ამიერკავკასია

ამიერკავკასიის კონფედერაცია

0 კომენტარი

რამდენიც უნდა იმეოროს რუსეთმა, რომ საქართველოში მან პრობლემები მოაგვარა, ის გვერდს ვერ აუვლის სამ ფუნდამენტურ გარემოებას. პირველი ისაა, რომ მის სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კანონიერად მსოფლიოში თითქმის არავინ მიიჩნევს, მისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები კი ამას ოკუპაციას უწოდებენ. მეორე – ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მცდელობის დამამცირებელი ჩაფუშვა, მიუხედვად დახარჯული უზარმაზარი ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსისა. მესამე, ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად საქართველო უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელსაც რუსეთი გეოპოლიტიკურ მტრად აღიქვამს.

მეორე მხრივ, რამდენი ქართული ღვინო და მანდარინიც უნდა გაიყიდოს რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ვერსად გაექცევა „რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ პირობას, რომელიც „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა.

შესაბამისად, რუსეთმა უნდა შეიმუშაოს და საქართველო დაითანხმოს ისეთ გეგმაზე, რომელიც, ერთი მხრივ, ლეგიტიმაციას გაუკეთებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, დე იურე დაანაწევრებს საქართველოს და, ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობას შეუქმნის იმის ილუზიას, რომ რუსეთთან ურთიერთობები „დალაგებული“, ხოლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია.

წინამდებარე წერილში მკითხველი იხილავს რუსეთის შესაძლო გეგმის ელემენტებს. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით ისინი ფიგურირებდნენ რუსეთის წინადადებებში ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მის მიერვე ინსპირირებული კონფლიქტების „მოგვარების“ წინადადებებში, რაზეც ქვევით უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება შესაძლო საფრთხის, აგრეთვე მისი განხორციელების ხელშემწყობი გარემოებებისა და წინაპირობების შესახებ.

როგორც ცნობილია, ინფორმირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე არაინფორმირებულისა.

რუსეთის შესაძლო გეგმის ძირითადი ელემენტები:

•  საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც სამი თანაბარუფლებიანი სუბიექტი, ქმნიან კონფედერაციას. მას შეიძლება ეწოდოს „საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაცია“, ან, უფრო მოკლედ, „ამიერკავკასიის კონფედერაცია“.

  კონფედერაციის კონსტიტუციური მოწყობის გარანტი არის რუსეთი.

  კონფედერაციის სუბიექტები წარმოადგენენ საერთაშორისო სამართალსუბიექტებს – ისინი ორმხრივ დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობებს ამყარებენ უცხოურ სახელმწიფოებთან. წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვა – კონფედერაციას ეკუთვნის.

  სუბიექტს აქვს კონფედერაციის შემადგენლობიდან გასვლის უფლება.

  კონფედერაცია არის დემილიტარიზებული ნეიტრალური სახელმწიფო; არც სუბიექტებს და არც კონფედერაციას არ ჰყავთ შეიარაღებული ძალები, მხოლოდ პოლიცია და საგანგებო სიტუაციათა შენაერთები. კონფედერაცია კონსტიტუციურად არ შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან რომელიმე სხვა სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი.

•  კონფედერაციის კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს კონფედერაციის გაწევრიანებას სახელმწიფოთაშორის არასამხედრო გაერთიანებაში. გაწევრიანებისათვის სავალდებულოა კონფედერაციის სამივე სუბიექტის თანხმობა.

  რუსეთს უფლება ეძლევა თავისი საზღვაო ბაზები განათავსოს კონფედერაციის პორტებში – ბათუმსა და ფოთში.

  კონფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო და საზღვაო ბაზები ავტომატურად იძენენ ლეგალურ სტატუსს. პირველადი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამხედრო ბაზების ყოფნის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას იღებენ ის სუბიექტები, რომელთა ტერიტორიაზეც განთავსებულია ბაზები, ხოლო საზღვაო ბაზების შემთხვევაში – კონფედერაცია.

•  კონფედერაციაში თანაბარ მიმოქცევაშია რუსული რუბლი და კონფედერაციული ლარი.

•  კონფედერაციის სუბიექტები კონფედერაციის უფლებამოსილებათა ნაწილს დელეგირებას უკეთებენ შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ფოსტა, საავტომობილო გზები.

  კონფედერაციის პრეზიდენტი აირჩევა კონფედერაციის პარლამენტის მიერ კონფედერაციის სუბიექტებიდან 2 წლის ვადით, როტაციის წესით.

  კონფედერაციის სუბიექტებს თავიანთი მოქალაქეობა აქვთ; ამის პარალელურად არსებობს კონფედერაციის მოქალაქეობა.

  კონფედერაციის ტერიტორიაზე მოქალაქეები, საქონელი და მომსახურება თავისუფლად მოძრაობენ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სუბიექტების კანონმდებლობით.

•  კონფედერაციის სუბიექტები დამოუკიდებლად წყვეტენ თავიანთი ტერიტორიაზე მოქალაქეთა მუდმივი ბინადრობისა და საკუთრების საკითხებს.

ამ ან მსგავსი გეგმის განხორციელებით რუსეთი მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს: სამხედრო და საზღვაო ბაზების ლეგიტიმაცია, საქართველოს დანაწევრების საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის მოსპობა. რუსეთის ჩანაფიქრით, ეს გეგმა „ქართული ოცნების“ მთავრობასაც მისცემს „სახის შენარჩუნების“ შესაძლებლობას: კონფედერაციის „გარე“ საზღვრები დაემთხვევა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით (ბინადრობისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით), ლარი, როგორც კონფედერაციის ორიდან ერთ-ერთი საგადამხდელო საშუალება და ა.შ.

რამდენად დიდია ამ ან მსგავსი ანტიუტოპიური გეგმის არსებობის ალბათობა და რა ბერკეტები არსებობს მისი განხორციელების თავიდან ასაცილებლად?

ბოლო 22 წლის განმავლობაში რუსეთის ოფიციალურ პირებს და მთავრობასთან დაახლოებულ „ექსპერტებს“ არაერთხელ გამოუთქვამთ წინადადებები, რომლებიც, მათი აზრით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებს „მოაგვარებდა“. „საერთო“, „ერთიანი“ ან „გაერთიანებული“ სახელმწიფოს სახელით ცნობილ ამ წინადადებებს, განსხვავებებთან ერთად, რამდენიმე საერთო ნიშანი ჰქონდა. ესენია: 1. დაფიქსირება იმისა, რომ სახელმწიფო ახლა იქმნება, რეგიონისა და დანარჩენი ქვეყნის შეთანხმებით („დნესტრისპირეთი და მოლდოვა“, „ყირიმი და უკრაინა“, „აფხაზეთი და საქართველო“, „ყარაბაღი და აზერბაიჯანი“); 2. „ახალი“ სახელმწიფოდან რეგიონის გასვლას თავად რეგიონი წყვეტს; 3. „ახალი“ სახელმწიფოს „ნეიტრალური“ ხასიათი; 4. რუსული სამხედრო და საზღვაო ბაზების განთავსების ლეგიტიმაცია.

ყველაზე კონცენტრირებული სახე ამ წინადადებებმა 2003 წელს ე.წ. კოზაკის გეგმაში შეიძინა, რომლის ავტორად პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილე დიმიტრი კოზაკს მიიჩნევა, და რომელიც მოლდოვაში კონფლიქტის მოგვარების საბაბით დნესტრისპირეთის გამოყოფის საფუძველს ამზადებდა. ეს გეგმა ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვორონინმა, საზოგადოების ფართო პროტესტების ფონზე, უარყო.

სავარაუდოა, რომ „ამიერკავკასიის კონფედერაციის“ ან მსგავსი გეგმის შესათავაზებლად რუსეთი ხელსაყრელ მომენტს და გარკვეული პირობების შესრულებას ელოდება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭება, რუსეთის ბაზარზე მისი დამოკიდებულების ზრდა, პოლიტიკური ოპოზიციის მიზანმიმართული დასუსტება, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შერყევა, მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვა – ხელსაყრელი მომენტისთვის დამახასიათებელი თვისებები შეიძლება აღმოჩნდეს.

რაც შეეხება გეგმის ამოქმედების წინაპირობებს, აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ: ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება ან „გამოშიგნვა“, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტის მხარეებად აღიარება, დევნილთა შესახებ გაეროს გენასამბლეის რეზოლუციის გამოხმობა და აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნა. „თაფლაკვერად“, როგორც ჩანს, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება და რუსულ ბაზარზე ქართული საქონლის დაშვება მოიაზრება.

პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკურ კლასს და მთლიანად საზოგადოებას სიფხიზლე, გამჭრიახობა და აქტიურობა მართებთ, რათა არ დავუშვათ მოვლენათა ამგვარი განვითარება. ყველაზე სავარაუდო ადგილი, სადაც ამ ან მსგავსი წინადადებების შემოთავაზება შეიძლება მოხდეს, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებია. მიზეზები ცნობილია: ა) საზოგადოებისთვის უცნობია პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენლის მანდატი, ბ) მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორმხრივ ფორმატში, მიუკერძოებელი მედიატორის მონაწილეობის გარეშე და გ) საზოგადოებისთვის (და, მათ შორის, საქართველოს დიპლომატიური წრეებისთვის) პრაქტიკულად უცნობია მოლაპარაკებების შინაარსი.

საზოგადოების მოთხოვნა უნდა შეჯერდეს შემდეგზე: სრულად გამოქვეყნდეს აბაშიძე-კარასინის „ჰუმანიტარულ-კულტურული“ შეხვედრების შინაარსი, გამოქვეყნდეს ბ-ნი აბაშიძის ოფიციალური მანდატი, ეთხოვოს მედიატორობა შვეიცარიას, როგორც რუსეთ-საქართველოს შორის ოფიციალურ შუამავალს, და დაცულ იქნას მომავალი შეხვედრების სრული გამჭვირვალობა.

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები