პაპი ფრანცისკე

ახლადარჩეულმა პაპმა ახსნა, რატომ დაირქვა სახელად ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეკრებილ 6000 ჟურნალისტს პირველად შეხვდა და ოფიციალურად განუმარტა, რატომ დაირქვა ფრანცისკე ასიზელის სახელი. პირველი იეზუიტი პაპი დაწერილ ტექსტს კითხულობდა, შემდეგ ფურცლები გვერდზე გადადო და სიქსტეს კაპელაში რამდენიმე დღის წინ განვითარებული ამბის მოყოლას შეუდგა. მისი თქმით, არჩევნებზე კარდინალი ჰუმესის გვერდით იჯდა, როდესაც მისი სახელი გამოაცხადეს, აპლოდისმენტების ფონზე ჰუმესი არჩეულ პაპთან მივიდა და ჩასჩურჩულა: ”არ დაგავიწყდეს ღარიბები!”.

”არ დაგავიწყდეს ღარიბები! - ეს სიტყვები გონებაში ჩამიჯდა: ღარიბები, ღარიბები! შემდეგ, ღარიბებთან დაკავშირებით ფრანცისკე ასიზელი გამახსენდა. და სანამ მივდიოდი ხმების დასათვლელი ადგილისკენ, მე ვფიქრობდი ომებზე. ფრანცისკე - მშვიდობის ადამიანი. სწორედ ასე შემოვიდა ჩემს გულში მისი სახელი: ფრანცისკე ასიზელი. ადამიანი სიღარიბისა, ადამიანი მშვიდობისა, მოყვარული და მფარველი ქმნილებისა. მოცემულ მომენტში ჩვენ ქმნილებასთან არ გვაქვს კარგი დამოკიდებულება, ხომ მართალია?... ეჰ, როგორ მინდა, ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!” - უთხრა ჟურნალისტებს ახლადარჩეულმა პაპმა.

პაპმა სხვა რჩევებიც მიიღო: ”იქნებ ადრიანე დაირქვა, ადრიანე მეოთხე რეფორმატორი იყო, ახლა საჭიროა რეფორმირება...” კიდევ ერთი ამბობს: ”არა-არა, აიღე სახელი კლიმენტი!” -”რატომ კლიმენტი?” - ”კლიმენტ მეთხუთმეტე გახდები, ასე შენ რევანშს აიღებ კლიმენტ მეთოთხმეტეზე, რომელმაც იეზუიტები აკრძალა!” - ეს ყველაფერი ხუმრობებია... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და გმადლობთ იმისთვის, რასაც აკეთებთ!” - განუცხადა პაპმა ჟურნალისტებს.

შეხვედრის დასასრულს მან ჟურნალისტებს უთხრა: ”მე თქვენ გულით დალოცვას შემოგთავაზებდით, მაგრამ რადგან თქვენი უმრავლესობა არც კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელია და, სავარაუდოდ, არც მორწმუნე, ამიტომ თითოეულ თქვენგანს მე მდუმარედ, ჩემს გულში დაგლოცავთ. მე პატივს ვცემ თითოეული თქვენგანის რწმენას და შეხედულებას, მაგრამ ამავე დროს ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი ღვთის შვილია. ღმერთი გფარავდეთ”.

 

 

კომენტარები