პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება უსუფაშვილს მე ვურჩიე

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება მან ურჩია.

პრემიერის თქმით, უსუფაშვილს ამის სურვილი არ ჰქონდა, რადგან ''კარგად იგრძნობოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს უმრავლესობა ისედაც მიიღებდა'', მაგრამ მან ურჩია "მხარი დაეჭირა ნაციონალური მოძრაობის ახირებისთვის".

"მე რატომღაც ასე ვამჯობინე. ეს ჩვენთვის პრინციპულად არაფერს ცვლიდა. ცვლიდა მხოლოდ მათთვის. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ უცნაურობისთვის მიეღწიათ, რაც ჩემთვის დღესაც აუხსნელია. ვერ გამიგია, რად უნდოდათ ღია კარის მტვრევა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა 19 აპრილისთვის დაგეგმილი აქციის შესახებაც ისაუბრა.

"ამბობენ, ამ აქციაზე ევროპელებიც ჩამოდიან, რადგან გაუგიათ, რომ მერაბიშვილს განსაკუთრებულად უყვარს ევროპა. ღია კარს ამტვრევდნენ გუშინაც პარლამენტში. პოლიტიკურად უფრო კარგი იქნებოდა, რომ მე უსუფაშვილთან არ დამერეკა, მაგრამ ადამიანურად სჯობდა, არ დაგვეშვა ძალიან დაბალი ალბათობაც იმისა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო. საზოგადოებისთვის ეს საშიში არ იყო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა დარჩებოდა საზოგადოების მიღმა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს, რომ სჯობდა, დაგვეთმო ამ ახირებაზე. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც გვინდოდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებისგან მეტ დივიდენდებს მიიღებდა, თუ ''თავიანთ ლიდერთან ერთად ნორმალურად მოიქცეოდნენ და ეყოფოდათ ვაჟკაცობა, ყოველგვარი თამაშის გარეშე მიეცათ ხმა''.

"საბოლოოდ ხმები მისცეს, მაგრამ უმადურად გამოვიდა, მარილი ვერ მოაყარეს. არა მგონია, რომ საზოგადოებამ ეს სიამოვნებით მიიღო. მათ ლიდერს შეეძლო გამოსულიყო, კაცურად მოეწოდებინა და ამით იგი მოახერხებდა საზოგადოებასთან დაბრუნებას და დაახლოებას. ამის ნაცვლად მან გაუგებარი და აგრესიული გამოსვლა გააკეთა და ვიღაცეებს ემუქრება. ყველაზე საწყენი, რაც არის და რამაც ცუდი ფონი დატოვა, ის არის, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის, მისი ლიდერისა და საზოგადოების დაახლოება, რისი მზაობაც მე გამაჩნია. ნაბიჯი გადაიდგა, კარგი საკონსტიტუციო ცვლილება მივიღეთ, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა გაჭირვებული სამიანიც თუ მიიღეს ამაში, საერთოდაც თუ მიიღეს პოზიტივი, ეს კიდევ საკითხავია", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები