საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ბერძენიშვილმა 12 მარტს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, იგი თანამდებობიდან მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. "ბუნებრივია, ისმის შეკითხვა - პროფესიონალი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქმნის არხის პოლტიკას მოამბის გუნდთან ერთად და ეს პოლიტიკა ყველა რეზოლუციაში, დასკვნაში ითვლება, როგორც ერთ-ერთი დაბალანსებული სამსახური... რატომ მიიღო არხის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ამით მეც დავინტერესდი და ბარათაშვილს ვკითხე კიდეც, მაგრამ მას არგუმენტი არ აქვს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

თავად ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

„ბარათაშვილი რამდეჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო, თუმცა რატომ არ უნდა გასულიყო ეთერში, პასუხი არ ჰქონდა. ამან დააჩქარა ის პროცესი, რაც ჩემთან დაკავშირებით ბოლო ერთ თვეში მიმდინარეობდა“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, „არის შეკითხვა, რა შეიძლება არ მოსწონდეს მას, როცა მოამბეში ყველა მხარის პოზიცია და ინტერესი დაფიქსირებულია? მისი სურვილი იყო, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა საკითხი, რომელიც ახალი ხელისუფლების ქმედებებს უკავშირდება, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში განხილულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ეს არაა კერძო ტელევიზია და არის საზოგადოებრივი მაუწყებელი".

ამასთან, მისი თქმით, გათავისუფლებამდე გიორგი ბარათაშვილისგან მან სამი წინადადება მიიღო. "იყო რამდენიმე წინადადება, პირველი - შემომთავაზა ფული, მეორე - შემომთავაზა სხვა თანამდებობაზე გადასვლა, რაც დღესაც ძალაში რჩება და მესამე – თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნას, მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას. მან რამდენჯერმე მითხრა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომ მე საინფორმაციო სამახურიდან წავიდე. იგივე პრობლემა გვქონდა 2 ოქტომბრის შემდეგ გია ჭანტურიასთანაც, მაგრამ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და არხიდან თვითონ წავიდა. ამასთან, არავისთვის არის უცხო ბარათაშვილის ნათესაური კავშირები კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელ ირაკლი ტრიპოლსკისთან. მათ შორის იყო გარკვეული გარიგება, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე და საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი ყოფილიყო სხვა ადამიანი", - განმარტა მან.

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს და აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, იქამდე, ვიდრე მომხდარზე ბორდი გადაწყვეტილებას არ დადებს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"მინდა სამეურვეო საბჭოს მივმართო, დაინტერესდეს რა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს არხის გენერალური დირექტორი, როცა ამბობს, რომ საინფორმაციო პოლიტიკის გამო მას აქვს პრობლემები. მინდა ასევე მივმართო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართული არიან მაუწყებლის განვითარების პროცესში - ჩაერთონ და გამოიკვლიონ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მინდა მოამბის მთელ კოლექტივს ვთხოვო, მშვიდად განვაგრძოთ მუშაობა, არსად არ მივდივარ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე", - დასძინა ბერძენიშვილმა.

როგორც, თავის მხრივ, საოზგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის  ხელმძღვანელს ხათუნა ბერძენიშვილს არა თანამდებოპბიდან წასვლას, არამედ დაწინაურებას - მრჩევლის პოსტს სთავაზობდა. მისი თქმით, გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობა უფრო მაღალია - დირექტორი გადაწყვეტილებებს ბერძენიშვილთან ერთად მიიღებდა.

"შევთავაზე ახალი კონტრაქტი, რომელიც ხათუნა ბერძენიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით გენერალური დირექტორის მრჩევლად გადაყვანას გულისხმობს. სამეურვეო საბჭოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, ახალი სტრუქტურა შეიქმნა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტი აღარ არსებობს. საინფორმაციო სამსახურს ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც შიდა კადრებიდან შეირჩევა. ახალი სტრუქტურა 1 მარტიდან უნდა ჩაშვებულიყო", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებს პოლიტიკურ ზეწოლასთან სიცრუედ აფასებს.

"წულუკიანის განათლების შესახებ სიუჟეტთან დაკავშირებით არ დამირეკავს. სატელეფონო კონტაქტი არ მქონია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ორი კვირის წინ შევხვდი და შევთავაზე ახალი კონტრაქტი. არანაირ ფულის შეთავაზებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. რვა თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გვქონდა ლაპარაკი. ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი, რომელიც შვიდი წუთით ადრე გამოიყვანა ეთერიდან. ეს ფაქტი მე ვთქვი ბორდთან. სიცრუეა ის, თითქოს მე მინდოდა პრემიერის ბრიფინგების პოზიტიურად გაშუქება", - ამბობს გენერალური დირექტორი.

ბარათაშვილის განცხადებით, დღემდე არანაირი პრობლემა თანამშრომლობის დროს არ შექმნილა და იგი არასდროს არ ჩარეულა ბერძენიშვილის მუშაობაში.

 

 

 

 

კომენტარები