საზოგადოება

ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობათა ენებისათვის

ამ დღეების განმავლობაში იმდენი ’’საექსპერტო არგუმენტი’’ მოვისმინე მედიით და გავეცანი სოციალურ ქსელებში, რომ თავი ვალდებულადაც კი ჩავთვალე მეპასუხა ამ ექსპერტებისათვის.

საქმე ეხება ევროპულ ქარტიას რეგიონალური ან უმცირესობათა ენებისათვის და ევროპის საბჭოს ამ საერთაშორისო-სამართლებრივ ინსტრუმენტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობას. გასათვალისწიებელია, რომ აქ თვით ქარტიის დებულებათა საქართველოსთვის დადებით და/ან უარყოფით ასპექტებზე არ ვსაუბრობ.

1999 წლის 27 აპრილს საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში წინ უძღოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ იმ პოლიტიკურ ვალდებულებათა ნუსხის ჩამოყალიბება, რომლის აღიარებაც წარმოადგენდა გაწევრიანების წინაპირობას. მოგვიანებით აღნიშნული გამყარებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებითაც. შესაბამისად, საქართველომ იკისრა პოლიტიკური ვალდებულება, სხვა საკითხებთან ერთად, ხელი მოეწერა და შემდგომ მოეხდინა ევროპული ქარტიის რატიფიცირება. მედიაში მოსმენილ არგუმენტებს გამოვეხმაურები და მოგახსენებთ, რომ ამ ვალდებულების, ისევე როგორც საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მუსლიმი ქართველების რეპატრიაციის საკითხის, ვალდებულებათა სიაში მოხვედრა არც-ერთი ცალკე აღებული საქართველოს წარმომადგენლის არც დამსახურება და არც ბრალი არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოთა მიერ ერთობლივად მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება. ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვხელმძღვანელობდი ევროპის საბჭოში გაწევრიანების მოსამზადებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს, აღნიშნულს ვაცხადებ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

წარმოადგენს თუ არა ქარტიის მყისიერი ძალაში შესვლა საქართველოსთან მიმართებაში გადაუდებელ აუცილებლობას და არის თუ არა სტატუს ქვო რაიმე სერიოზული საფრთხის ან ნეგატიური შედეგის განმაპირობებელი? საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების იმ ნაწილში, სადაც მოყვანილია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამონათვალი, საქართველოსთვის ძალაში შესულია უკლებლივ ყველა ხსენებული ინსტრუმენტი, გარდა ქარტიისა. ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურის მოხსენებებში საქართველოზე, ყოველთვის ფიგურირებს ის ფაქტი, რომ საქართველოს დღემდე არ შეუსრულებია აღნიშნული ვალდებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ევროპის საბჭოს 47 თანასწორი წევრი სახელმწიფოდან, ქარტია რატიფიცირებული აქვს 28 სახელმწიფოს. ასევე ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურათა მიერ მიღებულ რეზოლუციებში, გადაწყვეტილებებსა თუ სხვა სახის დოკუმენტებში, ყოველთვის ფიგურირებს მოწოდება წევრი სახელმწიფოების მიმართ ქარტიის რატიფიცირების სასურველობაზე. გავიხსენოთ, რომ ევროპის საბჭოში მარტო თეორიულად შეიძლება გაწევრიანება თუ სახელმწიფო არ მოახდენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებას საკმაოდ შეზღუდულ ვადებში (თუმცა, არა ისე მოუმზადებლად და უპასუხისმგებლოდ როგორც ეს 1999 წელს გააკეთა საქართველომ). არავინ მოგასვენებს თუ არ მოახდენ მაგალითად, ადამიანის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების ან თუნდაც ე.წ. წამების წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირებას. ქარტიაზე კი მხოლოდ მოწოდებებია და საქართველოს შემთხვევაში კი, რეგულარული შეხსენებები იმაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს მიერ ნებაყოფლობით ნაკისრ ვალდებულებას. შესაბამისად, ქარტიის რატიფიცირება უდაოდ იქნება შეფასებული პოზიტიურად. თუმცა, ქარტიის რატიფიცირება ნამდვილად არ გამოიღებს შედეგად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის დასრულებასა და პოსტ-სამონიტორინგო დიალოგზე მყისიერ გადასვლას. ამასთან, ევროპული ქარტიის საქართველოსთვის ძალაში შეყვანის პროცესის გაგრძელება და ამ პროცესის აუჩქარებლად, გონივრულად და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში წარმართვის გამო არც არანაირი სერიოზული ზიანის და ნეგატიური შედეგის დადგომაც არ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ. ვინაიდან მოყოლებული 1999 წლიდან ვმუშაობდი ევროპის საბჭოს საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სამდივნოს იმ დირექტორატში, რომელსაც ევალებოდა წევრი სახელმწიფოების ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, აღნიშნულსაც ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით.

ცალკეული ქართველი ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ქარტიის რატიფიცირება. ეს შეუძლებელია. პირველ ყოვლისა, საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი ქარტიას, რაც საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის დებულებათა და თვით ქარტიის დატვირთვის გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს საქართველოს პრეზიდენტმა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქარტიის ხელმოწერაზე მიღებული გადაწყვეტილების გარეშე, თვით ქარტიის დებულებები არ იძლევა ქარტიის რატიფიცირების ან მასთან მიერთების საშუალებას.

ევროპული ქარტიის შემმუშავებლების მიზანი 1992 წელს იყო რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვა და მათი განვითარების უზრუნველყოფა. ეს გახლდათ წმინდა ტექნიკური და შეიძლება ითქვას ევროპის კულტურის კონვენციის შემავსებელი დოკუმენტი. როდესაც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ჩათვალეს აუცილებლად უფრო ფართო, სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტის მიღება უმცირესობათა დაცვაზე, მათ მიერ 1995 წელს შემუშავებულ იქნა ეროვნულ უმცირესობათა დაცვაზე ჩარჩო კონვენცია (საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2006 წელს), სადაც ცალკე იქნა ჩადებული გარანტიები, რომლებიც სრულფასოვნად იცავენ ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ უფლებას გააჩნდეთ, ისწავლონ და ისარგებლონ მათი ენით. თუმცა, წლების განმავლობაში, ევროპის კულტურული ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნება- განვითარებისათვის შემუშავებული ქარტია, გადაიქცა უაღრესად სენსიტიურ პოლიტიკურ მექანიზმად, რაც თავის მხრივ დასტურდება ქარტიის იმპლემენტაციის მაგალითებით. წლების განმავლობაში ვესწრებოდი რა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ქარტიის ხელშემკვრელ მხარეთა პაექრობას ქარტიის შესრულების თაობაზე, შემიძლია დავადასტურო, რომ ქარტიის ირგვლივ პერიპეტიები არანაკლებად პოლიტიკურია თავისი დატვირთვით, ვიდრე ჩარჩო კონვენციის შესრულებაზე მინისტრთა კომიტეტის მიერ მისაღები რეზოლუციების შემთხვევაში.

ყოველივე ზემოთმოყვანილის გათვალისწინებით, საუკეთესო გამოსავლად მესახება:

- კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ საქართველო ერთგული რჩება ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების მიმართ, რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ჩათვლით,

- უარი ვთქვათ ქარტიის მყისიერ რატიფიცირებაზე, გავაგრძელოთ და თუ საჭიროა გავააქტიუროთ საკითხის ანალიზი კვალიფიცირებულ ქსპერტთა მონაწილეობითა და საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზებით. ევროპის საბჭო უკვე დიდი ხანია გვთავაზობს საექსპერტო დახმარებას, რათა მოხდეს ქარტიის დებულებათა და ეფექტების გაცნობა საზოგადეობისათვის (დღემდე ამის აუცილებლობას ხელისუფლება ვერ ხედავდა და მეც ამ აზრს ვიზიარებდი. თუმცა, ვერც ამ პოზიციის შეცვლაში ვხედავ დიდ პრობლემას).

- ნუ გავხდით აღნიშნულ თემას, დღეს არსებული კოაბიტაციის კიდევ ერთ პოლიტიკურ ცხელ კარტოფილად. ეს არავის არ არგებს და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.

მამუკა ჟღენტი
საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში

 

 

 

 

კომენტარები