პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგი გამართა.

ივანიშვილის შეფასებით, ''ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის''. პრემიერის თქმით, ის პრეზიდენტს სთხოვდა, ჩამოაყალიბებინა რისი თქმა სურდა, ის კი ''ჩემი შენ გითხარი ფორმატში'' საუბრობდა.

''პირველი თხოვნა იყო რომ მე მედია უნდა გავათავისუფლო ყოველგვარი ზეწოლისგან, რომ უპრეცედენტო რამ ხდება მედიასთან დაკავშირებით, რასაც მე ღიმილით ვპასუხობდი. მეორე მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო ზეწოლისგან, მესამე ვერ გავიგე, დიდხანს ვცდილობდი გამეგო- რომ ხალხის მასიურ დევნას და ძალადობას უნდა მოეღოს ბოლო'' , - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილს მის მიერ გაგზავნილი წერილი შეახსენა და სთხოვა განემარტა, რომელ ქვეყანაში აქვს უფლება პრეზიდენტს დანიშნოს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ''არა ერთ მაგალითს მოიყვანდა, თუმცა ვერ გაიხსენა და თქვა, რომ მოძებნის და საჯაროდ განაცხადებს''.

მისივე თქმით, მან მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს მოუწოდა, გააცნობიერონ რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და ნუ ესაუბრებიან მხოლოდ ევროპასა და ამერიკას.

''ჩემი თხოვნა იყო, რომ თავი დაანებონ მხოლოდ ევროპასა და ამერიკასთან საუბარს. რა თქმა უნდა ევროპასა და ამერიკასთან რამდენიც უნდათ იმდენი ისაუბრონ, ამაში ცუდი არაფერი არაა, მაგრამ მხოლოდ მათთვის ნუ ისაუბრებენ. ისაუბრონ ისე, რომ გასაგები და მისაღები იყოს მათი პოზიცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ნუ რჩებიან იმ ვირტუალურ სამყაროში სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ'' - , აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ''მოახერხონ და დარჩნენ ქვეყნის ღირსეულ წევრებად''.

''მართლაც დიდი სურვილი გამაჩნია ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი წევრი დარჩეს ღირსეულ მოქალაქედ, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ მათგანს შესაძლოა კანონი აქვს დარღვეული და მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაირიყონ ჩვენი ქვეყნიდან. პასუხისგება მინიმალური უნდა იყოს და არ უნდა იყოს გაუთავებელი სასამართლოები და გაუთავებელი პროკურატურა'' , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტს, ახალი წლიდან მოუწოდებდა საკონსტიტუციო ცვლილებებისკენ, რადგან 9 წლის განმავლობაში არადემოკრატიული კონსტიტუციით სარგებლობდნენ. ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, საკონსტიტიციო ცვლილებები პარლამენტში გავა.

პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არანაირი არეულობა არ მოხდება და ''ვერავინ ვერ მოახერხებს ქუჩაში დაპირისპირების გადატანას''. მისი თქმით, არავითარი ალბათობა იმისა, რომ დაბრუნდეს სააკაშვილის ხელისუფლება არ არსებობს.

''მათ შეუძლიათ მხოლოდ გაიუმჯობესონ ან გაიუარესონ საკუთარი მდგომარეობა საზოგადოების წინაშე. მეტი არაფერი არ მოხდება, მოსახდენი მოხდა უკვე 1 ოქტომბერს'', - აღნიშნა პრემიერმინისტრმა. 

ივანიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილისთვის დაგეგმილი აქციის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მუხტი უნდა იყოს ობიექტური და რეალური ''და არა ის, რის დახატვასაც ცდილობს სააკაშვილი''.   

''უგულავას დასაცავად რომ გამოვიდნენ იქ დათვალეს 350 ადამიანი, მე ვფიქრობ, 19 აპრილამდე უკეთეს შემთხვევაში მათ ნახევარს შეინარჩუნებენ, თუ შედგება საერთოდ 19 აპრილი'' , - განაცხადა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშილმა განმარტა, რომ ტელეკომპანია იმედს ხვალ ინტერვიუს მისცემს, სადაც უფრო ვრცლად ისაუბრებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. 

შეგახსენებთ, დღეს კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა და პრემიერმა, მედიისთვის განცხადებები ცალ-ცალკე გააკეთეს.

კომენტარები