დიდი ბრიტანეთი

ევროკავშირიდან გასვლის საკითხს ბრიტანეთი რეფერენდუმით გადაწყვეტს

0 კომენტარი

გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლებელია ევროკავშირი დატოვოს. მსგავსი პროგნოზები განსაკუთრებით რეალური ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი ბრიტანელებს ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.

ევროსკეპტიკური განწყობები ბრიტანეთისთვის ისტორიულადაა დამახასიათებელი, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა ისინი კიდევ უფრო გაამძაფრა. 2008 წელს დაწყებული ევროზონის კრიზისი მოგვიანებით საერთოევროპულ ეკონომიკურ კრიზისად იქცა და ბრიტანეთზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. შიდა სირთულეების ფონზე, ბრიტანელ ამომრჩეველს არ სურს სამხრეთევროპელი წევრების ეკონომიკური დახმარების პროექტებში მონაწილეობა.

2011 წლის გამოკითხვებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს ევროგაერთიანების დატოვება სურდა. ამასთანავე, ტრადიციულად, არაპოპულარულმა ევროსკეპტიკურმა დამოუკიდებლობის პარტიამ რეიტინგით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ფონზე, 2015 წლის საყოველთაო არჩევნების წინ, კამერონმა ამომრჩევლის გულის მოგება სცადა, კონკურენტებს დაასწრო და რეფერენდუმზე ალაპარაკდა.

ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები ბრიტანეთისთვის ორ განსხვავებულ ალტერნატივას: ნორვეგიისა და შვეიცარიის მოდელებს განიხილავენ. ნორვეგია შენგენის შეთანხმებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრია. ეს უკანასკნელი ევროკავშირის სამ არაწევრ ქვეყანას საერთო ევროპულ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას აძლევს. თავის მხრივ, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტაინს ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის რატიფიცირება ევალებათ. გამონაკლისია სასოფლო სამეურნეო და თევზჭერის პოლიტიკა. ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის სანაცვლოდ, ნორვეგიას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შენატანების გარდა, ასობით ევროდირექტივის დანერგვაც უწევს, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ იღებს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ნორვეგიელთა 50-70% სრული წევრობის წინააღმდეგია. ნორვეგიელმა მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანება რეფერენდუმზე ორჯერ უარყო.

განსხვავებულია შვეიცარიული მოდელი, რომელიც ორმხრივ ხელშეკრულებებს ეფუძნება. შვეიცარია დიდ ბრიტანეთთან ერთად ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი იყო. ასოციაცია 6-წევრიანი ევროპული გაერთიანების მიღმა დარჩენილმა შვიდმა სახელმწიფომ 1960 წელს დააარსა და ორგანიზაციის უპირველესი მიზანი სამრეწველო პროდუქციაზე საბაჟო ბარიერების გამარტივება და ვაჭრობის ხელშეწყობა იყო. ასოციაციას, ევროგაერთიანებისგან განსხვავებით, საერთო საგარეო ვაჭრობის ტარიფი არ შემოუღია, რაც წევრ ქვეყნებს მესამე მხარეებთან ვაჭრობის რეგულირებისას მეტ თავისუფლებას უტოვებდა.

მოგვიანებით, ასოციაციის წევრთა ნაწილი, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიც, ევროკავშირს შეუერთდა. დარჩენილი ოთხი წევრიდან სამი ევროპის ეკონომიკურ ზონაში გაერთიანდა, შვეიცარიამ კი ევროკავშირთან ურთიერთობების დამოუკიდებლად გაგრძელება არჩია. შედეგად, კონფედერაციამ ასობით ორმხრივი შეთანხმებით მოახდინა ცალკეული სფეროების ჰარმონიზირება ევროკავშირის სტანდარტებთან ისე, რომ არც ევროგაერთიანების საბიუჯეტო ტვირთი დააწვა, არც საერთოევროპული ბიუროკრატიით შეფერხდა და არც მესამე მხარეებთან დამოუკიდებელი ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვები შეეხო. ევროკავშირში ექსპორტის დროს შვეიცარიას ისევე უწევს საერთოევროპული სტანდარტების გათვალისწინება, როგორც, მაგალითად, ბრაზილიასთან ვაჭრობისას იქაური წესების დამორჩილება.

ბრიტანელი ევროსკეპტიკოსები სწორედ შვეიცარიულ მოდელზე აპელირებენ და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო შენატანისგან (2011 წელს 7,3 მილიარდი ევრო) და საერთო სანაოსნო, სათევზაო, შრომითი და სხვა სახის რეგულაციებისგან გათავისუფლება ბრიტანეთის ეკონომიკის აყვავებას შეუწყობს ხელს. საგადასახადო ტვირთის შესამცირებლად, სამეფოს შეეძლება ევროპის საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს. ორგანიზაცია ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრს, ასევე, ანდორას, სან მარინოს, მონაკოსა და თურქეთს აერთიანებს. წევრები ერთმანეთში ვაჭრობის დროს საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებიან, მესამე მხარეებთან ურთიერთობაში კი ერთიან ტარიფს აწესებენ.

ეკონომიკური ზრდის შანსებთან ერთად, ევროკავშირიდან გასვლა უდიდეს საფრთხეებსაც შეიცავს. პირველ რიგში, ბრიტანეთს არ აქვს არანაირი გარანტია, რომ ლონდონის კაპრიზებით განაწყენებული ევროგაერთიანება მასთან შვეიცარიის მსგავს განსაკუთრებულ პირობებზე შეთანხმებას მოისურვებს. ასე რომც მოხდეს, ყველა საკითხზე ორმხრივი ხელშეკრულების მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდება, ამ დროს კი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საერთო ბაზარს იქნება მოწყვეტილი.

დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი ბრიტანეთის უდიდესი (იმპორტ-ექსპორტის 50%-ზე მეტი) სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების შედინებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ კაპიტალის თავისუფალი ბრუნვის პირობებში, ბრიტანეთს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე უფრო ლიბერალური ბიზნესგარემო აქვს. საერთო ბაზრის დატოვება ბრიტანეთისთვის ფინანსური კატასტროფის ტოლფასი იქნება.

გარდა ამისა, ევროგაერთიანების მმართველობითი ორგანოებიდან მოწყვეტის შემთხვევაში, ბრიტანეთს მაინც მოუწევს ევროკავშირთან ვაჭრობისთვის გაერთიანების წესების დამორჩილება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ შექმნაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ასევე საეჭვოა, თუ რამდენად მოახერხებს ბრიტანეთი მოგებიანი პირობების მიღწევას მსოფლიოს დიდ ეკონომიკურ ბლოკებთან ინდივიდუალურ სავაჭრო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების შემთხვევაში.

თავის მხრივ, ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირსაც. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფინანსური ცენტრი გაერთიანების გარეთ აღმოჩნდება და ევროპული ფინანსური ბაზრის დაყოფის, შიდა კონკურენციისა და არასტაბილურობის რისკს გაზრდის.

ასევე, აშშ-თან განსაკუთრებული ურთიერთობისა და პრინციპული საგარეო პოლიტიკური პოზიციების წყალობით, საერთაშორისო არენაზე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მოწინავე პოლიტიკური ძალაა. ბრიტანეთის გასვლა საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთშეთანხმებული მმართველობისა და სხვა ქვეყნების ინტერესების ხელყოფის რისკსაც შექმნის.

ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლა განსაკუთრებით დააზარალებს იმ წევრებს, რომლებიც კიდევ უფრო ღრმად ინტეგრირებული ევროზონის გარეთ დარჩებიან და ბრიუსელის დირექტივებისა და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უპირობო დანერგვა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობის აზრით, დევიდ კამერონს ევროკავშირის დატოვება რეალურად არ სურს და რეფერენდუმზე საუბარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა.

კამერონმა ბევრი ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის საერთო ევროპული ბაზრის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე და მოსახლეობის წინაშე შუალედური პოზიციით წარდგა: სამეფო დაიწყებს ევროკავშირთან გაუმჯობესებულ პირობებზე დიალოგს, კერძოდ, ძალაუფლების ბრიუსელიდან ლონდონში დაბრუნების, ევროდირექტივების ბრიტანეთზე გავრცელების შეზღუდვის და სამართლებრივ და საბიუჯეტო საკითხებში მეტი დამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით. ამ მოლაპარაკებებისა და ევროზონის

სტაბილიზაციის პროცესის კვალდაკვალ, ბრიტანელ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, უკეთ დაფიქრდეს და 2017 წელს გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

შეიცვლება თუ არა უახლოეს წლებში ბრიტანელების ანტიევროპული სენტიმენტები, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუკი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მსოფლიო ომებით გადაღლილი საფრანგეთისა და გერმანიისთვის ევროკავშირი პოლიტიკური სტაბილურობის ქვაკუთხედად მოიაზრებოდა, ბრიტანელებს ევროკავშირში გაერთიანება ძირითადად ამ ორი ძალის გასანეიტრალებლად და ეკონომიკური ფაქტორების გამო სურდათ.

ლონდონში სტრატეგიულ პოლიტიკურ პრიორიტეტად ანგლოსაქსური წარმოშობის ინგლისურენოვანი ერების განსაკუთრებულ ურთიერთობას და ტრადიციულ ბრიტანულ იზოლაციონიზმს მიიჩნევდნენ, ხოლო ევროგაერთიანებას სიფრთხილით უყურებდნენ. ჯერ კიდევ 1944 წელს, უინსტონ ჩერჩილმა საფრანგეთის ლიდერს, შარლ დე გოლს განუცხადა, რომ ევროპასა და ღია ზღვას (აშშ-ს) შორის არჩევანის საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ამ უკანასკნელს მიანიჭებდა უპირატესობას.

ოცი წლის შემდეგ, როდესაც კუნძულოვანმა სამეფომ ევროპულ ეკონომიკურ გაერთიანებაში შესვლა დააპირა, შარლ დე გოლმა ეს ინიციატივა დაბლოკა. შედეგად, გაერთიანებული სამეფო ეკონომიკურ ბლოკში მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაწევრიანდა. კონსერვატიული მთავრობის ამ გადაწყვეტილებას 1975 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობის 2/3-მა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში არასდროს შეწყვეტილა კამათი ევროგაერთიანების ავკარგიანობაზე. მარგარეტ თეტჩერი 80-იან წლებში ბრიუსელისთვის დელეგირებული ძალაუფლების ვესტმინსტერში დაბრუნებას ცდილობდა და მიიჩნევდა, რომ „გაერთიანებული ევროპა კლასიკური უტოპიური პროექტია”.

90-იან წლებამდე ევროპაში ხდებოდა საზღვრების წაშლა და სავაჭრო ბარიერების გაუქმება, რასაც ბრიტანელი კონსერვატორები მიესალმებოდნენ. მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა 1992 წელს, როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულებით საერთო სავალუტო ზონასა და ცენტრალიზებულ მმართველობით აპარატს ჩაეყარა საფუძველი. ევროკავშირი ეკონომიკური ბლოკიდან გადაიქცა ცენტრიდან მართულ პოლიტიკურ ინსტიტუტად საერთო საგარეო, უსაფრთხოების, სასამართლო სისტემითა და ერთიანი ვალუტით. წევრ ქვეყნებს ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირება ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსასამართლოსთვის მოუწიათ.

ბრიტანეთმა მოახერხა მაასტრიხტის ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროზონაში შესვლის გარეშე, თუმცა ბრიუსელის რეგულაციები მაინც დიდ ტვირთად დააწვა. 2009 წელს, ლისაბონის ხელშეკრულებით, მოხდა ევროკავშირის კიდევ უფრო ცენტრალიზაცია და შესუსტდა წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლება. თუკი მანამდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა კონსენსუსით მიიღებოდა, ლისაბონის შეთანხმებამ საგრძნობლად გააფართოვა კვალიფიციური უმრავლესობით მისაღებ გადაწყვეტილებათა არეალი. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა შეუსუსტდა. ამ პერიოდიდან კიდევ უფრო გამძაფრდა ბრიტანელთა ევროსკეპტიციზმი, რომელიც დღეს ევროგაერთიანებიდან გასვლის რეალურ შანსად გადაიქცა.

ამ ფონზე, კამერონის გამოსვლა მკაცრად შეაფასეს საფრანგეთსა და გერმანიაში. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამორიცხეს ბრიტანეთთან მხოლოდ ცალმხრივად სასარგებლო მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

რაც შეეხება კერძო სექტორს – ვირჯინ გრუფის, ლონდონის საფონდო ბირჟისა და სხვა ბიზნესლიდერებმა გააკრიტიკეს რეფერენდუმის 2017 წელს ჩატარების შემთხვევაში დარჩენილი გრძელი გაურკვევლობის პერიოდი, რაც ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება.

როგორც ჩანს, დევიდ კამერონი გეგმავს, ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში ბრიტანეთისთვის სასარგებლო პოზიციის გატანით საკუთარი იმიჯიც აიმაღლოს და რეფერენდუმზე ევროგაერთიანებაში დარჩენაც უზრუნველყოს. გაამართლებს თუ არა „მოდერნიზატორი კონსერვატორის” რისკი, დრო გვიჩვენებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები