ლიბერალური რეფორმები უნდა გაგრძელდეს

საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რომელიც მემარცხენე პოპულისტური ყაიდისაა, მთავარ აქცენტს სოციალურ ვალდებულებებზე აკეთებს, რაც საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ ამგვარ სისტემაში ყოველდღიური ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება და დაგროვება მცირდება, არამედ იმიტომაც, რომ სულ უფრო ცოტა სივრცე რჩება გრძელვადიანი რეფორმების გატარებისთვის, აქედან გამომდინარე პოტენციურად სავალალო შედეგებით. ამათგან ყველაზე საშიში იქნება სახელმწიფო კმაყოფაზე მოქალაქეთა დამოკიდებულების გაზრდა, ინდივიდუალური თავისუფლების შემცირება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაქვეითება.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი დისკურსის მიღმა დარჩა, იმის გააზრებაა, რომ მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებული ლიბერალური რეფორმების ლოგიკური შედეგია. ამდენად, თუ გვინდა, რომ ხელისუფლებაში პარტიათა მონაცვლეობის ტენდენცია არ შეწყდეს, საჭიროა ამ ტიპის ტრანსფორმაციის გაგრძელება.

როცა სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მის აღდგენაზე, არამედ დამკვიდრებაზე, თორემ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დიდ გაუგებრობას იწვევს ის, თუ რის აღდგენა-რესტავრაციას ესწრაფვის დღევანდელი მთავრობა – საბჭოთა კავშირის დროინდელის, ცარისტული რუსეთის დროინდელის თუ უფრო შორეული ეპოქის. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოს, ისტორიული ქრონომეტრაჟიდან ამოგდებული რესტავრაცია კი არა, რეფორმებისა და განვითარების კურსის გაგრძელება სჭირდება.

დღევანდელ მთავრობას მემკვიდრეობით ერგო ქვეყანა, რომელმაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გაატარა გაბედული რეფორმები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ამ რეფორმების საყოველთაოდ აღიარებული მიზანი იყო საქართველოს გარდაქმნა თანამედროვე სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს შიდა და გარე ლეგიტიმურობა, გამართული მართვის აპარატი, ავტონომიურობა, თვითგადარჩენის უნარი და შეუძლია რეაგირება გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

სტრუქტურული რეფორმების შედეგია ის, რომ ქართულ სახელმწიფო სისტემას ენდობიან მისი მოქალაქეები, რაც დადასტურებულია მრავალი გამოკითხვით. მას პატივს სცემენ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც პასუხისმგებლიან მოთამაშეს, რომელიც პატიოსნად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს უკანასკნელიც დადასტურებულია იმ აღიარებით, რაც საქართველომ მოიპოვა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში.

ზემოაღნიშნული შედეგია იმ ფუნდამენტური, ზოგჯერ მეტისმეტად მწვავე და არაპოპულარული რეფორმებისა, რომლებიც, მართალია, უზრუნველყოფდა საშუალო სტანდარტით მოქალაქეთათვის მომსახურების გაწევას, მაგრამ, საზოგადოებრივი ინერციის საპირისპიროდ, ძირითადად ორიენტირებული იყო გრძელვადიან განვითარებასა და მატერიალურ-ფინანსური რესურსების დაგროვებაზე.

არ ვამტკიცებთ იმას, რომ წინა მთავრობა ცალსახად მემარჯვენე და პოპულიზმისგან დაზღვეული იყო. მემარცხენე პოპულისტური გადახრები განსაკუთრებით თვალში საცემი პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე ვადით არჩევის შემდეგ გახდა, როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა ისეთი სოციალური ტვირთის აღება, რაც მხოლოდ მდიდარ საზოგადოებებს ხელეწიფებათ. „საყოველთაო ჯანდაცვა“ და „ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა“ სოციალური პოპულიზმის ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა. სხვა ფაქტორებს რომ თავი გავანებოთ, ქართველ ექიმთა მდარე კვალიფიკაცია და სამედიცინო დაწესებულებათა დაბალი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები ამ პროექტს იმთავითვე უტოპიურ ოცნებად აქცევდა.

მეორე მხრივ, წინა მთავრობის მიერ წამოწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს უწყობდა გრძელვადიან განვითარებას, საზოგადოების მობილურობას და ინდივიდის თავისუფალ არჩევანს, რასაც საბოლოო ჯამში უნდა მოეტანა უფრო მრავალფეროვანი, ლიბერალური და მაღალეფექტიანი საზოგადოება ურბანული მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდის კვალდაკვალ.

საქართველოს წინა მთავრობას ვერც იმას დავუკარგავთ, რომ იგი რიტორიკის დონეზეც და პოლიტიკის განხორციელების დროსაც, ფაქტობრივად, არ ერეოდა ინდივიდის მორალურ თავისუფლებაში და არ გამოდიოდა საზოგადოების ზნეობრივი მოძღვარის როლში, რაც, სხვა სიკეთეებთან ერთად, ხელს უწყობდა მრავალფეროვანი, ტოლერანტული სოციუმის დამკვიდრებას. ამის საპირისპიროდ, „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსული ახალი მთავრობა ხშირად გვევლინება ზნეობრივი დოგმების დამდგენი მენტორის როლში და არ ერიდება რელიგიური ორგანიზაციის ფუნქციების შეთავსებას.

თუკი წინა მთავრობა სამოქალაქო მართლწესრიგის დაცვას ანიჭებდა უპირატესობას, ახალი მთავრობა საზოგადოების ზნეობრივ სიწმინდეზე უფრო ზრუნავს. კონდომებსა და კაზინოებზე, სიცრუესა და სიმართლეზე, სქესობრივ მოწიფულობასა და მოუმწიფებლობაზე, ავისა და კარგის დადგენაზე მიმდინარე პოლემიკა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნება ამ მორალური ასკეტიზმის მკაფიო ნიმუშებია.

თავისუფალ საზოგადოებაში სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია ზნეობრივი დოგმების დადგენა არაა და არც კანონიერსა და სამართლიანს შორის ისმება ასეთ საზოგადოებაში ტოლობის ნიშანი. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო მხოლოდ არაპირდაპირ ზემოქმედებს საზოგადოებრივ მორალზე მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობით, პლურალიზმისა და კონკურენციის ხელშეწყობით და გამჭვირვალე საშინაო და საგარეო პოლიტიკით.

თუ საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი მთავრობის პოპულისტურ და მორალისტურ ცდუნებათა მოთოკვა სურთ, მათ უნდა აიძულონ ის, მოეშვას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას და გააგრძელოს ლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ხელისუფლების სხვა შტოების ჩაურევლობა და თვითმმართველობის სისტემის რეფორმა ლოგიკური გაგრძელება იქნება ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებული გარდაქმნებისა.

მოქალაქეთა მიერ მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა ინდივიდუალური თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა. პირდაპირი წესით თბილისის მერის არჩევა, თავის დროზე, საქართველოს შიგნით და გარეთ დიდ მიღწევად ჩაითვალა. ეს წესი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა სოფელს, დაბას, ქალაქსა და მხარეს უნდა შეეხოს.

პოლიტიკური უფლებამოსილების დევოლუციის პარალელურად, რაც, უპირველეს ყოვლისა, თვითმმართველ ერთეულებს შორის ჰორიზონტალური კავშირურთიერთობების წახალისებაში უნდა გამოიხატოს, საჭიროა სათანადო ეკონომიკურ-ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფა, რათა მოქალაქეებს შეექმნათ იმის განცდა, რომ ისინი, უბრალოდ, სახელმწიფოს ნაწილები კი არ არიან, არამედ თავად შეადგენენ სახელმწიფოს. თვითმმართველობათა პასუხისმგებლობის ზრდას ხელს შეუწყობს მათთვის ადგილობრივი პოლიციის შექმნის უფლებამოსილების მინიჭება. თვითმმართველობის რეფორმა საზოგადოებრივი განხილვის მნიშვნელოვან თემად დღესვე უნდა იქცეს, რათა ინიციატივა ბოლომდე მოქალაქეთა ხელში დარჩეს.

2004-2008 წლებში განხორციელებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი სკოლების ავტონომიურობის უზრუნველყოფა იყო, რასაც საქართველოს საკითხებით დაინტერესებულმა ზოგიერთმა უცხოელმა ექსპერტმა „ახალი ვარდების რევოლუცია“ უწოდა. სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში განათლების სისტემის რეცენტრალიზაცია მოხდა. საჯარო სკოლების თვითმმართველობის აღდგენა განათლების რეფორმის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.

თავდაცვის სფეროს რეფორმაზე ვრცლად სხვა დროს ვისაუბრებთ. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ უნდა ვიფიქროთ თბილისში, ქუთაისსა და სხვა რამდენიმე დიდ ქალაქში „ოფიცერთა სახლების“, ერთგვარი კლუბების ჩამოყალიბებაზე, სადაც ქართველ ოფიცრებს შეეძლებათ საჯარო ღონისძიებების, მათ შორის, კონფერენცია-სემინარების გამართვაც და დასვენებაც.

საქართველო პირველი ქვეყანა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელმაც ნამდვილი მრავალპარტიული არჩევნები ჩაატარა 1990 წელს. ჩვენ ასევე პირველებმა გავმართეთ რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე 1991 წელს. უფრო ადრე, 1918 წელს, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ომის ქარცეცხლში გახვეული ევროპის პერიფერიაში, კავკასიაში, გამოვაცხადეთ დემოკრატიული რესპუბლიკა და მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ. აღარაფერს ვამბობ ჩვენი ისტორიის უფრო შორეულ პერიოდებზე, როცა ადრეულ და გვიან შუა საუკუნეებში ჩვენი რეგიონისთვის უჩვეულო რეფორმები განვახორციელეთ.

ვარდების რევოლუცია ქართველი ადამიანის რეფორმატორული სულისკვეთების კიდევ ერთ გამოვლინებად იქცა. თუ 2003-2012 წლებში მოქმედი საქართველოს მთავრობა ვარდების რევოლუციის პროდუქტი იყო, მაშინ მისივე პროდუქტია 2012 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბებული მთავრობაც. მხოლოდ ლიბერალურ რეფორმებზე უარი გვაფიქრებინებს სხვაგვარად.

 

კომენტარები