ეკონომიკური ზრდის შეცვლილი პროგნოზი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო (საქსტატი) ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. ამ ანგარიშში ყველაზე საინტერესო 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებია. თებერვლის პროგნოზით ეკონომიკა 2.5%-ით მცირდებოდა, მარტის პროგნოზით კი ზუსტად ამდენივეთი გაიზარდა. ეკონომისტები, რომლებიც საქსტატის მონაცემებს რეგულარულად ეცნობიან, ამბობენ, რომ ამხელა სხვაობა სტატისტიკურ მონაცემებში მათ ბოლო წლებში არ ახსოვთ. საქსტატი ვებგვერდზე უარყოფითი ეკონომიკური ზრდის მონაცემის განთავსებას უარყოფს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 0.8%-ით, ხოლო 2012 წლის მეოთხე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2012 წელს მშპ 6.1%-ით გაიზარდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ცომაია და ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის ვებგვერდზე თებერვალში განთავსებულ ოფიციალურ ინფორმაციას პირადად გაეცნენ და მაშინ ზრდის პროგნოზი უარყოფითი იყო. კერძოდ, მშპ-ის რეალური ზრდა აქტუალური: 2012 წელი - 6.1%. აქედან, I კვარტალი: 6.7%, II კვარტალი: 8.2%, III კვარტალი: 7.5%, IV კვარტალი: -2.5%.

აკაკი ცომაიას თქმით, საქსტატმა „ან მაშინ დაუშვა შეცდომა ან - ახლა“, რადგან „შეუძლებელია, რომ მონაცემებმა ამხელა სხვაობა მისცეს“.

პაატა შეშელიძე ამბობს, რომ თუ მთავრობას დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მიღწევა სურს, პოლიტიკა უნდა შეცვალოს, რადგან ახალი სახელმწიფო ფონდები და პროგრამები მხოლოდ შეზღუდავენ კერძო ინვესტიციებს და გზას გაუხსნიან არამომგებიან ინიციატივებს: „დოვლათის გადანაწილებით, მისი გამრავლება არ ხდება“.

საქსტატში განმარტავენ, რომ ვებგვერდზე ასეთი ინფორმაცია განთავსებული არ ყოფილა. წინასწარი მონაცემებით, მეოთხე კვარტალში ზრდა დადებითი იყო. როგორც საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, „ეს ნამდვილად შეცდომაა და შეუძლებელია ასე ყოფილიყო, -2.5%-დან 2.7%-მდე გაზრდილიყო. მცირე სხვაობებს კი მონაცემების დაკორექტირება იწვევს“.

როგორც საქსტატი განმარტავს, ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი მონაცემები, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სტატისტიკის - დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე იანგარიშება. იმ სფეროებში, სადაც არ მოიპოვება ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. ამიტომ როცა რეალური კვარტალური გაანგარიშებები კეთდება, ისინი წინასწარი შეფასებისგან შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. განსხვავება შეიძლება წინა თვეების დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირებამაც გამოიწვიოს. ეს კი თავის მხრივ რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლები, რომლებსაც საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას ეყრდნობა დეკემბრის თვისაა. მათ მიხედვით, ახლადრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 37.3%-ით შემცირდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა - 4.3%-ით. ამასთან, თებერვალში საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები აჩვენებდა, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად იყო შემცირებული - ექსპორტი საშუალოდ 12%-ით, ხოლო იმპორტი - 9%-ით. დეკემბერში ექსპორტის მაჩვენებელი -21.5% იყო. ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის კლება ასეთი მასშტაბური არ ყოფილა, იმპორტის მაჩვენებლებიც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად იყო უარყოფითი. ეს მონაცემები საქსტატის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაში მოყვანილი არ არის.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით უნდა გაიზარდოს. მთავრობის პროგნოზი უფრო მაღალი - 6%-ია.

კომენტარები