საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენდირექტორის გადაყენებას განმარტავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, არხის გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"ა.წ. 4 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში.

ყოველივე ამას ორივე მხრიდან მოჰყვა განცხადებებისა და ბრალდებების გაცვლა როგორც მაუწყებლების ეთერის, ისე სოციალური მედიის გამოყენებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვაა.

აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭომ ვალდებულად ჩათვალა, განეხილა ზემოთ აღნიშნული საკითხი. საბჭომ მოისმინა ორივე მხრის არგუმენტები, რის შემდეგაც საბჭოს წევრების მოთხოვნით, მაუწყებლის შესახებ კანონის 321 მუხლის, 1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

მაუწყებლის შესახებ კანონის 321 მუხლის, 3 პუნქტის თანახმად, საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმენტებით:

• საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს: მიაწოდოს მოასახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია.

• საბჭო ვალდებულია მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია.

• ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი.

• საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნას ინტერპრეტირებული.

• ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა, იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოებრივი ინტერესისთვის საფრთხის შემცველად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თვალყური ადევნონ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს", - ნათქვამია ლევან გახელაძის განცხადებაში.

 

კომენტარები