად ეხმარებიან დამწყებ ფეხბურთელებს, ხსნიან უფასო საფეხბურთო აკადემიებს, ფულს ურიცხავენ უკვე არსებულ სკოლებს. რატომ არავინ არ აკეთებდა და აკეთებს ამას საქართველოში?

სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით მქონდა ერთი საინტერესო პროექტი. მინდოდა სპორტული სკოლის გაკეთება თბილისში, საბურთალოზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, მერიასთან მოლაპარაკებები ვერ შედგა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით არ მომცეს ის ფართი.

ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ისე, რომ ძირითადად იტალიაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ამ პროექტის განხორციელება. სჯობს გვიან,

ვიდრე არასდროსო, ნათქვამია – ახალი პროექტი მაქვს, სამტრედიაში მსურს ორი სპორტსკოლა გავაკეთო. ეს სკოლები ევროპული სტანდარტების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფასო იქნება.

თქვენს ძმასთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ, ძალიან მალე, მოედანზე გახვედით და იტირეთ. იყო მომენტი, როცა ფიქრობდით, რომ საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებდით?

ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მძიმე თემაა. სანამ ცოცხლები ვართ, ამ ჭრილობას ვერავინ მოგვიშუშებს.

ნაკრებში თამაშს რაც შეეხება, მაშინ გავაკეთე განცხადება, რომ არ ვითამაშებდი იქამდე, სანამ ჩემი ძმის საქმე არ გაიხსნებოდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით იყო განპირობებული – რაც შეიძლებოდა დაჩქარებულიყო გამოძიების პროცესი. მაშინ მილანში ახალი გადასული ვიყავი და ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო.

თქვენთვის ლევან კალაძის გატაცების ამბავი ბოლომდე ამოწურულია? ყველაფერი იცით ამ საქმის შესახებ?

მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ამ საქმეში არა მხოლოდ ის ოთხი კრიმინალია გარეული, ვინც ახლა სასჯელს იხდის, არამედ არიან სხვებიც, ვინც მათ ზედამხედველობას უწევდა. არ მგონია, რომ ასეთი მაშტაბური საქმე ამ ოთხ ადამიანს მარტოს შეესრულებინა. ვნახოთ, მომავალში ჩატარდება გამოძიება და გავიგებთ დეტალებს.

ბევრი აკრიტიკებს ფეხბურთის ფედერაციას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ზვიად სიჭინავას სინდისში ჩახედვისკენ მოუწოდა, სიჭინავა კი კვლავაც პოსტზე რჩება. თქვენ როგორ შეაფასებდით ფედერაციის მუშაობას და თვლით თუ არა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მიზანშეწონილია?

ის, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ფეხბურთში, ფეხბურთის ფედერაციასთან მიმართებაში, ყველას გვახსოვს. ხელისუფლების ცვლასთან ერთად, ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ცვლილებაც და ეს პირდაპირ კავშირში იყო პოლიტიკასთან. ბატონი სიჭინავას დანიშვნაც პოლიტიკური იყო. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ფაქტი, რომელიც ყველამ იცის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ სახელმწიფო ჩაერიოს თუნდაც ახლა და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. არსებულმა ხელმძღვანელობამ უნდა ჩაამთავროს დარჩენილი პერიოდი, რაც არ უნდა მტკივნეული და მძიმე იყოს ეს.

თქვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდით. ფეხბურთელობის პერიოდში უდიდესი გამოცდილება დაგიგროვდათ და ხომ არ თვლით, რომ ეს თქვენი ცოდნა და გამოცდილება ფეხბურთში, სპორტში ბევრად უფრო გამოადგებოდა ქვეყანას, ვიდრე პოლიტიკაში, მით უმეტეს ენერგეტიკაში?

სპორტში ჩემს მოღვაწეობას რაც შეეხება, ყველაფერი მოვიგე, წარმატებული კარიერა მქონდა და ვთვლი, რომ როგორც სპორტსმენმა, ფეხბურთელმა, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. თავიდანვე ვამბობდი, რომ მწვრთნელობა არ იყო ჩემი, ამასაც ხომ ნიჭი უნდა, ჩემს თავს ამ რანგში ვერასდროს ვხედავდი.

პოლიტიკურ საქმიანობას რაც შეეხება, თავს შევიკავებ შეფასებისგან, რადგან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. როდესაც დრო გავა, ქართველი ხალხი შეაფასებს, თუ რამდენად სწორი იყო ის ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი. ვგულისხმობ სპორტიდან წასვლას და ქართველი ხალხის გვერდით დადგომას.

თვლით, რომ სწორ დროს წამოხვედით ნაკრებიდან?

ნაკრებიდან ძალიან სწორ დროს წავედი. ვხედავდი, ვგრძნობდი იმ სიტუაციას, რაც ნაკრებში იყო და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. მე გზა დავუთმე ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

რა გრძნობა იყო, როცა იტალიასთან საკუთარ კარში ორჯერ გაიტანეთ?

ეს ძალიან მძიმე თემაა. ხშირად ვამბობ, რომ ეს ჩემი სპორტული ტრაგედია იყო. ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის ახლაც ძალიან რთულია. ძალიან განვიცადე და ვინერვიულე, ბოდიშიც მოვუხადე ქართველ გულშემატკივარს. ეს იყო შემთხვევითობა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება, ქართველმა გულშემატკივარმა მაპატია.

ნაწყენი ხართ იმის გამო, რომ თქვენი გამოსამშვიდობებელი მატჩი არ ჩატარდა? ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ არჩევნების წინა დღეებში გსურდათ და ამ ამბავს პოლიტიკური ელფერიც ექნებოდა? გეგმავთ მომავალში?

რომ გითხრათ, გულნატკენი დავრჩი-მეთქი, არ იქნება მართალი. ამისთვის მზად ვიყავი, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. არჩევნების

წინაც რომ არ დაგვეგეგმა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლება მაინც არ მოგვცემდა გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების უფლებას.

მინდა, რომ გაზაფხულზე გაიმართოს ეს შეხვედრა. ჩამოვიყვან ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი, მაკავშირებს უამრავი მოგონება, ვისთან ერთადაც ვიმარჯვებდი, ვმარცხდებოდი... ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ძალიან საინტერესო სანახაობას იხილავს. სხვათა შორის, ძალიან ხშირად მწერდნენ სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ დიდი მოლოდინია.

მოგწონთ ახლანდელი ნაკრები? როგორ შეაფასებდით თემურ ქეცბაიას მუშაობას?

ზოგადად სპორტში და ფეხბურთშიც მუშაობას რეზულტატიდან გამომდინარე აფასებენ. ნაკრებში დღეს გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ყველა მონაცემი აქვთ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ და მე მათ გულით და სულით წარმატებებს ვუსურვებ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებიდან, ვის აქვს პოტენციალი, რომ მაღალი კლასის მოთამაშედ ჩამოყალიბდეს?

მჭედლიძეს შეუძლია კარგი ფეხბურთი ითამაშოს. მას აქვს მონაცემები, ფიზიკურიც და ტექნიკურიც. თარგამაძესაც აქვს შანსი, ყენიასაც, თუმცა ტრავმებმა შეაწუხა და სამი წლის გამოტოვების შემდეგ რამდენად შეძლებს იმავე პოზიციებზე დაბრუნებას, არ ვიცი. ანანიძეს ვურჩევდი, რომ კლუბი შეიცვალოს, რადგან ფეხბურთელისთვის უთამაშებლობა დამღუპველია, მით უმეტეს ასეთ ადრეულ ასაკში. ჯანო უნიჭიერესი ბიჭია და კარგი იქნება, თუ ისეთ კლუბში გადავა, სადაც სისტემატურად ითამაშებს, რაც მის ზრდას ხელს შეუწყობს.

გაიხსენეთ ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს კარიერაში. და ყველაზე ცუდი.

კარიერაში ბედნიერი დღეები მრავლად მქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული რამაა. მე ეს ორჯერ მოვახერხე. ასევე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვთამაშობდი და ხორვატებს თბილისში მოვუგეთ. მთელი საქართველო ზეიმობდა ბოლო წუთებში მოპოვებულ გამარჯვებას, რაც დაუვიწყარი მოგონებაა. ყველაზე ცუდი კი მაინც იტალიასთან ჩატარებული ის ხსენებული შეხვედრაა.

კიევის დინამოში ასპარეზობისას თქვენი გადაბირებით მიუნხენის ბაიერნი იყო დაინტერესებული. თუ გქონიათ დიდი კლუბებისგან წინადადებები?

კი, ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო. თქვენ სწორად ბრძანეთ, როდესაც კიევის დინამოში ვთამაშობდი, მიუნხენის ბაიერნი დაგვიკავშირდა. მე მიუნხენშიც კი ვიყავი ჩასული პირობების განსახილველად, მაგრამ კიევში დაბრუნებიდან ორ კვირაში მილანმა კონტრაქტი შემომთავაზა. მილანელებმა დინამოს სოლიდური თანხა გადაუხადეს და იტალიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

როდესაც მილანში ვთამაშობდი, იყო შემოთავაზებები იმავე ბაიერნის მხრიდან, ჩელსისთან ფაქტობრივად მოლაპარაკებები დასრულებულიც კი მქონდა, როდესაც გადაწყდა, რომ კვლავ მილანში დავრჩებოდი. ეს იყო 2006-2007 წელი. იყო სერიოზული საუბრები ლივერპულზე, ბარსელონაზე, მაგრამ კონკრეტული მოლაპარაკებები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან მქონდა.

თქვენი საუკეთესო მატჩი?

ბევრი მაღალი დონის შეხვედრა მაქვს ჩატარებული მილანში და ძალიან ვამაყობ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა იუვენტუსის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ; ინტერთან ჩამიტარებია არაერთი კარგი მატჩი...

მე მახსენდება თქვენი შესანიშნავი თამაში მადრიდის რეალთან, როდესაც ფიგუს მეურვეობდით...

დიახ, მახსოვს ეგ მატჩი. მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და ფიგუ ჩემს ფლანგზე იყო. არ მინდა თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ, რომ იტყვიან, ფეხი არ გავანძრევინე და მეორე ტაიმში პორტუგალიელი უკვე საპირისპირო ფლანგზე გადაიყვანეს. გეთანხმებით, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია.

თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყავით, შემდეგ რამ შეცვალა თქვენი პოლიტიკური გემოვნება?

რა თქმა უნდა, მე მიხეილ სააკაშვილს მხარს ვუჭერდი, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის 90%. თქვენ გახსოვთ, თუ რამხელა მხარდაჭერით მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს. ყველანი ვფიქრობდით, რომ მოვიდა ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც სერიოზულ რეფორმებს გაატარებდა. მინდა გითხრათ, რომ დასაწყისში მართლაც სერიოზული რეფორმები გატარდა.

ჩემი აზრის შეცვლა გამოიწვია იმ ქმედებებმა, რასაც ნაციონალური მოძრაობა სჩადიოდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. იმ ზეწოლამ, რასაც ისინი ახორციელებდნენ, იმ მდგომარეობამ, რა მდგომარეობაშიც ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

როდესაც თქვენ უჭერდით მხარს, მაშინ ვერ ამჩნევდით ასეთ ფაქტებს?

მე ყოველთვის ვცდილობდი, მეთქვა, თუ რა ხდებოდა კარგი ქვეყანაში და, ამავდროულად, ვამბობდი იმასაც, რაც არ მომწონდა, რაც იყო ცუდი და უნდა შეცვლილიყო. მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობა ავიღოთ, რასთან დაკავშირებითაც მე არ მომერიდა და პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში ვუთხარი.

მე არ წარმოვადგენ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც რაღაცით იყვნენ დამოკიდებულნი ნაციონალურ მოძრაობაზე, ვინც, კარგი კეთდებოდა თუ ცუდი, ყველაფერზე თავს უქნევდნენ. ჩემი აზრით, გარემოცვის დიდი დანაშაულიც არის იმაში, რაც მივიღეთ.

როდის გადაწყვიტეთ საბოლოოდ პოლიტიკაში წასვლა და რა იყო ამის უმთავრესი მიზეზი?

მიზეზი იყო ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში იყო შექმნილი. ძალიან დიდი ტკივილი და ზეწოლა ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას. ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება მაისში გავაკეთე, მაგრამ ფიქრი მას მერე დავიწყე, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სანამ ბატონი ბიძინა მოვიდოდა პოლიტიკაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. სპორტით ვიყავი დაკავებული და არ ვენდობოდი ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციურ ძალებად მიიჩნევდა. მას მერე, რაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდა წარმატების მიღწევის იმედი, ასევე მეც. ამ ადამიანის დამსახურებაა ის დიდი წარმატება, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო.

ახსენეთ, რომ ადრე სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან წინადადებები გქონდათ. დღევანდელი თქვენი გუნდით რამდენად კმაყოფილი ხართ? თუ არიან ისეთები, ვისაც არ ეთანხმებით?

ზოგადად, კოალიციაში უთანხმოება არის ხოლმე და ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან კამათის დროს იბადება სწორი აზრი. კოალიციას რაც შეეხება, ერთობა ნამდვილად არის. ჩვენი ოპონენტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თითქოს კოალიციაში გაურკვევლობა ან უთანხმოებაა. ეს ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვკამათობთ, ყველას ერთნაირი აზრი ხომ არ ექნება, სხვადასხვა პარტიებია.

გიორგი დემეტრაძე თქვენი უახლოესი მეგობარია. ამანაც განაპირობა თქვენი პოლიტიკაში ჩართვა? დემეტრაძე უდანაშაულოა თუ არაადეკვატური სასჯელი მიიღო?

რა თქმა უნდა, გიორგის უკანონო დაკავებამაც განაპირობა და ზოგადმა სიტუაციამაც. ქვეყანაში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებოდა. ან ძმა დაუჭირეს, ან ბიძაშვილი, მეზობელი. ჩვენ მოსახლეობასთან შეფარდებით პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, მსოფლიოში კი მეშვიდეზე. ამ ყველაფერმა და არა მხოლოდ ერთმა ფაქტმა განაპირობა ჩემი პოლიტიკაში ჩართვა.

დემეტრაძე სრულიად უდანაშაულოა. თქვენ გახსოვთ რა შეუფარდეს მას – ქურდული ტრადიციების მატარებელი ადამიანი, ხომ? ჯერ გაურკვეველია, ვინ იყო ქურდი, ვისთან ჰქონდა ეს ურთიერთობები, დაუსაბუთებელი იყო ეს ყველაფერი. თანხა, რომელიც ამოიღეს, ნამდვილად არ იყო მისი. დაჭერის დროს თითებზე კუპიურებს უსვამდნენ, რომ ეს ანაბეჭდები მტკიცებულებად გამოეყენებინათ. სატელეფონო საუბრებს რაც შეეხება, საერთოდ ვერ გავიგე დემეტრაძის კავშირი. ძალიან ბევრი კითხვაა ამ საქმესთან დაკავშირებით. დღეს ვთვლი, რომ გიორგი დემეტრაძე არის სრულიად უსაფუძვლოდ დაკავებული და უდანაშაულო. ეს იყო ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ახირება. როდესაც მიმდინარეობდა მერის არჩევნები, გიორგი დემეტრაძეს შესთავაზეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას დახმარებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა. ეს სააკაშვილს ეწყინა.

ანუ, თქვენი აზრით, ამ ფაქტმა განაპირობა, რომ დაიჭირეს?

კი, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი და, რა თქმა უნდა, ჩემთან მეგობრობა, ჩემი განწყობაც იცოდნენ.

არის წინა ხელისუფლებაში პოლიტიკოსი, რომელიც მოგწონთ და რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს?

მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ იმ დემაგოგიას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, დღესაც არ შეუცვლიათ რიტორიკა. რაზე იყო აგებული ზოგადად ნაციონალური მოძრაობა? ეს იყო გარე და შიდა პიარი, რასაც წარმატებულად აკეთებდნენ და ეს იყო შიში, პოლიციის მეშვეობით შიშზე დაფუძნებული სახელმწიფო. პოლიცია გახდა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე მორგებული სტრუქტურა, ისევე, როგორც სასამართლო, კონსტიტუცია, პროკურატურა...

ნამდვილად გამიჭირდება ისეთი პოლიტიკოსის გამოყოფა, რომელიც ნორმალურად აზროვნებს.

არჩევნებამდე ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები მუდმივად იმეორებდნენ, რომ ყოფილმა მთავრობამ ენგურჰესი რუსებს მიჰყიდა. ნოემბრის დასაწყისში კი თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ასე არაა. არ გქონდათ ამაზე ინფორმაცია?

ეს არის გასაიდუმლოებული საბუთი. ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ენგურჰესი გაყიდულია. ქართული ოცნების ლიდერებისგან არ მახსოვს, რომ ეს განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს, მაგრამ ზოგადად მიდიოდა მსჯელობა. ინფორმაცია არ გვექნებოდა, რადგან მასზე წვდომა არ იყო. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ არის გასხვისებული, თუმცა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, არსებობს მემორანდუმი, მაგრამ ხელი არ არის მოწერილი, რომ გადასულიყო ინტერ რაოს მართვაში.

ცხადი იყო, რომ არჩევნებში მოგების შემთხვევაში მნიშვნელოვან პოსტს ჩაგაბარებდნენ. ასე მოხდა? კმაყოფილი ხართ იმ სფეროს მინისტრობით, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევით?

პოლიტიკაში თანამდებობის გულისთვის ნამდვილად არ ჩავრთულვარ. ჩემს პოსტს რაც შეეხება, ეს იყო ბატონი პრემიერისა და გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველა ის დანაპირები, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცემული, უნდა შევასრულოთ და მე ვდებ პირობას ახლანდელი მთავრობის სახელით, რომ ეს აუცილებლად შესრულდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი პრეტენზია არ მაქვს თანამდებობებზე.

წელიწად-ნახევარში ივანიშვილი პრემიერის პოსტს ტოვებს. რას იტყვით ამაზე? ვის ისურვებდით მის ადგილას? თქვენ ხომ არ გაქვთ ამის ამბიცია, მით უმეტეს, რომ ადრე პრეზიდენტობის სურვილი საჯაროდ გამოთქვით?

მოდი, დავიწყოთ სურვილთან დაკავშირებით. ეს არის არასწორი ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ არქივში ნახოთ, რომ მე არასდროს გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მსურს პრეზიდენტობა. ეს იყო სააკაშვილის გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ შურდა ჩემი იმიტომ, რომ ვერასდროს გახდებოდა ძლიერი ფეხბურთელი და მე შემეძლო გავმხდარიყავი პოლიტიკოსი, პრეზიდენტი. მე პრეზიდენტობის ამბიცია არ მაქვს, არც იმ თანამდებობის, რომელზეც დღეს ვიმყოფები.

რაც შეეხება წელიწად-ნახევარში პრემიერის წასვლას, მიმაჩნია, რომ იგი არ წავა, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ზუსტად ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ ჩვენი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ქართველმა ხალხმა მიანიჭა მას ნდობა და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი დარჩება პოლიტიკაში. თუმცა მისი გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა.

რა გაკავშირებდათ ზურაბ ნოღაიდელთან და რატომ შეწყდა თქვენი ურთიერთობა?

ის გახლდათ ჩემი ჰოლდინგის პრეზიდენტი. მას მერე, რაც პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, შევთანხმდით, რომ ის დატოვებდა პრეზიდენტის თანამდებობას.

მე დღესაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს ბატონ ზურასთან. არა ბიზნეს და პარტნიორული, არამედ ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა.

ვინ არის თქვენთვის სამაგალითო პოლიტიკოსი?

ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი გახლავთ ჩვენი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი. არ მინდა, ვინმემ სხვაგვარად გაიგოს. მე ვთვლი, რომ საქართველოში ჩვენ ასეთი პოლიტიკოსი არ გვყავს. თუნდაც ის, რომ სულ რაღაც ერთი წელია პოლიტიკაში და თავისი ქმედებებით, თავშეკავებულობით, სტრატეგიით დაამტკიცა ყველაფერი და აჩვენა, თუ რამხელა დონის პოლიტიკოსია.

კონკრეტულად რომელიმე ქმედებას ხომ არ გამოჰყოფდით, რომელიც უფრო მეტად მოგეწონათ ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის?

ეს არის სტრატეგია, რომელიც დაგეგმილი იყო წინასაარჩევნოდ. ყველაფერი ამ ადამიანის დამსახურებაა. ალბათ დამეთანხმებით – ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არჩევნები ასე უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადაივლიდა. კი, ჩვენც ვიყავით დარწმუნებულნი, რომ აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ შეიძლებოდა რაღაც გაურკვევლობა მომხდარიყო. ამ ადამიანმა შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნილიყო. არავის თმის ღერი არ ჩამოვარდნია, ისე მიიყვანა ყველაფერი ბოლომდე.

ელოდით არჩევნებში გამარჯვებას?

სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ნამდვილად ველოდით. ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, თუ რამხელა მუხტი იყო საზოგადოებაში. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილება, რომელიც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მოუტანა ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდით, რომ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას შეიძლებოდა არჩევნები გაეყალბებინა. ეს არ იყო არჩევნების წინა დღეს გაკეთებული გაყალბება, პროცესი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს აისახებოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებთან ურთიერთობებში, იგივე ანგარიშების დაყადაღება, ცემა-ტყეპა, დაჭერები, დაშინებები. ეს ყველაფერი გაყალბებაა და, საბოლოო ჯამში, ის პროცენტი, რომელიც მათ მიიღეს, სინამდვილეში გაყალბებულია.

ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ ახლა მთავარია, ზამთარი გადავაგოროთო. რას გულისხმობდით?

ძალიან დიდი იყო შანსი იმისა, რომ საბოტაჟი ყოფილიყო. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა დრო გვქონდა, რომ გაგვეკეთებინა ცვლილებები, რეორგანიზაციები. ზოგადად ვიცოდი, რომ ზამთარში ძალიან გვიჭირს ელექტროენერგიის კუთხით. ეს სამომავლოდაც პრობლემა იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ იყოს, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. ეს ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ზამთარში მეტ ელექტროენერგიას მოვიხმართ. ჩვენ არ გაგვაჩნია ადგილობრივი რესურსები და ელექტროენერგიას ვყიდულობთ რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან. გაზაფხულზე, ზაფხულში გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია. ჩვენ გვინდოდა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაგვეტანა ზამთარი.

როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული ენერგეტიკა? განვითარდა ბოლო რვა წელიწადში? რა უნდა გაუმჯობესდეს თქვენი მინისტრობის პერიოდში?

ცვლილებები არის და ეს მისასალმებელია. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩაბნელებული ქვეყანა ვიყავით, მაგრამ ესეც მაშინდელ მიდგომებზე იყო დამოკიდებული. წინსვლა არის, დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტი უნდა გავაკეთოთ, რაციონალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები. თვალდახუჭული არ უნდა ვაძლევდეთ ინვესტორებს პროექტებს, რომლებიც მომავალში ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სხვათა შორის, ბევრი ასეთი პროექტია გაცემული ინვესტორებზე, სადაც არ არის გათვალისწინებული მემორანდუმში, როდის უნდა დაიწყოს, როდის დასრულდეს, შეუსრულებლობის შემთხვევაში, რა ეკისრება ინვესტორს. არის პროექტები, სადაც კონკრეტულად არის ყველაფერი გაწერილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეულ ინვესტორებთან მიდგომა იყო მეგობრული, ნაწილთან კი საერთოდ არ იყო კონტაქტი.

დღეს ჩვენ აშშ-ის განვითარების სააგენტოსთან ხელი მოვაწერეთ სამომავლო ურთიერთობაზე, რომ მოხდეს ბაზრის დახვეწა, კანონმდებლობის გაუმჯობესება, ელექტროენერგიით ვაჭრობის წესების დადგენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ელექტროენერგიით სწორად ვაჭრობა შევძლოთ თურქეთთან და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან. USAID-ი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძალიან ეხმარება საქართველოს და აქ ენერგეტიკის განვითარებას.

ახალი ენერგეტიკული სადგურების მშენებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა. კონკრეტულად რას აპირებთ 5 წლის შემდეგ, რამდენი ახალი სადგური აშენდება?

სააკაშვილი რომ იძახდა 15 ახალი ჰიდროელექტროსადგური შენდებაო, ეს არის სიცრუე. რეალურად, 3-4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, დანარჩენები არ შენდება.

სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება ხობი1, ხობი2-თან დაკავშირებით, ასევე აბსოლუტური სიცრუეა. მინდა გითხრათ, რომ კომპანია, ალბათ, მარტის თვიდან მიიღებს სამშენებლო ნებართვას და სამუშაოებიც დაიწყება.

გარდაბანში ვგეგმავთ ახალი თბოელექტროსადგურის აშენებას თურქ პარტნიორებთან ერთად. სავარაუდოდ, 150 მეგავატი სიმძლავრის იქნება. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ შევისწავლოთ სადგურის აშენება ნახშირზე, ტყიბულში. ჩვენ ნახშირის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს. გვინდა გავაკეთოთ საპილოტე პროექტი ქარის ენერგიასთან დაკავშირებით, ვნახოთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რამდენად რეალური იქნება ტარიფები. სხვათა შორის, გვაქვს ადგილები, სადაც შეიძლება ამ ქარის ენერგიის სადგურების გაკეთება. ქართლში, სამცხე ჯავახეთში არის ასეთი ადგილები. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, ტარიფებში რამდენად აისახება.

თუ ახალი ენერგოსიმძლავრეები დროულად არ შეიქმნა, ხომ არ შეამცირებს ეს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობასთან პრობლემები გვაქვს, არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ზამთარი გადავიტანოთ იმპორტის გარეშე, რაც უკვე პრობლემაა. რა თქმა უნდა, ახალი სიმძლავრეების შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას 4-5 წელი სჭირდება. პროექტები, რომლებიც დაწყებულია და გარკვეული დროის განმავლობაში დასრულდება, დამატებით სიმძლავრეებს მოგვცემს, მაგრამ ჯერჯერობით ზამთარში იმპორტი მოგვიწევს.

ალასანიასთვის თუ არის ზედმეტი დატვირთვა ვიცეპრემიერობა, თქვენთვის არ არის? თუ ენერგეტიკა უფრო უმნიშვნელო სფეროა, ვიდრე თავდაცვა და აქ შეთავსება შესაძლებელია?

თუ შევადარებთ თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, მგონი, განსხვავება უდიდესია. თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ძლიერი და უდიდესი სამინისტროა.

ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ქართულ ჯარში. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო და ვთვლი, რომ ირაკლის უფრო მეტი დრო ექნება თავდაცვის სამინისტროს გაძლიერების კუთხით. უნდა დავაჩქაროთ ინტეგრაცია NATO-ში, რაც ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის ინტერესებში შედის.

ვთვლი, რომ ირაკლის სამინისტროს ჩემს სამინისტროსთან შედარებით გაცილებით მეტი სამუშაო აქვს. მე კი მაქვს იმის საშუალება, რომ გავწვდე ვიცეპრემიერის თანამდებობას.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები