აგრარული უნივერსიტეტი

ბენდუქიძე: ჩემთან ბრძოლით ისე გაერთნენ, 2000 სტუდენტზე არც უფიქრიათ

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძე სტუდენტებსა და ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, უნივერსიტეტს არავითარი ხარვეზი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით ყველაფერი მოგონილია. 

 "ამ უნივერსიტეტს ერთი დიდი, მელოტი მსუქანი ხარვეზი აქვს, ეს მე ვარ ამ უნივერსიტეტის მთავარი ხარვეზი. სხვა ხარვეზები ამ უნივერსიტეტს არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ განათლების სამინისტრომ შეგვამჩნიოს და რამე გვითხრას. მე ვიცი, რა უნდა გავაუმჯობესო, მაგრამ განათლების სამინისტროს წარმოდგენა არ აქვს, განათლება როგორ უნდა იყოს ორგანიზებული", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, განათლების სამინისტროში იტყუებიან, როდესაც ავტორიზაციის შეჩერებაზე საუბრობენ, რადგან კანონმდებლობა ასეთ ნორმას არ ცნობს.

"ლაპარაკი არ არის იმაზე, ბენდუქიძეს აწყენინებენ თუ არა. მე უფრო უარესი უბედურებები დამმართნია და ჩემი წყენინება არც ისე ადვილია. აქ პრობლემაა ის, რომ თქვენ სწავლის საშუალება არ გექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების აქტიურობა არათუ შემცირდეს, არამედ გაძლიერდეს, რადგან როდესაც სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, ამან უკვე შედეგი გამოიღო. სამარცხვინოა ავტორიზაციის ცენტრის დასკვნა უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საუბარი იმაზე, რომ ავტორიზაცია არ გაუქმებულა, არამედ შეჩერებულია, არის მტკნარი სიცრუე, რადგან სხდომაზე კენჭი უყარეს ავტორიზაციის გაუქმებას და როგორც ასეთი - შეჩერება საერთოდ არ არსებობს და არ შეიძლება. ის, რომ სწავლის გაგრძელება სემესტრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი, ესეც სიცრუეა და არ შეესაბამება კანონმდებლობას და ასეთი განცხადებები კეთდება მხოლოდ სტუდენტების დასაწყნარებლად, რადგან როდესაც ავტორიზაცია წყდება, სწავლა უნდა შეჩერდეს", - განაცხადა ბენდუქიძემ. 

მისი შეფასებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება პირადად მასთან ბრძოლის შედეგია. "უბრალოდ, ერთ ადამიანთან ბრძოლას, განათლების სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, 2000 ათასი სტუდენტი გადაეყოლებინა. ისე იყვნენ გართულები ჩემი დასჯით, რომ 2000 სტუდენტზე არავინ იფიქრა", - აღნიშნა ბენდუქიძემ. 

მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მოყვანილი არგუმენტები სასაცილოა. ბენდუქიძემ ის დროც გაიხსენა, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტში "სამარცხვინო ფაქტები" ხდებოდა. მისი თქმით, ბრძოლა სამართლებრივი გზით გაგრძელდება, რათა დამტკიცდეს, რომ ავტორიზაციის გაუქმება უაზრობა იყო. ბენდუქიძის განცხადებით, გაგრძელდება ასევე მცდელობა, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა იმავე სპეციალობებზე მიიღოს ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომ შემდეგ სტუდენტების მეორე უნივერსიტეტში გადაყვანა შესაძლებელი გახდეს.

 

კომენტარები