სამართალი

ჯაბა ლომიძე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ბრალდებულ ჯაბა ლომიძის განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ლომიძე, რომელიც  გია თორთლაძის "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრის, მაია ორჯონიკიძის შვილ ცოტნე მამულაშვილთან ერთად ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 2013 წლის თებერვალში დააკავეს, სამართალდამცავებს მასზე ფიზიკური ზეწოლით აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში ადანაშაულებს.

ლომიძესა და მამულაშვილთან ერთად, ეს ბრალდება წაუყენეს კიდევ ორ პირს - მამუკა ბაყაშვილსა და ლაშა ჯამბაზიშვილს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ედებათ, რომელიც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯაბა ლომიძის მიმართ პოლიციელთა ძალადობის შესახებ განცხადება შსს-ს გენერალურ ინსპექციაში 7 მარტს „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ალექს შოშიკელაშვილმა შეიტანა.

ცოტნე მამულაშვილის ოჯახი, ისევე როგორც „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ალექს შოშიკელაშვილი, მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ბრალდება პოლიტიკური მოტივითაა შეთითხნილი და ცოტნე მამულაშვილი დედის, მაია ორჯონიკიძის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.  

ალექს შოშიკელაშვილმა ლომიძის საქმესთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერილიც გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგაწვდით ინფორმაციას ცოტნე მამულაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

დღეს 1 მარტს ჯაბა ლომიძის უფლებების დაცვის მონიტორინგის მიზნით შევხვდი მას #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

აღმოჩნდა, რომ მას დღემდის არ ყავს ადვოკატი და მიუხედავად მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლოზე განცხადებისა, რომ მას სჭირდება ადვოკატი ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან არაფერი კეთდება, თავად მას კი როგორც ირკვევა არ აქვს შესაძლებლობა ადვოკატის აყვანის.

ჯაბა ლომიძის მონაყოლი:
პოლიციამ დამაკავა ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში (გურამიშვილის გამზირზე). პოლიციის შენობაში ამიყვანეს მეორე სართულზე კიბის მარჯვნივ ბოლო ოთახში. ოთახი მინების კედლებით იყო, თუმცა ე.წ. ფარდა ჟალუზები ჩამოწეული იყო და გარედან არაფერი ჩანდა. 
პოლიციაში წინ დამიდეს სურათები, მათ შორის ცოტნე მამულაშვილის და მომთხოვეს, რომ ჩვენება მიმეცა ამ პირების წინააღმდეგ, ვითომ მე მათთან ერთად ჩავიდინე ყაჩაღობა. მე უარი განვაცხადე, ვინაიდან მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, რის შემდგომაც პოლიციელებმა დამიწყეს სასტიკი ცემა. მცემდა დაახლოვებით 10 პოლიციელი თითქმის ერთი საათის განმავლობაში. ოთახში მყოფი პოლიციელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჩემი ცემა რომ მოწყინდებოდათ ოთახიდან გადიოდნენ და მერე სხვა პოლიციელები შემოდიოდნენ. ცემას მე გარკვეულწილად ვიტანდი და ტყუილად არ ვიბრალებდი დანაშაულს, რის შემდგომაც ერთერთმა პოლიციელმა, რომელიც იყო დაახლოვებით ჩემი სიმაღლის (175 სმ), უფრო სრული აღნაგობის, წინიდან მცირედად შემელოტებული ქერა თმით, მომიარა უკანა მხრიდან და ე.წ. დუბინკა (რეზინის ჯოხი) მომიჭირა ყელზე და ორივე ხელით მთელი ძალით იზიდავდა თავისკენ. მე ხელებით დავიჭირე რეზინის ჯოხი, თუმცა სხვა პოლიციელებმა ხელები გამიკავეს. მე ამ ძალადობის გამო სუნთქვა შემიჩერდა და გონების დაკარგვამდის მივდიოდი, როდესაც პოლიციელები თავს მანებებდნენ. შემდეგ მთხოვდნენ რომ დავთანხმებულიყავი მათ მოთხოვნას. მსგავსი ხასიათის ძალადობა განმეორდა ხუთჯერ და პოლიციელებმა ფაქტიურად სიკვდილის პირას მიმიყვანეს. მე უკვე ვეღარ გავუძელი ამდენ წამებას და პოლიციელებს განვუცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათი სურვილისამებრ, ოღონდ ჩემი წამება დაემთავრებინათ. 
ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დაკითხვა ვიდეო კამერის წინ. პირველი ჩანაწერი პოლიციას არ მოეწონა, ამიტომ მეორედ მომაყოლეს ის ტექსტი, რაც მათ წინასწარ შემითანხმეს. 
იმდენად განადგურებული ვიყავი, იმით რომ უდანაშაულო ადამიანებს ხელს ვადებდი რომ თავის მოკვლაც კი მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ვერ შევძელი. 
დღემდის ჩემთან ადვოკატი არ შემოსულა. სასამართლოზე მოვითხოვე ადვოკატი, თუმცა არ დამინიშნეს. არ ვიცი როგორ დავიცვა ჩემი უფლებები. სამართლებრივად იქნებ ვინმე დამეხმაროს ჩემი უფლებების დასაცავად. აქ საპატიმრო დაწესებულებაში არავინ მცემს, აქ ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ, რის გამოც გადავწყვიტე ჩემი უფლებების დაცვა...“

კომენტარები