საქართველოს პარლამენტი

ნაგვისა და დენის გადასახადების გამიჯვნაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტმა დეპუტატ თინა ხიდაშელის ორი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პირველი - საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვას, ხოლო მეორე - დენისა და ნაგვის გადასახადის გამიჯვნას ეხებოდა. 

 კანონპროექტები ადგილობრივი თვითმმართველობისა და დედაქალაქის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. პირველი პროექტის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება.

მეორე კანონპროექტით კი ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი წესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა. 

კომენტარები