გამოძიება

დავით საყვარელიძე: დაკითხვაზე ჩემი დაბარება ერთიან კომპლექსში უნდა განიხილო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დღეს, 7 მარტს, 15:00 საათზეა დაბარებული. საყვარელიძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. 
ტაბულასთან საუბარში დავით საყვარელიძე მის დაკითხვაზე დაბარებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობას უკავშირებს და განმარტავს:
"ეს ყველაფერი ერთიან კომპლექსში უნდა განიხილო. ბოლო ორი კვირაა დოკუმენტურ ფილმებს მიძღვნიან. ერთ-ერთ პატიმარს ისიც კი ათქმევინეს, რომ, თითქოს მე, ახალაიასთან ერთად, მას ვაწამებდი; საწერ კალამს ვურჭობდი ჭრილობაში. მათ მედიასაშუალებებში ასევე აქტიურად განიხილავენ ჩემი და დედაჩემის ქონებრივ დეკლარაციებს. მაშინ როდესაც ჩემი დაკითხვა რიყის თემაზე აღარ არის მიზანშეწონილი (რადგან პროცესი უკვე მიმდინარეობს), ახლა ცდილობენ ახალი ბრალდებების შეთითხვნას. მიმდინარეობს დაშინების პოლიტიკა და დისკრედიტაციის მცდელობა. იმას მაინც არ ითვალისწინებენ, რომ ამდენი ხანი ვიმუშავე ამ უწყებაში და მინიმუმ ის მაინც მაცნობონ, რა საკითხზე მიბარებენ", - განაცხადა დეპუტატმა.  
Facebook-ის საკუთარ გვერდზე საყვარელიძემ უწყება ატვირთა, რომელშიც მითითებულია, რომ მას სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი ზურაბ სამადაშვილი იბარებს.
საყვარელიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იგი პატივს სცემს იმ უწყებას, სადაც თავად უმუშავია და იმ გამომძიებლებსა და პროკურორებს, რომლებსაც "აწვალებენ და ასეთ სისულელეებს აკეთებინებენ". სწორედ ამიტომ, დეპუტატი აცხადებს, რომ იგი მზადაა, არასასესიო საათებში, გამოძიების კითხვებს პარლამენტში უპასუხოს.  

კომენტარები