BNP Paribas საჩოგბურთო ტურნირი

ნადალმა კარიერის 53-ე ტურნირი მოიგო

ტრავმის შემდეგ საჩოგბურთო კორტზე დაბრუნებულმა რაფაელ ნადალმა, კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და ბი ენ პი პარიბასის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 4-6, 6-3, 6-4 დაამარცხა.

ესპანელმა მუხლის მძიმე ტრავმის გამო უქმედ 7 თვე გაატარა, ახლა კი 22-ე ATP მასტერსის ტიტული მოიპოვა, ინდიან უელსის ტურნირი კი მესამედ მოიგო.

შეხვედრა 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი დელ პოტროს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შემდეგ ნადალმა ყურადღება მოიკრიბა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

- დაუჯერებელია, ეს ძალიან ემოციური გამარჯვებაა, ვფიქრობ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციურიც კი. ძალიან გახარებული ვარ და მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც კორტზე დაბრუნების შემდეგ ვგრძნობდი. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მმატებს, რომ მუშაობა გავაგრძელო და ყოველდღე უფრო მეტი ვიშრომო. ასეთი დიდი ტურნირის მოგება რთული პერიოდის შემდეგ განსაკუთრებული მოვლენაა, - მატჩის შემდეგ განაცხადა რაფაელ ნადალმა.

დელ პოტრო შედარებით სიტყვაძუნწი იყო:

- ნადალმა მეორე და მესამე სეტებში თამაში გამოასწორა. ვფიქრობ იგი გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. რაფაელმა ბოლოსკენ შესანიშნავად ითამაშა, მე კი მის სწრაფ მოძრაობებს კარგად ვერ ავყევი. ყველაფრის მიუხედავად, ტურნირზე ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

 

 

კომენტარები