საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი აეროპორტში დაცვის დახვედრას საცირკო დადგმას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოდან ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში მობილიზებულ დაცვის სამსახურზე უარი თქვა და აეროპორტის ტერიტორია საკუთარი ელექტრომობილით დატოვა. მან დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა. 

სააკაშვილის განცხადებით, მას უფლება აქვს, უკან არავინ დაჰყვებოდეს, მან მთავრობას ურჩია, დაცვის სამსახურის ავტომანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფული გაჭირვებულ მოქალაქეებს მოახმაროს. "მთელი ეს თვეები ისტერიულად ეძებენ ჩვენ მიერ თითქოსდა მოპარულ მილიონებს, მაგრამ რაც არ არის, ვერ იპოვი. დაიწყეს ჩვენი დაცვის თანამშრომლების ტერორი, აღძრეს საქმეები. ეუბნებოდნენ, მიეტანათ ინფორმაცია ჩემი გადაადგილების მარშრუტებსა და ჩემი საუბრის შინაარსზე. ვუთხარი, რომ არ მინდა დაცვა, გადავადგილდები ჩვეულებრივი მანქანით და მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო დაცვის კორტეჟებზე. მოიყვანეს უფრო მეტი მანქანა, ვიდრე ცხოვრებაში მინახავს არა მხოლოდ ჩემს ესკორტში, არამედ სხვა ქვეყნებში. რა არის ეს 30 მანქანა, რომელიც აქ არის?! რატომ უნდა დამყვებოდნენ, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 პრეზიდენტის თქმით, მას სწორედ ამ ხალხისგან სჭირდება დაცვა."ძალიან მარტივია, ეს მანქანები წაიყვანონ "გარაჟში". მათი ბენზინის ფული გადაუნაწილონ იმ გაჭირვებულებს, ვისაც ჰპირდებოდნენ ორჯერ შემცირებულ ბენზინის ფასს, გაზის ფასს და ყველაფერში მოატყუეს. მე ვივლი ეკონომიური ელექტრომობილით, რომელიც ძალიან ცოტას წვავს და არის ადმინისტრაციის ბალანსზე. სავალალოა ასეთი შოუების დადგმა. მე არავის ვავალდებულებ, რომ მე, როგორც პიროვნებას, პატივი მცეს, ეს არის ინსტიტუტების პატივისცემა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა. 

კომენტარები