შსს

ღარიბაშვილი: მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის

0 კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა უწყებაში ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან დანიშნულები.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრის და მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდში, ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი კი გენერალური ინსპექციის უფროსია. ნადირაშვილის თქმით, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა თამარ თამაზაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის სიმამრის დაა.

ნადირაშვილის მიერ მაგალითების მოყვანის შემდეგ, ღარიბაშვილმა ამ გამოსვლას არასერიოზული უწოდა და იხუმრა:

„თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“, - მიმართა დეპუტატს ღარიბაშვილმა. მან უმცირესობას შეახსენა, რომ მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, მისი თქმით, უკანონოდ იყო დაპატიმრებული წინა ხელისუფლების მიერ, სიმამრის და კი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და უკვე ახალი ხელისუფლების დროს აღადგინეს. მან ასევე განაცხადა, რომ ციხეში მისი სიმამრის მოწამა რამდენიმეჯერ სცადეს. 

„ეს კითხვა ჩემთვის არასერიოზულია. ჩემი სიმამრის და თავის დროზე გააგდეს სამსახურიდან. ახლა ეს ადამიანი აღადგინეს და მე თავის მართლება დავიწყო?“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობენ ოპოზიციის წარმომადგენლების ნათესავებიც.

ღარიბაშვილის თქმით, აკაკი მინაშვილის და ჯერ კიდევ მუშაობს მის სამინისტროში, ასევე მუშაობს მინაშვილის მეუღლეც. მინიტრის თქმით, შს სამინისტროში დასაქმებულია იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის და. ღარიბაშვილის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის მთელი სანათესაოა დასაქმებული, ასევე მუშაობს ხატია დეკანოიძის მამა.

ღარიბაშვილს უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მინისტრის ნათესავების მისივე უწყებაში მუშაობა და ოპოზიციის წევრების ნათესავების სხვადასხვა უწყებებში მუშაობა ერთი და იგივე არ არის.

ამასთან, გაბაშვილმა აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად შს მინისტრის ნათესავის დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტია, რადგანაც გენერალურმა ინსპექციამ რეალურად სამინისტრო უნდა აკონტროლოს.

თუმცა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად მისი ნათესავის დანიშვნაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ამ თანამდებობაზე ზვიად ჯანყარაშვილი იმის გამო დაინიშნა, რომ კარგი მენეჯერია და არა იმის გამო, რომ მინისტრის ნათესავია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები