ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები ივანიშვილს: ნუ დამარხავთ საქართველოს ევროპულ მომავალს

ევროპარლამენტის 23 წევრმა საქართველოს პრემიერმინისტრს ღია წერილი მისწერა. წერილში ევროპარლამენტარები პარლამენტის წევრებზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ.

ევროპარლამენტარების თქმით, პრემიერმინისტრის მიერ პრეზიდენტისთვის მიწერილი ღია წერილიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოში მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს იძლევა და თუ ქვეყანაში დემოკრატიის დონე დაიწევს, პასუხისმგებელი საქართველოსთვის ევროკავშირის კარის დაკეტვაზე ივანიშვილი იქნება.

"მიმდინარე ზეწოლა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, გამოცხადებული და მუდმივი ზეწოლა სასამართლოზე, ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრესიული რიტორიკა და ბრბოს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირება, ასევე უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება საქართველოს ევროპულ ოცნებას აშორებს", - ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიის დონის დაწევა მხოლოდ მათ გაახარებთ, ვინც ევროპის კონტინენტზე კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გავრცობას ეწინააღმდეგება.

"პარლამენტის ოპოზიციური წევრების გადაბირების აგრესიული კამპანია, მათი დაშინებითა და მათსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული მუქარით, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებებზე", - აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის, მწვანეთა და ევროპის თავისუფალი ალიანსის, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრები. ხელმომწერებს შორის არიან ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ივანიშვილს, არ წაიყვანოს ხელისუფლება ამ მიმართულებით და "არ დამარხოს საქართველოს ევროპული მომავალი".

კომენტარები