ვენეციის კომისია

ნაციონალური მოძრაობა: იუსტიციის სამინისტრო ვენეციის კომისის დასკვნაზე სიცრუეს ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობა იუსტიციის სამინისტროს ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის შესახებ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის იმ პუნქტზე, რომლითაც იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლებაა გათვალისწინებული.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გაავრცელა კომისიის დასკვნის პროექტის ნაწილი, რომელშიც კომისია გაუმართლებლად მიიჩნევს იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლებას.

"ვენეციის კომისია, ითვალისწინებს რა იუსტიციის საბჭოს მნიშვნელოვან ფუნქციას, დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური გავლენისგან, არათანმიმდევრულად მიიჩნევს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრულად შეცვლას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ვენეციის კომისია თვლის, რომ იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, რომლებიც ამ სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებისა და ფუნქციონირების მომავალს განსაზღვრავს, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობას დააზარალებს.

იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის დათხოვნა შექმნის პრეცედენტს, რომ ყოველი ახალი მთავრობა ან პარლამენტი შეძლებს ძველი საბჭოს გაუქმებას და ახლის შექმნას, თუ მათ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა არ მოეწონებათ. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ მოკლე ვადაში ხდება, ეს მოქმედება აღძრავს ეჭვს, რომ ხელისუფლების მოტივაციას იუსტიციის საბჭოს მიერ გადასაწყვეტ საქმეებზე გავლენის მოხდენა წარმოადგენს", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში.

აკაკი მინაშვილმა ასევე გაავრცელა კიდევ ერთი მონაკვეთი კომისიის დასკვნის პროექტიდან, სადაც ვკითხულობთ:

"ადვილად გასაგებია სურვილი იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ რგოლებს არ წარმოადგენდეს. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საბჭო სასამართლო ხელისუფლებას სრულად უნდა წარმოადგენდეს, მაშინ არასწორია, სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წევრს აუკრძალო არჩეულ იქნეს წევრად.

ვენეციის კომისია თვლის, რომ პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით - ორი მესამედით უნდა ირჩევდეს საბჭოს წევრებს, იმ მექანიზმების გათვალისწინებით, რომ ჩიხში შესვლა გამოირიცხოს, ან რაიმე სხვაგვარი მეთოდით, რომელიც საბჭოს შემადგენლობაზე ოპოზიციის ზეგავლენას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისია თვლის, რომ საჭიროა [კანონპროექტიდან] ამოღებულ იქნეს მუხლი 2.2, რომლის მიხედვითაც კანონის ძალაში შესვლასთან ერთად "წევრობა უწყდებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა", - ნათქვამია დასკვნის პროექტში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეხება.

უწყება აცხადებს, რომ ვენეციის კომისია დადებითად აფასებს მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესთან დაკავშირებით მომზადებულ დებულებებს.

"ამგვარი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ არადემოკრატიული წესით არჩეული შემადგენლობა უნდა დაექვემდებაროს ახალ, დემოკრატიულ არჩევნებზე დაფუძნებულ წესებს", - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი, აცხადებს: "დასკვნაში პოზიტიურად და პროგრესულად არის შეფასებული ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. კომისია იზიარებს არა მხოლოდ ცვლილებებს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებს და დღეს მათი მიღების აუცილებობას. შეუძლებელია განსხვავებული დასკვნა ყოფილიყო, ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ სასამართოს თავმჯდომარემ წარადგინოს საბჭოს წევრები, რომელთაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არა კონფერენცია, არამედ აღამსრულებეალი კომიტეტი ირჩევს, ჩევნ ვთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეუზღუდავი კენჭისყრის უფლებას, როდესაც არჩევნები ფარულად ტარდება და ყველას აქვს შესაძლებლობა არჩეულ იქნას.
ასევე, პროგრესის და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ჩვენს მიერ შეთავაზებული სხვა დებულებებიც. ამასთანავე, წინააღმდეგობრივ დებულებაზე, რომელიც საბჭოს წევრების მანდატის შეწყვეტას ეხება, ვენეციის კომისია დაეთანხმა ჩვენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დემოკრატიული მოდელის დღევანდელობასთან დაახლოებას და, შესაბამისად, არჩევნების ახალი წესის გამოყენებას იმ პირებთან მიმარებაში, ვინც დანიშნული არიან ადმინისტრაციული საბჭოს მიერ.”

 ვენეციის კომისიის ვებგვერდზე დასკვნის ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები