თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო შაშკინის მინისტრობის პერიოდში გაწეულ არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს

თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობის პერიოდში ''უწყების მიერ არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს'' ეხება. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის განაცხადებით, საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

"თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გასულ წლებში უწყების ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯების შესახებ. წარმოგიდგენთ საქმეს, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ''ქართული არმიის საწვავი ნაციონალური მოძრაობისთვის'', რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პერიოდს ეხება და რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის საწვავით მომარაგება საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებიდან", - განაცხადა ვაკო ავალიანმა.

ავალიანის განმარტებით, გამოვლენილ ერთ ეპიზოდში, რომელიც სამეგრელოს რეგიონში განხორციელებულ დანახარჯებს შეეხება, ''არამიზნობრივად გამოყენებული იყო თავდაცვის სამინისტროს 22 ათასი ლიტრი ბენზინი და 16 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი, რის გამოც უწყებას 55 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა''.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, სამხედრო პოლიციის უფროსმა კახაბერ ჩიხრაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ბრძანება, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ, გიორგი კალანდაძემ გასცა.

"2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალ გიორგი კერესელიძეს დაავალა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზვიად გაგუას დიზელითა და ბენზინით იმ რაოდენობით უზრუნველყოფა, რა რაოდენობასაც მოითხოვდა ბრიგადის მეთაური. ამასთან, საწვავი უნდა მიეწოდებინათ მუხიანის ბაზიდან ამავე ბაზის ბენზინმზიდებით. გარდა ამისა, მძღოლები უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმული სამოქალაქო ტანსაცმელში, მანქანას კი, მოხსნილი უნდა ჰქონოდა სამხედრო ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი და ის წარმოდგენილი ყოფილიყო სამოქალაქო ნომრებით", - განაცხადა კახაბერ ჩიხრაძემ.

სამხედრო პოლიციის უფროსის განცხადებით, დადგება თუ არა რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი და დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე დიმიტრი შაშკინსა და გიორგი კალანდაძეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები