პატრიოტიზმი

Patria: რუსეთი, რუსო, ტოკვილი, მე

პატრიოტიზმი იდეაა, იდეები კი გარკვეულწილად ენერგიას ჰგვანან: ისინი იცვლიან ფორმას, ერწყმიან სხვა იდეებს და ქმნიან განსხვავებულ კონტექსტებს. მაგრამ, ენერგიის მსგავსად, ისინი არაფრიდან წარმოიქმნებიან და არასდროს ქრებიან, არამედ — გარდაიქმნებიან. ქართული პატრიოტიზმის იდეა არც ზვიად გამსახურდიას შეუქმნია და არც ნაციონალური მოძრაობის დამარცხებით დასრულებულა. ეს არის იდეა, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით უარსებია, არსებობს და, რაც მთავარია, გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია.

ვფიქრობ, სწორად აღქმულ პატრიოტიზმს შეუძლია იქცეს ოცდამეერთე საუკუნის ქართული აწმყოს ახალ იდეად. მაგრამ, პატრიოტიზმი ამორფული ცნება გახლავთ, რომელიც კონკრეტულ მნიშვნელობას მხოლოდ კონკრეტულ კონტექსტში იძენს, მის გარეშე კი უმეტესწილად უაზროა. პატრიოტიზმს კონკრეტული მნიშვნელობა სწორედ სამშობლოს კონკრეტული განმარტების შედეგად ენიჭება. ამიტომ, აუცილებელია მის რამდენიმესიტყვიან მნიშვნელობასთან დაყაბულების ნაცვლად მას ჩვენვე მივანჭოთ კონკრეტული აწმყოსეული მნიშვნელობა.

სამწუხაროდ, “პატრიოტული განცდების კვირა”, რომელიც კალენდრულად 25 თებერვლისკენ მიმავალი კვირა გახლდათ, სრულიად საპირისპირო დატვირთვის მქონე აღმოჩნდა. ის ტრადიციული წარმატებით შეეხო ლამის ყველაფერს, გარდა იმისა, რაც იყო აქტუალური: პატრიოტიზმი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსია. აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ვიდეოაქცია "არა ოკუპაციას!", წარმოშვა ჩვენთვის რუტინულად ქცეული გონებრივი ქაოსი. შედეგად, მნიშვნელობა არათუ არ გამოიკვეთა, ან გამყარდა, არამედ მისი სრული უარყოფისა და შემდგომი დამახინჯების პერსპექტივაც ნათლად დაისახა. თანამედროვე საქართველოში კი პატრიოტიზმის იდეა ყველაზე ნაკლებად საჭიროებს დამახინჯებას.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ იმავე კვირაში სრულიად უსაგნო საუბარო მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირების ისტორიული ფაქტის აღიარება-არაღიარების საკითხს, (აღიარების შემთხვევაში კი აღიარების რეჟიმს: ხორუმით კრემლში, თუ მის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან), მაშინ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ პატრიოტიზმის ისედაც საკმაოდ მრავალმხრივი ცნება არაზუსტი ინტერპრეტაციის მსხვერპლი გახდა. ამ პროცესში, ზოგიერთი კრიტიკოსი დასცინოდა სამშობლოს იდეას, რადგან მათ სამშობლო მხოლოდ მიწის ნაგლეჯი ჰგონიათ, სხვანი კი ღლაბუცობდნენ პატრიოტიზმის შესახებ, ისიც იმ ვიდეორგოლების ყურებისას, რომელსაც სინამდვილეში პატრიოტიზმთან საერთო არაფერი ჰქონია.

შესაძლოა ვიდეორგოლებში გამომსვლელთაგან ბევრი ნამდვილად პატრიოტი იყოს (ან შოკოლადის ნაყინი მოსწონდეს), მაგრამ აქციის მთავარი ლოზუნგი იყო არა "სამშობლო", არამედ "თავისუფლება". თავისუფლების სურვილი კი არა კონკრეტულად პატრიოტული, არამედ ფართოდ ადამიანური სურვილი და უფლება გახლავთ, რომელიც ისევე ექნება კოსმოპოლიტს ან ინტერნაციონალისტს, როგორც პატრიოტს. ხოლო მონობის სურვილი, ყველაზე მარტივად, ფსიქიატრიული ანომალიაა.

ბოლო კვირების ერთერთი უდიდესი სისუსტე ოფიციალური რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის კრიტიკისა, თუ მისადმი არაკრიტიკულობის, ექსკლუზიურად პატრიოტულ თუ ანტი-პატრიოტულ ჩარჩოებში ჩასმა იყო. ამ პროცესში კი გვავიწყდებოდა, რომ ოფიციალური რუსეთი არ ებრძვის მხოლოდ თავისუფალი და წარმატებული საქართველოს კონკრეტულ იდეას. საუკუნეების განმავლობაში წარმოებული დამპყრობლური, აგრესიული და—საშინაოდ ისევე როგორც საგარეოდ—ანტიჰუმანური პოლიტიკის მეშვეობით, რუსეთივე იმავე წარმატებით ებრძვის ისეთ მნიშვნელოვან უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა, მაგალითად: ადამიანობა, სამართალი და თავისუფლება.

ჩვენ კი მას პასუხად არა ისტორიული გამოცდილების გააზრებით მიღებულ გარკვეულ საზოგადოებრივ სოლიდარობას, არამედ ტერმინოლოგიურ ორთაბრძოლას ვახვედრებდით. სინამდვილეში, ამ კვირაში არც ტრავმა ჩანდა, არც ისტორიული მეხსიერება; ჩანდა მხოლოდ გაურკვევლობის მორევში ჩაძირული ტერმინოლოგიური ორთაბრძოლა.

პატრიოტიზმის დამახინჯებული ფორმები უხვად არსებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ეს ის დრო იყო, როდესაც ლიდერები ეგზალტირებულ მასებს სასოწარკვეთილი ყივილით აცნობდნენ სამშობლოს იდეას, როდესაც ქრისტიანული მისტიციზმის იმიტაციასთან შერწყმული ობსკურანტიზმი და ეთნო-ნაციონალური შოვინიზმი ვითომ ერთდროულად დგებოდა სამშობლოს სამსახურში, სინამდვილეში კი თვითონვე უარყოფდა ერთიანი და უფრო ძლიერი ქვეყნის იდეას.

არც უკანასკნელი წლების განმავლობაში არსებული პატრიოტიზმი იდგა ახლოს სამშობლოს სიყვარულის ნამდვილ მნიშვნელობასთან. კონკურსი "პატრინოტი", პატრიოტული ბანაკები, საშუალო სკოლებში დანერგილი ორშაბათ დილით დროშის აწევის ცერემონია — ეს ყველაფერი (ცხადია "პატრინოტის" გამოკლებით) იყო სამოქალაქო სულისკვეთების ამაღლების მცდელობა, მაგრამ წარუმატებელი, რადგან პრაქტიკის მიღმა არ იდგა მყარი იდეა, არ ჩანდა მნიშვნელობა.

მაშ, რას ნიშნავს პატრიოტიზმი? ყველაზე მარტივად — სამშობლოს სიყვარულს. ამიტომ, პატრიოტიზმის შესახებ საუბრისას ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს არა დამოკიდებულება კულტურული თუ პოლიტიკური "უცხოსადმი", არამედ სამშობლოს საკუთარი აღქმა, რომლისადმი გარკვეულ ერთგულებასაც პატრიოტიზმი გულისხმობს. უარყოფს თუ არა პატრიოტიზმი უნივერსალურ კონტექსტს? სავსებით არა, რადგან ფაქტია, რომ ცხოვრების პირველივე წამს სამყარო იწყება სამშობლოთი, მაგრამ გრძელდება უსასრულოდ.

ადამიანს, რომელსაც უჭირს შეიცნოს და დააფასოს საკუთარი, შესაძლოა ასევე გაუჭირდეს გლობალურში საკუთარის ამოცნობა, მისი წაკითხვა. ეს კი იგივეა, რაც კარგი რომანის საგულდაგულოდ დამუშავება, მაგრამ პირველი და ბოლო გვერდების—საწყისებისა და ბოლოების—უგულვებელყოფა. არსებობას ქვეყანაც მსოფლიო კონტექსტში იწყებს, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, საკუთარ იდენტობას ანვითარებს და ამ პროცესში მუდმივად ქმნის ახალ მსოფლიო კონტექსტებს.

სოკრატემ, რომელიც საკუთარ თავს არა ათენელად, ან ბერძნად, არამედ სრულიად მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევდა, საკუთარი თავი ათენის კანონებს შესწირა. შეგირდების მცდელობის მიუხედავად, სოკრატემ ციხიდან გაქცევას ათენელთა კანონების დაცვა არჩია, რომლებმაც მისი სიცოცხლე დაასრულა. ასე შეეწირა მსოფლიოს მოქალაქე ქალაქი-სახელმწიფოს ნებას; სამართლის უნივერსალური ღირებულების რწმენით განმსჭვალული ადამიანი — სამართლის მხოლოდ პარტიკულარულ ინტერპრეტაციას. სოკრატე სრული სიცხადით აღიქვამდა სამყაროს საწყისს საკუთარ ჰაბიტატსა და საკუთარ თავში. მაგრამ, მისთვის პატრიოტიზმი არა ქვეყანასთან სრულ ჰარმონიაში ყოფნა, არამედ მისი გაუმჯობესების ძიების პროცესი იყო — უკეთესობის იდეა. ეს კი მნიშვნელოვანია.

აქ მსურს გავიხსენო მარკ ტვენი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: "ქვეყნისადმი ერთგულება - ყოველთვის. მთავრობისადმი ერთგულება - მაშინ როდესაც ის ამას იმსახურებს." ტვენის ბრწყინვალე შენიშვნა წარმატებით გვაბრუნებს პატრიოტიზმის ერთერთ თავდაპირველ მნიშვნელობასთან, რომელიც არა ქვეყნის მმართველი ელიტის მიერ დადგენილი "საქვეყნო ინტერესებისა" თუ "ხალხის ნების" ბრმა განხორციელებას, არამედ მოქალაქის მიერ პოლიტიკური რეჟიმისაგან საკუთარი ქვეყნის დაცვას და ამით საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებების განხორციელებას გულისხმობდა.

საყურადღებო აქ მიდგომის ინდივიდუალურობა არის, რომელიც ასეთ რეჟიმში მოქმედებს: “მე და ქვეყანა”, ნაცვლად ამისა: “ჩვენ — ქვეყანა” და “ისინი — სხვანი”. განსხვავებით ნაციონალიზმისაგან, რომელიც მხოლოდ "უცხოსთან" მიმართებაში აბსტრაგირდება—რომელთანაც ადამიანი საკუთარი იდენტობის დასადგენად გარკვეულ კონტრასტს ავლებს—მშვიდობის ჟამს პატრიოტიზმი გახლავთ არა "უცხოს", არამედ "საკუთარის" მიმართ არჩეული კონკრეტული დამოკიდებულების რეჟიმი.

თუმცა დროის მსვლელობასთან ერთად—უფრო კონკრეტულად მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს—იბადება "ნაციის" იდეა (რომელიც ლათინური natio-დან მომდინარეობს) და მალედვე ჩნდება ერი-სახელმწიფოები. შედეგად იწყება პატრიოტიზმის ნაციონალიზაცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა პატრიოტული ენის ნაციონალიზაციით აღინიშნება. ამ დროს პატრიოტულ სულისკვეთებას ვიწრო-ნაციონალისტური გემოვნებით ნაკვები უმეცრება შთანთქავს, რომელიც პოზიტიურს არსებითად მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს, უნივერსალურ კონტექსტს კი ან უარყოფს, ან ნეგატიურად წარმოაჩენს. საბოლოოდ, პატრიოტიზმისგან რჩება მხოლოდ ცარიელი ლოზუნგები და დროშათა ფრიალი, რომლებიც კარგავენ შეხებას იდეის პირველსაწყისთან. აქ კი მთავარი სწორედ იდეაა, რადგან სამშობლო უპირველეს ყოვლისა არა კონკრეტული ტერიტორია, არამედ მისი გარკვეული იდეაა.

არავინ იცის რას ფიქრობდა სოკრატე, როდესაც ათენის მიერ მისთვის მისჯილ მათოთის საწამლავ ხსნარს სვამდა. ან რას განიცდიდა ფლორენციიდან გაძევებული მაკიაველი, როდესაც ის სოფლის სიმარტოვეში წერდა: "ჩემი სამშობლო ჩემს სულზე მეტად მიყვარს". ან რუსო? მშობლიურმა ჟენევამ ჯერ რუსოს ნაშრომების კონფისკაცია მოახდინა, შემდეგ კი ისინი დაკუწა. ერთი თვეც კი არ გასულიყო, როდესაც რუსო ივერდონიდან გააძევეს. ივერდონი რუსომ 1762 წლის 9 ივლისს დატოვა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები, სადაც ის პატრიოტიზმის მისეულ ხედვას ანვითარებს, მან 1765-1775 წლებში დაწერა. რა ხიბლავდა უარყოფილ პატრიოტ რუსოს სამშობლოში, რომელმაც ის არამხოლოდ გააძევა, არამედ მისი ნაშრომები ნაკუწებად აქცია? მომავლის იდეა.

სამშობლო, როგორც უკეთესი მომავლის იდეა, ყველაზე ნათლად სამშობლოს მიერ უარყოფილ პატრიოტებთან ჩანს, ისევე როგორც სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი არსი: არა სახელმწიფოებრივი ნების სიყვარული, არამედ ქვეყნის სიყვარული. ქვეყნისა, რომელიც აღიქმევა არა როგორც მიწის ნაგლეჯი, არამედ როგორც თანამოქალაქეებით დასახლებული, კანონებით შეკრული, შინაგანად და გარეგანად თავისუფალი სივრცე. ამდენად ქვეყნის სიყვარული არა ტერიტორიის სიყვარული, არამედ უპირველეს ყოვლისა თანამოქალაქეების, კანონებისა და თავისუფლების სიყვარულია. როგორც რუსო გვეუბნება, "ყველა ჭეშმარიტი რესპუბლიკელი დამთვრალა ქვეყნის სიყვარულით, ანუ სამართლისა და თავისუფლების სიყვარულით".

უკეთესი მომავლის იდეის აგება კი აუცილებლად მოითხოვს წარსულის გააზრებასა და აწმყოს კრიტიკას. მაკიაველის, რუსოსა და ტოკვილის პატრიოტული ხედვა ამ მხრივ მნიშვნელოვანი მსგავსებებით გამოირჩევა. სამივე შემთხვევაში, პატრიოტული ხედვა დასნეულებული აწმყოს საპირისპიროდ აგებული უკეთესი მომავლის განხორციელების პროგრამაა. სამივე ავტორი თვლის, რომ პატრიოტიზმი ადამიანთა გონებაში ეფექტური კანონმდებლობისა და სწორი განათლების შედეგად უნდა დაინერგოს. სამივე მათგანი იზიარებს კლასიკურ ხედვას, რომ პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება საყოველთაო სიკარგის სამსახურში დგას.

თუმცა, ტოკვილი პატრიოტიზმის ორ ფორმას გამოჰყოფს: ინსტიქტურსა და ხანგრძლივს. პირველი გვხვდება მონარქიაში, მეორე კი — დემოკრატიაში. ტოკვილი შემდეგ გვიყვება, რომ პირველი სახის პატრიოტიზმი არამყარია: ხან ძალიან აქტიური, ხანაც — მინავლებული, რადგან ის რელიგიად ქცეულა და, შესაბამისად, ემყარება არა განსჯას, არამედ ინსტინქტურ რწმენასა და ემოციებს. 

მაგრამ, ტოკვილი ასევე გვიამბობს, რომ არსებობს პატრიოტიზმის ერთი ფორმა, რომელიც ამერიკის რესპუბლიკაში გვხვდება. ტოკვილი მას "კარგად გაგებულ თვით-ინტერესს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ თითოეული ამერიკელი მოქალაქე სრულიად შეგნებულად წირავს საკუთარი ინტერესების ნაწილს თანაამოქალაქეებისა და საყოველთაო სიკარგის სასარგებლოდ. რაც მთავარია, ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ ასე მოქცევით ის საბოლოოდ საკუთარ ინტერესს ემსახურება. ტოკვილისათვის სწორედ ეს წარმოადგენს პატრიოტიზმის სასარგებლო ფორმას, რომელიც არა ინსტინქტური და დროებითი, არამედ რაციონალური და ხანგრძლივია.

თანამედროვე ქართული გამოწვევაც აქ დგას: ჩვენს წინაშე არის სუსტი აწმყოს საპირწონედ ძლიერი მომავლის კონკრეტული იდეის შექმნა. ეს კი აუცილებლად გულისხმობს, შინაგანად, თანამოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებების დაცვას, თანმიმდევრული სამოქალაქო ცნობიერებისა განვითარებას და კანონის უზენაესობის დაცვას (მაშინაც კი, როდესაც ის ჩვენი ინტერესისა თუ პოლიტიკური გემოვნების წინააღმდეგ არის). გარეგანად კი ეს, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების სურვილად გადაითარგმნება, რომელიც გულისხმობს ღირსეული პოლიტიკის წარმოებას და არა ცეკვა-თამაშს კრემლის სცენაზე.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტული ვნებათაღელვის საკმაოდ არაადეკვატურმა კვირამ სულ მცირე შემდგომი ადეკვატური დაფიქრების საშუალება მოგვცეს. დღეს პატრიოტიზმის ერთერთი სახე სწორედ მაქსიმალური სიზუსტითა და პასუხისმგებლობით აზროვნება არის. ეს კი შემდეგში მდგომარეობს: რეალობისათვის სახელის დარქმევა, იდეების მკაცრი გამიჯვნა და კრებსითი სახელებით თამაშის შეწყვეტა.

და თუ ასე ვიზამთ, იქნებ უფრო ნათლად გამოჩნდეს, რომ სავსებით არ არის საჭირო იყო პატრიოტი ან მემარცხენე, ინტერნაციონალისტი ან მემარჯვენე, იმისათვის, რომ გსურდეს სტაბილურობა და თავისუფლება, ისტორიულ აგრესორს აღიარებდე აგრესორად და არა ისტორიულ მოძმედ, გქონდეს კითხვები საკუთარი ხელისუფლების მიმართ, გქონდეს ეჭვები. ასე იქნებ უფრო ნათლად გამოჩნდეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსია ისტორიული, ისევე როგორც აწმყოს, ფაქტია და არა შემთხვევით გავრცელებული პოპულარული მოსაზრება: პატრიოტული თუ ბუდისტური. ასე იქნებ უფრო მკაფიოდ დავინახოთ, რომ ანსამბლ ერისიონის მიერ კრემლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე— ოფიციალური რუსეთის ძალაუფლების ეპიცენტრში—შესრულებული ხორუმი არა "სამშობლოს ღალატი", არამედ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ღირსების, ისევე როგორც მშვიდობის, პროგრესისა და თავისუფლების უნივერსალური ღირებულებების უგულვებელყოფის აქტია.

ვფიქრობ, სწორად აღქმული პატრიოტიზმი თანამედროვე საქართველოსათვის უდავოდ სასარგებლო აღმოჩნდება. ეს კი პატრიოტიზმის ის ფორმა გახლავთ, რომელიც ჰყვარობს ქვეყანას, როგორც თანამოქალაქეებით დასახლებულ თავისუფალ სივრცეს, რომელთაც ერთად კრავს კანონი. ეს გახლავთ პატრიოტიზმი, როგორც საკუთარი თავისა და სხვის მიმართ აღებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფორმა. პატრიოტიზმი არა როგორც რელიგიურობის ახალი სახე, არამედ როგორც საყოველთაო თავისუფლებისა და სამართლის ერთგულება. პატრიოტიზმი არა როგორც ჯგუფური, ემოციური ინსტინქტი, არამედ როგორც ინდივიდუალური, რაციონალური მიდგომა საკუთარი ქვეყნის მიმართ — როგორც ქვეყნის უკეთესი მომავლის იდეა.

კომენტარები