EPP

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობს

ევროპის სახალხო პარტიამ დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შესთავაზა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ხაზს უსვამს პროგრესს, რომელიც ''ბოლო წლების განმავლობაში გატარდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების სფეროში''. პარტია ამჟამინდელ ხელისუფლებას, დარჩენილი აუცილებელი რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

ევროპის სახალხო პარტია იმედოვნებს, რომ 2013 წლის ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იქნება, თუმცა სინანულით აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო რჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მიერ გადაიდგა რამდენიმე ისეთი ნაბიჯი, ''რამაც დააზიანა ქვეყნის პოზიტიური იმიჯი. კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში''.

''ამდენად, არსებულ გარემოებებში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მისი ხელმოწერა და რატიფიკაცია ევროკავშირისა და მისი წევრის სახელმწიფოების მხრიდან საფრთხის ქვეშაა'', - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ევროპის სახალხო პარტია, დეკლარაციაში სამ ძირითად ასპექტს ხაზგასმით გამოჰყოფს.

''1. დემოკრატიის ფუნქციონირება

- ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს: დემოკრატია ვერ იმუშავებს ყველა პოლიტიკური ძალისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემოს გარეშე.
- მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არ შეიზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივობები და არ მოხდება მათი დაშინება.
- მოუწოდებს პოლიტიკურ უმრავლესობას პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო უფლებებს ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას და არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის კამპანია არ მოხდეს ზეწოლითა და ძალადობით.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, არ მოხდეს სამართლის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის შერჩევითი ინსტრუმენტი.

2. სასამართლო
- ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობისთვის უმთავრესია.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სრული დაცვა.
- სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან მიმართებაში (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციებს).
- გამოხატავს შეშფოთებას უკვე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების
გადახედვის კომისიის, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და მასში პირდაპირი ჩარევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელი გადაწყვეტილების შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

3. მედია

-ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვისა და ინფორმაცის თავისუფლება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის ფუნდამენტია.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ან დანახულ იქნას, როგორც გამოხატვის თავისუფლების სფეროში ჩარევა, მათ შორის მედიის დამოუკიდებლობისა და მისი შიშისგან თავისუფლად მუშაობის დარღვევა.
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა.

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილი პუნქტების განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს, ძალაუფლების გადაცემის პროცესი წარმოჩინდეს, როგორც ძლიერი დემოკრატია და გააღრმაოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესი'', - აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ევროპის სახალხო პარტიას წერილი მისწერა, რომელიც მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაცია, სამიტზე ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობამ განიხილა, რომელის შემადგენლობაში შედიან: ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ათი ვიცეპრეზიდენტი, ასევე ირლანდიის მინისტრი ევროპულ საკითხებში, მას შემდეგ, რაც ირლანდია EPP-ს შემადგენლობაშია.

ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობის არც ერთ წევრს, დეკლარაციის შესახებ საპირისპირო აზრი არ დაუფიქსირებია და მასზე ხელის მოწერისგან თავი არ შეუკავებია.

ევროპის სახალხო პარტია, ევროპის პოლიტიკურ პარტიათა უდიდესი გაერთიანებაა, რომელიც 1976 წელს შეიქმნა და ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის ქრისტიან-დემოკრატიულ და კონსერვატიულ პარტიებს აერთიანებს.

კომენტარები