საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი სამეურვეო საბჭომ გადააყენა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ, არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, როგორც საბჭოს წევრები განმარტავენ, დირექტორი არხზე შექმნილი დაძაბული და არაჯანსაღი კლიმატის ვერაღკვეთისთვის გაათავისუფლეს.

საბჭომ საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ხათუნა ბერძენიშვილსაც მოუსმინა, თუმცა სამსახურში აღდგენა მის კომპეტენციაში არ არის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან პირველ მარტს, გენერალურმა დირექტორმა ბარათაშვილმა გაათავისუფლა.

თავად ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

„ბარათაშვილი რამდენჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო, თუმცა რატომ არ უნდა გასულიყო ეთერში, პასუხი არ ჰქონდა. ამან დააჩქარა ის პროცესი, რაც ჩემთან დაკავშირებით ბოლო ერთ თვეში მიმდინარეობდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, „არის შეკითხვა, რა შეიძლება არ მოსწონდეს მას, როცა მოამბეში ყველა მხარის პოზიცია და ინტერესი დაფიქსირებულია? მისი სურვილი იყო, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა საკითხი, რომელიც ახალი ხელისუფლების ქმედებებს უკავშირდება, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში განხილულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ეს არაა კერძო ტელევიზია და არის საზოგადოებრივი მაუწყებელი".

ბერძენიშვილმა გათავისუფლების დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართა და აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები