კათოლიკე ეკლესია

Habemus Papam! კათოლიკე ეკლესიას ახალი პონტიფექსი ჰყავს - პაპი ფრანცისკე

მსოფლიოს მილიარდზე მეტ კათოლიკეს ახალი, 266-ე პაპი ჰყავს. რომის დროით 19:05-ზე და თბილისის დროით 22:05-ზე, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.

ახალი პაპი, 76 წლის, ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა, რომელმაც სახელად წმინდა ფრანცისკე ასიზელის სახელი დაირქვა. რომის ეპისკოპოსის ტახტზე ის პირველი ამერიკელი, პირველი არგენტინელი და პირველი იეზუიტი პაპია. ასევე ის მიყოლებით, მესამე არაიტალიელი პონტიფექსია. 115-მა კარდინალმა, ის ხმათა მინიმუმ 2/3-ით ამოირჩია. პაპი ფრანცისკე ერთ დღეში აირჩიეს, რაც კარდინალთა კოლეგიის ერთსულოვნებაზე მეტყველებს.

ახლადარჩეული პაპი არჩევის შემდეგ გამოსაცვლელად მიდის, რის შემდეგაც ის წმინდა პეტრეს კათედრალის ცენტრალურ აივანზე გამოდის. პაპი ფრანცისკეს არჩევა მსოფლიოს კარდინალმა პროტოდიაკონმა, ჟან-ლუი ტორანმა ამცნო, ტრადიციული ფორმულით Habemus Papam - ჩვენ გვყავს მამა! რის შემდეგაც, საპროცესიო ჯვრის თანხლებით, პაპი ფრანცისკე პირველად ეჩვენა მსოფლიოს თეთრ სუტანაში.

„დებო და ძმებო, საღამო მშვიდობისა! თქვენ იცით, რომ კონკლავზე ირჩევდნენ ეპისკოპოსს რომისთვის. ჩემმა ძმა-კარდინალებმა, იპოვეს ის ქვეყნიერების დასალიერში. გმადლობთ, და პირველ რიგში მსურს წარმოვთქვა ლოცვა ჩვენი „პაპი ემირიტუსისთვის“ (იგულისხმება აწ გადამდგარი ბენედიქტე მეთექვსმეტე).

შევუდგეთ რომის ეკლესიის ამ გზას, მისი ეპისკოპოსი და რომაელი ხალხი, ძმობაში, სიყვარულსა და ურთიერთნდობაში. ვილოცოთ ერთმანეთისთვის“, - თქვა პაპმა ფრანცისკემ მისი პირველი Urbi Et Orbi-ს წარმოთქმისას. რის შემდეგაც ქედი მოიხარა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მრევლის წინ და სიჩუმეში მისთვის ლოცვა ითხოვა.

პაპი ფრანცისკე 1936 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. ის კარდინალი 2001 წელს გახდა.

კომენტარები