აგრარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციაზე: პროცესი განახლდება ორშაბათიდან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. "მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე დარღვეული იყო. ის საბუთები, რომლებიც ახლა შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ სტუდენტების უფლებებს, ახლა უკვე კანონის მიხედვით ამ უნივერსიტეტშიც დაიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. მე გილოცავთ ყველას. პროცესი განახლდება ორშაბათიდან და წარიმართება ისე, როგორც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა", - განაცხადა მინისტრმა.

დღეს, 15 მარტს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დაბრუნებას ითხოვდნენ. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამინისტროს უნივერსიტეტის შიდა განაწესი და ადმინისტრაციის წერილი გადასცეს. სტუდენტების თქმით, მინისტრის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ავტორიზაციის ჩამორთმევის გასამართლებლად იყო ის, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტები გარიცხეს. მათ მიერ სამინისტროში მიტანილი დოკუმენტები კი ადასტურებს, რომ აგრარული უნივერსიტეტიდან არცერთი სტუდენტი არ გარიცხულა თანხის გადაუხდელობის გამო. აქციის მიმდინარეობისას აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ სამინისტროში ავტორიზაციის აღდგენაზე განცხადებაც შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მინისტრმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დარღვევათა უმეტესობა იმდენად მარტივი იყო, რომ მათი გამოსწორება „ქოფი-ფეისთით“, ან „ქოფი-ქათით“ თორმეტ-ნახევარ წუთში იყო შესაძლებელი.

 

კომენტარები