NGO

“საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას” აგრუნისთვის ავტორიზაციის გაუქმება გაუმართლებლად მიაჩნია

ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იყო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად  - ”დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა”, - ნათქვამია განცხადებაში. 

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მიაჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება  უმაღლესი განათლების კუთხით სახელმწიფოს დელარირებულ ამოცანებს დააზარალებს.

”მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე ყოფილიყო გარკვეული დარღვევები, რომლებიც ფორმალურად საფუძველს მისცემდა საბჭოს ავტორიზაცია გაეუქმებინა აგრარული უნივერსიტეტისათვის, აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს რა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს, მიგვაჩნია, რომ მის მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებელია. ამგვარი გადაწყვეტილება არათუ ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების კუთხით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ ამოცანების განხორციელებას, არამედ პირიქით, უარყოფით გავლენას იქონიებს დასახულ მიზნებზე. ვთვლით, რომ სახელმწიფოს შეეძლო გამოიყენებინა მის ხელთ არსებული ნაკლებად მძიმე საშუალებანი, რაც დააკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს და, ამავდროულად, გაფანტავდა საზოგადოების ნაწილში გაჩენილ ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები