renault

რენო და იალტა


ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
ავტოშოუ ლამაზი რუტინაა და მეტი არაფერი. ავტომწარმოებლები იძულებულები არიან წელიწადში ერთხელ მაინც გამოფინონ თავიანთი ახალი პირმშოები, რომ ციმციმა ბროლის თვალებში ჩაახედონ ცოლები, რომლებსაც მერე ვერაფრით ვერ ეტყვიან უარს ქმრები და შემდეგ ასე გაიყიდება ათასობით თვალებციმციმა მოდელი.

ცოლების ლამაზი ვარიანტი მე მოვიგონე, თორემ ისე ავტოშოუს ბევრი სხვა დანიშნულებაც აქვს. მარტო რუტინაც არაა, ძალიან სასიამოვნო პროცესია.

გამოფენაზე ყველა ავტომობილი იდეალური ჩანს, ისევე როგორც გოლდენგეიტის ფართიზე ყველა შენი მეგობარია, სანამ არ გათენდება და შპრეეს ნაპირებს ლასლასით არ გაუყვები მეტროსკენ. გინდა რაც შეიძლება მალე მიხვიდე სახლში, ორიოდე ჯოინთი მოწიო, სამიოდე ხაზი კეტამინი გაუშვა და მაინც ვერ დაიძინო. ფართიზე ვერასოდეს იგებ, ვის რა უდევს თავში, გულში, სულში, მათი თვალები კი ისეთივე ცარიელია, როგორც მინიბარი კვირა დილით სასტუმროს ნომერში. ავტოშოუზე ვერასოდეს გაიგებ რა დევს სინამდვილეში კაპოტის ქვეშ. სანამ ჰაივეიზე მარჯვენა ფეხს ძრავში არ გაყოფ მანამდე ვერ მიხვდები. ზუსტად ისე როგორც ადამიანებშია. მანქანები ადამიანებია. თუ არ მეთანხმებით წაიკითხეთ აზიმოვი, უყურეთ ტრანსფორმერებს და მატრიცა 1-ს. და მულტფილმს მანქანები.


ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
შანსი მომეცა 4 დღის მანძილზე ყირიმის ულამაზეს გზებზე “რენოს” სამი ახალი ბესტსელერი გამომეცადა. რა თმა უნდა უარი არ ვთქვი.

“რენოთი” ჩემი უსაყვარლესი საჯინიბო, “რედ ბული” ასპარეზობს. თან, ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს: “რენომ” მატარა ბრიუსელიდან ლორიანამდე, ლორიანიდან ტულუზამდე, ტულუზადან მერე მთელი სამხრეთი სანაპიროს გავლით უკან, პარიზში და მერე კიდევ ხან სად და ხან სად. ტოტალური გახსენებების დრო მოვიდა.

«Поехали!» ©

ჩვენი გზა სიმფეროპოლში დაიწყო, უდაბურ პოსტსოციალისტურ ქალაქში, სადაც არაფერი ხდება და სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარი, სტომატოლოგი მილა გრომიკო ცხოვრობს. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ქალაქში უძველესი რესტორანია აეროპორტში, სადაც 1957 წლის შემდეგ არაფერი შეუცვლიათ.

Renault Logan
სიმფეროპოლიდან სამხრეთით, ბახჩისარაის გავლით სევასტოპოლისკენ რენო ლოგანით უნდა წავსულიყავით. ამ მანქანას თუ მის წინაპარს, 8 წლის წინ გამოსულ პირველ ლოგანს შეადარებთ, თითქმის ვერანაირ მსგავსებას ვერ აღმოაჩენთ, ახალ რენოს მომრგვალებული და მოცულობითი ფორმები აქვს, რადიატორის ცხაურზე განთავსებული ლოგოც უფრო დიდი გახდა, ფარებიც უფრო გაგრძელებულია. ახალი ფორმები და დიზაინ-კონცეპცია ავტომობილს უფრო აეროდინამიკურს ხდის და თანამედროვე იერს აძლევს. სალონიც წინა მოდელებთან შედარებით გაცილებით კომფორტულია, მიუხედავად მანქანის ერთი შეხედვით მცირე გაბარიტებისა, ლოგანში 5 მგზავრი სრულფასოვნად ეტევა, რასაც 510 ლიტრიანი საბარგულიც ემატება, რომელიც უკანა სავარძლების დაკეცვის ხარჯზე შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. სალონში კომფორტისთვის აუცილებელი ელემენტები ზომიერადაა მოწოდებული: საჭის ვერტიკალური რეგულირება, კონდენციონერი, ორი ან ოთხი აირბაგი, ფერადი მულტიმედია დისპლეი, რომელიც ნავიგატორის ფუნქციასაც ითავსებს და აიპოდსაც კითხულობს. რენომ ამ მოდელით განაცხადა, რომ კიას, პეჟოს, შკოდას და მსგავს მცირე ბიუჯეტიან ქალაქის მოდელებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ორი მცირე მინუსი რაც შეიძლება ახალ ლოგანს მოუძებნო
Renault Sandero
ესაა მაღალ სიჩქარეზე შედარებით არამყარობა და მოხვევისას რბილი დაკიდების გამო ცოტათი მკვეთრი გადახრა. თუმცა ყველაფერს ანეიტრალებს არარეალურად მცირე ბენზინის დანახარჯი - 5-6 ლიტრი 100 კილომეტრზე შერეულ რეჟიმში. საბოლოო ვერდიქტი - სედანის ტიპის ლოგანი 1,2 ან 1,6 მოცულობის ძრავით ქალაქში მაცხოვრებელი ოჯახისთის კარგი არჩევანია.

ქალაქ ალუშტადან, რომელიც საოცრად სუფთა ზღვით და უაღრესად ლამაზი გოგონებით არის ცნობილი, გზა ყირიმის მთებისკენ რენოს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით, ჰეჩბექი სანდეროთი გავაგრძელეთ. მისი სალონიც თითქმის იდენტურია, გარედან დახვეწილი და ასევე წინა მოდელისგან განსხვავებით შეცვლილი, საბარგული ლოგანზე მცირე, მაგრამ მაინც ტევადი, 310 ლიტრის მოცულობის, საწავავის დანახარჯი აქაც მინიმალურია: 1,2 მოცულობის ძრავი 100კმ-ზე 5,2 ლიტრს, 1,6 მოცულობის კი 5,9 ლიტრ ბენზინს დაგიწვავთ. ვერდიქტი აქაც იგივეა, კოხტა სანდერო ქალაქისთვის იაფი და ადექვატური არჩევანია.

Renault Sandero Stepway
ჩემი ყველაზე დიდი მოწონება და როგორც შემდეგ გაყიდვების სტატისტიკის მიხევით აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩემი მოწონება სანდერო სტეპვეიმ დაიმსახურა. ავტომობილი წინა მოდელებთან შედარებით ოდნავ უფრო მაღალია, მისი ფორმა მიგვანიშნებს იმაზე, რომ უგზოობაშიც კარგი განმავლობა აქვს, მაღალი სიჩქარისას მყარია, რბილი და საიმედოობის გრძნობას ტოვებს. ვიზუალურად სანდეროზეც და ლოგანზეც უფრო ლამაზია. ჩემი აზრით თბილისის და დედაქალაქის შემოგარენის რელიეფის პირობებში სანდერო სტეპვეი იდეალური თანამგზავრი და მეგობარი იქნება. მსგავსი ტიპის ავტომობილების ფასებს თუ გადავხედავთ, სანდერო სტეპვეის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, რასაც უკვე არაერთხელ ნახსენები იდეალურად მცირე წვა ემატება. ჩემი პროგნოზით საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე სტეპვეი გაყიდვების ლიდერი გახდება. მისი ფასი კომპლექტაციების მიხედვით დაახლოებით 9000 დან 11000 ევრომდე იმერყევებს.


ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
თბილისში “სანდერო”, “ლოგანი” და “სანდერო სტეპვეი” მაისში გამოჩნდება, ჯერ-ჯერობით მექანიკური გადაცემათა კოლოფით, საშემოდგომოდ კი უკვე ავტომატური გადაცემათა სისტემით აღჭურვილი ავტომობილების შეძენა იქნება შესაძლებელი.

ჩემი და რენოს საერთო მოგონებებს კიდევ ერთი ლამაზი თრიფი დაემატა. როგორც იქნა მოვინახულე ჩეხოვის და ბრონსკის იალტა, საოცრად სოციალისტური ალუშტა, ცარიელი სიმფეროპოლი, კლდეები, რომლებიც ზურმუხტისფერ ზღვაში ეშვება, ფერდობებზე შეფენილი ლამაზი ვენახები, დავაგემოვნე ამ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან დაყენებული საოცრად უგემური ღვინო, შემშურდა ლამაზი გოგოების N რაოდენობა და მივხვდი რა ბედნიერი იყო ბრონსკი, როცა მტვრიანი მოსკოვიდან უცბათ იალტას ნავმისადგომთან აღმოჩნდა. თუნდაც რენოს გარეშე მაგრამ მაინც ბედნიერი.

 

კომენტარები