კონკლავი

ახალი პაპის არჩევნები 12 მარტს დაიწყება

კარდინალთა კოლეგიამ რამდენიმედღიანი თათბირის შემდეგ, ახალი პაპის არჩევნები 12 მარტს დანიშნა. რომის პაპს კონკლავი, იგივე კარდინალთა საბჭო ირჩევს, რაც სიტყვასიტვით „გასაღებით დაკეტილ ოთახს“ ნიშნავს. წმინდა პეტრეს საყდარზე ახალი პაპის არჩევაში 115 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 80 წელი. 

ამომრჩეველ კარდინალთა საერთო რაოდენობიდან უმრავლესობა (58%) პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ დანიშნა, ხოლო დანარჩენი მისმა წინამორბედმა, ნეტარმა იოანე-პავლე მეორემ. კოლეგიაში ყველაზე დიდი ჯგუფი იტალიელებს ეკუთვნით - 28 ამომრჩეველი. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე მრევლის უდიდესი ნაწილი ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს, კარდინალთა ნახევარზე მეტი, 60 ამომრჩეველი, ევროპიდან არის. ლათინურ ამერიკას კი კონკლავზე მხოლოდ 19 წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკას - 14. აფრიკას 11, ხოლო აზიას 10. ავსტრალიას კონკლავზე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს.

პაპის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პრესა და ვატიკანის მიმომხილველები ასახელებენ ე.წ „პაპაბილების“ - საპაპო კანდიდატების სახელებს, თუმცა არავინ იცის ვისზე შეაჩერებენ არჩევანს კარდინალები. განსხვავებით 2005 წლის კონკლავისგან, რომელმაც პაპი ბენედიქტეს არჩევა 1 დღეში შეძლო, წლევანდელი კონკლავი შესაძლოა დიდხანს გაგრძენდეს, რადგან გამოკვეთილი კანდიდატები, რომლებიც ხმათა 2/3-ს  მალევე მოაგროვებენ, არ ჩანან. არჩევნების პროცესი გარე სამყაროსგან მკაცრად იზოლირებულია. კონკლავის დაწყების წინ გაისმის ლათინური ფორმულა “Extra Omnes!” - "ყველა გარეთ!", ეს ნიშნავს, რომ ყველა არაამომრჩეველმა სიქსტეს კაპელა უნდა დატოვოს. პაპის არჩევის შესახებ კარდინალები გარე სამყაროს სიქსტეს კაპელაზე დამაგრებული საკვამურიდან შეატყობინებენ. თუ კვამლი თეთრია - ეს ნიშნავს, რომ კათოლიკე ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს, თუ შავი -  არჩევნები გრძელდება. კვამლს ფერს სპეციალური ნივთიერების საშუალებით აძლევენ. კონკლავის მიმდინარეობისას კარდინალები კენჭისყრას ორჯერ ატარებენ. ბენედიქტე მეთექვსმეტე მეოთხე კენჭისყრაზე აირჩიეს.

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე 28 თებერვალს ოფიციალურად გადადგა, ის "კასტელ-გენდოლფოს" საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფება და "საპატიო პაპის" - "რომის საპატიო პონტიფექსის" ტიტულს ატარებს. გადადგომისას მან განაცხადა, რომ ახალ პონტიფექსს სრულ მორჩილებას გამოუცხადებს.

დამატებით იხილეთ:

 

 

კომენტარები