პოლიტიკა

„ფინლანდიზაციის” პერსპექტივით

0 კომენტარი

...ბიძინა ანგელოზი არავის ჰგონია, ის არის პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც დააბალანსებს რუსეთთან ურთიერთობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია.

სოციალური ქსელების ერთ-ერთი

მომხმარებელი ქალბატონი

უკანასკნელ ხანს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გახმოვანებულმა წინააღმდეგობრივმა გზავნილებმა გარკვეული ეჭვები წარმოშვეს მმართველი გუნდის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად რიგი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, სომხეთის მისამართით წარმოთქმული კომპლიმენტები და დასავლეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ბალანსის დაცვის აპოლოგირება, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის პოლიტიკური გემოვნების უტყუარ მანიშნებლად უნდა გვესახებოდეს. შესაბამისად, სახელმწიფოს მართვისა და საგარეო ორიენტირების მონიშვნის პროცესისას პრემიერისთვის უზენაესი თვისებაა – პრაგმატიზმი. აკი, შეგვახსენა კიდეც ამასწინათ დავოსიდან, რომ თუ ცხოვრებაში რაიმესთვის მიუღწევია, პირველ რიგში, პრაგმატული ხედვის წყალობით. ამ თვალსაზრისით, ბალანსის დაცვის ფილოსოფიის საუკეთესო გამხმოვანებლად შესაძლოა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მივიჩნიოთ: „თუ აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა უნდა, კეთილი უნდა ინებოს და რეალური ფული დახარჯოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. თუ რუსეთს უნდა კეთილმეზობლობა და კეთილგანწყობა, მათაც ფული უნდა დახარჯონ საქართველოში და ჩვენ ამ ძალების ლეგალიზებას და ჯანსაღ, ღია კონკურენციას მოვახდენთ”.

„ისტორიულ” ჭრილში საქართველოს დღევანდელი პრემიერის „პრაგმატიზმისა” და, ამავდროულად, სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითია მისი მონაწილეობა 1990-იანი წლების რუსეთის პოლიტიკურ პროექტებში. ბევრი თქმულა ივანიშვილის მიერ გარდაცვლილი რუსი გენერლის, 9 აპრილის ჯალათის, ალექსანდრ ლებედის ფინანსურ მხარდაჭერაზე, თუმცა ბ-ნი ბიძინა ამ ყოველივეს უარყოფს. კონსპირაციული თეორიებით ხელმძღვანელობა უმადური საქმიანობაა, ამიტომ შევეშვათ გენერალ ლებედს და მივუბრუნდეთ რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ბორის ელცინს, რომლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილი არათუ უარყოფს, არამედ ამ ფაქტით თავს იწონებს კიდეც: „მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც აფინანსებდა ამ არჩევნებს და მივიჩნევ, რომ გადამწყვეტი და შედეგიანი სვლები გავაკეთე... ამ დროს მთელი დემოკრატიული სამყარო, ფარულად თუ ღიად, ბორის ელცინის კანდიდატურას უჭერდა მხარს. აი, იქ ვიდექი მეც”, განაცხადა ჯერ კიდევ დამწყები პოლიტიკოსის რანგში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველსავე პრესკონფერენციაზე.

1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთისა და დასავლეთის ლიბერალური წრეების მხრივ ელცინის მხარდაჭერის შესახებ ბ-ნი ივანიშვილი ჭეშმარიტებას ამბობს. ასევე ძნელია იმხანად რუსეთში მცხოვრები ფინანსისტის ბიძინა (ბორის) ივანიშვილის გამტყუნებაც, ვინაიდან ელცინის მარცხისა და, შესაბამისად, კომუნისტი გენადი ზიუგანოვის გამარჯვების შემთხვევაში, მის სოლიდურ კაპიტალს ხიფათი დაემუქრებოდა. თუმცა, თუკი ვისაუბრებთ არა კერძო ფინანსისტ, არამედ პოლიტიკოს ივანიშვილზე, უკვე სხვა ტიპის პრობლემასთან გვექნება საქმე.

სრულიად აშკარაა, რომ ბორის ელცინი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდანვე მისი დაუძინებელი მტერი იყო. ელცინი უშუალოდ მონაწილეობდა უკლებლივ ყველა იმ ნეგატიურ მოვლენაში, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს 1990-იან წლებში, დაწყებული საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებით და დამთავრებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლით. პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო პუტჩში რუსეთის როლზე მეტყველებს თუნდაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების იმდროინდელი ხელმძღვანელის, სუფიან ბეპაევის აღიარება: „1991 წლის 24-28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს” („მოსკოვსკიე ნოვოსტი”, 1992 წ. 15 დეკემბერი). შესაბამისად, ელცინის მიერ ინსპირირებული (ან, თუნდაც, მხარდაჭერილი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალისმიერი დამხობა, რასაც მოჰყვა მშვიდობიან მომიტინგეთა სისტემატური დახვრეტები, კრიმინალური ტერორი, ეკონომიკის კოლაფსი, ქვეყნის სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნა, „მხედრიონის” სადამსჯელო ექსპედიციები დასავლეთ საქართველოში და სეპარატისტული ტენდენციების გამწვავება, უმძლავრესი დარტყმა იყო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

ცალკე თემაა რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის როლი აფხაზეთის კონფლიქტში. რომ არაფერი ვთქვათ ელცინსა და შევარდნაძეს შორის „მიღწეულ” შეთანხმებათა სერიაზე (მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრისა და 1993 წლის 14 მაისის, ასევე სოჭის 27 ივლისის შეთანხმებები), რომლებსაც, როგორც წესი, მოჰყვებოდა ხოლმე სეპარატისტთა იერიშები და განიარაღებული ქართული შენაერთების მიერ პოზიციების დათმობა.

რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო” საქმიანობაზე თვით რუსი ჩინოსნების მიერ გაკეთებული აღიარებებიც მეტყველებს. კონფლიქტის პერიოდში რუსეთის გენერალური შტაბის ექსპერტ-მრჩევლის, მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ვიქტორ ბარანეცის მტკიცებით, მოსკოვი იმ დროს სამხედრო მხარდაჭერას ორივე მხარეს უწევდა და ამრიგად „მართვადი კონფლიქტის” პირობებს ქმნიდა. ომის კრიტიკულ დღეებში კრასნოდარის ოლქის ვიცეგუბერნატორის, ანატოლი ტრავნიკოვის ბრძანებით, დაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი რუსეთთან, რამაც არ მისცა საშუალება მშვიდობიან მოსახლეობას დაეტოვებინა კონფლიქტის ზონა. ამავე დროს, იგივე ტრავნიკოვი ორგანიზებას უწევდა აფხაზეთში ყუბანელი კაზაკების გადაგზავნას ამ უკანასკნელთა საბრძოლო ოპერაციებში სეპარატისტთა მხარეს მონაწილეობის მიზნით. და რაც მთავარია, 1993 წლის სექტემბერში ქართული შენაერთების განიარაღების კვალობაზე სოხუმის გარდაუვალი დაცემის პერსპექტივისას, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმა უარი თქვა მხარეთა ძალისმიერ სეპარაციაზე და ამ მხრივ, გზა გაუხსნა აფხაზებს ქალაქის დაკავებისკენ. ცხადია, მსგავსი ქმედებები რუსეთის უზენაესი ხელისუფლის ნებართვის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

დიდ ეჭვებს იწვევს რუსეთის სპეცსამსახურების როლი აფხაზეთის ომში ჩეჩნური შენაერთების მონაწილეობის მხრივაც. ცნობილია, რომ ჩეჩნეთი და აფხაზეთი ტერიტორიულად ერთმანეთს არ ესაზღვრებიან. შესაბამისად, ჩეჩნურ შენაერთებს აფხაზეთში მოსახვედრად რუსეთის ფედერაციის რამდენიმე სუბიექტი უნდა გაევლოთ. ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფედერალურ ცენტრსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იყო ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, შეიარაღებულ ბოევიკთა დაუბრკოლებელი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს შეიარაღებული რაზმები მაინც ახერხებდნენ ყარაჩაევო-ჩერქეზეთის გავლით აფხაზეთში შეღწევას. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ანატოლი კულიკოვი თავის მემუარებში („Тяжелые звезды”) იხსენებს, რომ ქალაქ პიატიგორსკის მიდამოებში ჩეჩენ ბოევიკთა რაზმს ალყა შემოარტყა რუსულმა სპეცრაზმმა და მზად იყო მის განსაიარაღებლად, მაგრამ უკანასკნელ მომენტში „ზევიდან მოვიდა ბრძანება: გაატარეთ”.

რაც შეეხება ყველაზე ცნობილი ჩეჩენი ბოევიკის, შამილ ბასაევის აფხაზეთის ომში მონაწილეობას, რიგი ექსპერტების აზრით, ბასაევი ფედერალური სპეცსამსახურების უშუალო მფარველობით სარგებლობდა. ომის დასაწყისში უბრალო ოცეულის მეთაურ ბასაევს, 1992 წლის ოქტომბრისთვის სეპარატისტებმა გაგრის ფრონტის სარდლობა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ჩააბარეს.

რუსი გენერლის, გენადი ტროშევის მონაყოლით („Моя война. Чеченский дневник окопного генерала”), ბასაევის შენაერთები აფხაზეთის ომში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: „1993 წლის შემოდგომაზე გაგრისა და ლესელიძის მიდამოებში „მთავარსარდალი” თავად ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ოპერაციებს. აწამეს და დახვრიტეს რამდენიმე ათასი ქართველი. ამოჟლიტეს ასეულობით რუსული, სომხური და ბერძნული ოჯახი”. თვით რუსი სპეცრაზმელების მტკიცებით (სპეცრაზმის ოფიცერი კონსტანტინ ნიკიტინი და ФСБ-ს ჩინოსანი ალექსანდრ მიხაილოვი), შამილ ბასაევი სამხედრო-დივერსიულ მომზადებას მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) მაიკოპის ბაზაზე, ამავე უწყების ოფიცრების ხელმძღვანელობის ქვეშ გადიოდა. იმავეს აცხადებდა 1999 წელს ინგუშეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, გენერალ-მაიორის წოდების მქონე რუსლან აუშევი: „აფხაზეთში ოპერაციები ГРУ-ს დაგეგმარებით ხორციელდებოდა. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ბასაევი თანამშრომლობს ამ სტრუქტურასთან”.

უკვე ხსენებულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატის, ბორის ელცინის, დაფინანსებას არა პირადი ბიზნესის საჭიროებით (ყოველ შემთხვევაში, მას ეს მომენტი არ უხსენებია), არამედ საქართველოს სასიკეთოდ გაკეთებული პრაგმატული გათვლით ხსნიდა: „ბორის ელცინის გამარჯვებით საქართველოსაც მიეცა საშუალება, უკან აღარ დაბრუნებულიყო”. მართლაც, შესაშური პრაგმატიზმია ელცინისა და შემდგომ მისი პროტეჟეს, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებით განხორციელებული ქმედებების ფონზე.

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ გარკვეული დათმობების ფასად დაბალანსებული პოლიტიკის წარმართვა „ფინლანდიზაციად” იწოდება ხოლმე. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფინეთმა, სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით, სსრკ-ის სასარგებლოდ უარი თქვა საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე, საიდანაც მოახდინა 400 ათასი მოქალაქის ევაკუაცია და მოაწერა ხელი 1948 წლის ხელშეკრულებას „თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ”.

შეთანხმების შედეგად ფინეთმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა დამოუკიდებელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, მეორე მხრივ კი, ტერიტორიებთან ერთად დათმო საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი. (იკრძალებოდა „ანტისაბჭოთა” დასავლური ფილმები და ლიტერატურა, სსრკ-ს გადაეცემოდნენ გამოქცეული მოქალაქეები, ზედმეტი იყო ლაპარაკი რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე). თუმცა „ფინლანდიზაცია” პირველ რიგში ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს. არადა, ეროვნულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარის არსებობა თავისთავად გამორიცხავს მსგავს ნეიტრალიტეტს. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ კრემლის „პრაგმატული” გათვლები საქართველოსთან მიმართებით, რაც პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბაზების დაკანონებას უნდა გულისხმობდეს, არა იმდენად „ფინლანდიზაციის”, რამდენადაც „არმენიზაციის” პროცესს გვპირდებოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები