უზენაესი სასამართლო

კუბლაშვილი: თუ საკუთრება დადგება ეჭვქვეშ, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის არასათანადო მოდელის ამოქმედებამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

უზენაესო სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სამოქალაქო დაპირისპირების რისკზე საუბრობს, რაც მისი აზრით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის არასათანადო მოდელის ამოქმედების შემთხვევაში გამორიცხული არ არის. კუბლაშვილმა იუსტიციის მინისტრსა და მოსამართლეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:

"თუკი ჩვენ შევთანხმდებით ნორვეგიულ მოდელზე და თუკი არ გავალთ ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებიდან, ეს მისასალმებელია, მაგრამ თუკი ამაზე მეტად გაფართოვდება კომისიის უფლებამოსილებები, ეს უკვე საფრთხეს შეუქმნის სამართლებრივ სტაბილურობას, რადგან ბევრი დამთავრებული საქმე, აღსრულებული საკითხი და სხვადასხვა ადამიანისთვის მიკუთვნებული საკუთრება, ქონება დადგება ეჭვის ქვეშ, ამან კი შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან საქმე ეხება დემოკრატიული საზოგადოების ისეთ ქვაკუთხედს, როგორიცაა საკუთრების უფლება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილს სჭირდება დამატებითი გარანტიები, რომელიც კანონპროექტში გაიწერება და მოსამართლეების დასჯასა და ციხეში ჩასმა გამოირიცხება. კუბლაშვილისთვის მხოლოდ წულუკიანის სიტყვიერი განმარტება საკმარისი არ არის. მისი თქმით მოსამართლეებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ, რომლებიც იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად ”ჩაიწერეშ”

"მოსამართლეების დასჯა ვერ მოხდება და კარგია, რომ იუსტიციის მინისტრი ამას აფიქსირებს. უკაცრავად და, ბევრი თავგაცხელებული ადამიანისგან მოგისმენიათ, რომ ესა და ეს მოსამართლე უნდა დავსაჯოთო. იმედი მაქვს, ცოტა ადეკვატურად შეხედავენ პროცესებს, რადგან მოსამართლეების დასჯას თვითონ სასამართლო არ დაუშვებს – ესაა მხოლოდ სასამართლოს საკითხი და არა ვინმე სხვისი. ჩვენ შევთავაზეთ იუსტიციის მინისტრს, რომ იმის დასადასტურებლად, რომ კომისიის დასკვნას არ მოჰყვება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობაში მიცემა პროექტში ჩავწეროთ", - თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

კომენტარები