საკონსტიტუციო ცვლილებები

მთავრობის გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შესრულება მასვე ეკისრება

პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობას, გადაყენებული თუ გადამდგარი მთავრობა შეასრულებს. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი უკვე კორექტირდა. 

ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის მე-80 მუხლს ემატება 5/1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც: ''მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს''.

ცვლილებების პროექტიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის შემადგენლობა  ზედიზედ სამჯერ ვერ მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, პრეზიდენტმა სამი დღის ვადაში პარლამენტი უნდა დაითხოვოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. პრეზიდენტის ეს უფლება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა მას კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს.

როგორც ცნობილია, ამ მხრივ ძალაში რჩება ნორმები, რომლითაც პრეზიდენტს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 21 მარტს იგეგმება.

კომენტარები