იუსტიციის სამინისტრო

კბილაშვილი: გირგვლიანის საქმესთან ვანო მერაბიშვილის კავშირი იკვეთება

დღეს, 13 მარტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ვანო მერაბიშვილთან  კითხვები აქვს.

 "გირგვლიანის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება, იკვეთება ბევრი სიახლე და ჩანს, რომ რეალურად ეს არ არის ერთი საქმე. ეს არის მრავალი ეპიზოდისგან და საქმისგან შემდგარი დიდი დოსიე, სადაც არაერთი კანონდარღვევა და სხვადასხვა სახელმწიფო პირისგან უპასუხისმგებლო ქმედება შეიძლება დაფიქსირდეს. მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი, მაგრამ თუ რა ხარისხით მონაწილეობდა ის გირგვლიანის საქმის გამოძიების არასწორად წარმართვის თემაზე, ან სხვადასხვა მოქმედი პირისთვის ხელის დაფარების საქმეში, მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ და დაველოდები პროცესების განვითარებას, ვიდრე პროკურატურა საბოლოო დასკვნას არ გააკეთებს. ამასთან, საინტერესოა ისიც, როდის გაიგო მან იმის შესახებ, რა მოხდა სასაფლაოზე და როგორც ერთ-ერთმა პირველმა სამართალდამცველმა, ვინაიდან ის მაშინ იყო შს მინისტრის პოზიციაზე, რა მოიმოქმედა, რომ საქმის ეფექტურად გამოძიება მომხდარიყო. ეს არის მხოლოდ მოკლე შეკითხვები, რომელიც მის მიმართ გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს და ალბათ, პროკურატურის მხრიდან ეს შეკითხვები იქნება დასმული", - განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მთავარი პროკურორის თქმით, კი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის "გარკვეული კავშირი, შემხებლობა და ინფორმირებულობა იკვეთება". 

"სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დასასრულისკენ მიდის. ვანო მერაბიშვილის გარკვეული კავშირი, შემხებლობა და ინფორმირებულობა იკვეთება და, შესაბამისად ამ საკითხზე პროკურატურა თავის დროზე ისაუბრებს. მისი დაკითხვა, სავარაუდოდ, მოხდება, კონკრეტული დრო კი გამოძიებიდან გამომდინარე განისაზღვრება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კომენტარები