აგრარული უნივერსიტეტი

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა აგრარული უნივერსიტეტის შესახებ

0 კომენტარი

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში, რომელმაც აგრარული უნივერსიტეტის მიერ ხარვეზების გამოსწორებაზე წარმოდგენილი მასალები შეისწავლა, ნათქვამია, რომ წინა დასკვნაში ასახული რიგი ხარვეზები უნივერსიტეტმა გამოასწორა, ზოგიერთი - ნაწილობრივ, ხოლო გარკვეული ხარვეზები არ გამოუსწორებია.

დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი არ შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებს - მაგალითად, ამ წესის მიხედვით, სტუდენტს სტატუსი ბრძანების გაცემიდან 6 თვეში უწყდება, ნაცვლად მინისტრის ბრძანებით დადგენილი 12 თვისა.

დასკვნაში ასევე საუბარია ორ სტუდენტზე, რომელთაც ოთხი სემესტრი აგრარულ უნივერსიტეტში, ოთხი კი სომხეთის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში გაიარეს. აგრარულმა, სომხეთის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მათ კრედიტები უღიარა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიანიჭა - ისე, რომ ამ ორ სტუდენტმა აღიარების ცენტრში შესაბამისი განაცხადი მოგვანებით შეიტანა და უცხოეთში მიღებული განათლება მოგვიანებითვე უღიარეს. რადგან აღიარება პოსტფაქტუმ მოხდა, მონიტორინგის ჯგუფი აგრარულ უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის დარღვევაში ედავება, სტუდენტების ხარისხს კი ეჭვქვეშ აყენებს.

დასკვნის მიხედვით, კიდევ ერთი პრეტენზია სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გარეშე განხორციელებას ეხება. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, აგრარულის 5- წლიანი აკრედიტაციის ვადა 2011-2012 სასწავლო წლის ჩათვლით მოქმედებდა, უნივერსიტეტმა კი სადოქტორო პროგრამა, აკრედიტაციის გარეშე, 2012-2013 წლებშიც არ შეწყვიტა. ჯგუფმა არ გაიზიარა არგუმენტი, რომ 2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში აგრარულ უნივერსიტეტში დოქტორანტების სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა: ჯგუფის მტკიცებით, უნივერსტიტეტში დოქტორანტი სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობები მაინც ხორციელდებოდა (აღდგენა, დამატებითი სემესტრის განსაზღვრა, ხელმძღვანელის შეცვლა და სხვა).

ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის აზრით, სასწავლო ცხრილები შეუსაბამოა კურიკულუმთან, მაგალითად, აგრარული მიმართულების სტუდენტების ნაწილს არ შეუძლია, გაიაროს „მსოფლიო ისტორიის“ და „ფსიქოლოგიის“ კურსი, თუ იმ ჯგუფში მოხვდება, რომლის სასწავლო პროგრამით ეს კურსები გათვალისწინებული არაა.

დასკვნაში დიდი ნაწილი ეთმობა აკადემიურ პერსონალთან დაკავშირებულ ხარვეზებს - მონიტორინგის ჯგუფის მტკიცებით, ზოგიერთი მათგანი არ ფიქსირდებოდა კონკურსის შედეგებით აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულად, ასევე არ დასტურდებოდა უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ზოგიერთი კონკურსის კანონთან შესაბამისობა და არ იყო წარმოდგენილი პროფესორ-მასწავლებლების პირადი საქმეები. მოყვანილია მაგალითებიც - მათ შორის, ზოგიერთი ლექტორის გვარი არ იძებნება დაწესებულების ვებგვერდზე, თუმცა დაფიქსირებულია რეესტრში; საუბარია შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების წესის დარღვევაზე და რეესტრში ინფორმაციის „დროულად“ ვერშეტანაზე; განსხვავებებზე უნივერსიტეტის ვებგვერდზე ასახულ სტატუსებსა და საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს შორის და სხვა.

მონიტორინგის ჯგუფი ასევე დარღვევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ, მაგალითად, აგრონომიულ ფაკულტეტზე დაინიშნა ორი ადამიანი, მაშინ როცა კონკურსით ერთი ვაკანტური ადგილი იყო გათვალისწინებული.

ამასთან, უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამას ავტორიზაციის მოთხოვნების შეუსრულებლობაში ედავებიან - დასკვნაში წერია, რომ ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება მხოლოდ მოწვეული პერსონალის მიერ, რაც დარღვევაა.

რაც შეეხება მატერიალური რესურსების ნაწილს, მონიტორინგის ჯგუფი ირწმუნება, რომ შენობებში ვერ ნახეს დროებითი სავეტერინარო კლინიკა, ხოლი ზოოვეტერინარული კლინიკა დაკომპლექტების სტადიაზე იმყოფებოდა.

შენიშვნებია გამოთქმული უნივერსიტეტის ვებგვერდთან დაკავშირებითაც, კერძოდ, წერია, რომ იქ განთავსებული არ არის ინფორმაცია აკადემიური პერსონალის შესახებ, არასრულადაა მოცემული ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი და სხვა. საუბარია იმაზეც, რომ არ დასტურდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევების სავალდებულო დაფინანსების არსებობა. ამას გარდა, პრეტენზიებია გამოთქმული სასწავლებლის ბიბლიოთეკის მიმართაც - მაგალითად, მონიტორინგის დროს, ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა იმ ლიტერატურის ელექტრონული ვერსიები PDF ფორმატში, რომელიც ბიბლიოთეკამ პროფესორ-მასწავლებლებისგან სკანირებისთვის ჩაიბარა.

საბოლოოდ, მონიტორინგის სამსახური ასკვნის, რომ აღმოჩენილი ხარვეზები ავტორიზაციის გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს.

რაც შეეხება უშუალოდ ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას, რომლის შედეგად აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, ვებგვერდზე დღის მანძილზე უნდა გამოქვეყნდეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები