ქართული ოცნება

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიკვეთა. ეს ჩანს როგორც ზოგად რიტორიკაში და სიმბოლურ დიპლომატიურ ჟესტებში, ისე რამდენიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მიმართულებაში.

ამ მიმართულებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებებს შორის არის: მისი მზაობა გახსნას აფხაზეთის რკინიგზა; მმართველი გუნდის კანონპროექტი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ; საუბრები მარიონეტული რეჟიმების (თუმცა ამ ტერმინს ახალი მთავრობა აღარ იყენებს) კონფლიქტის მხარეებად აღიარების შესაძლებლობაზე; ზაქარეიშვილის განცხადებები ამ რეჟიმების მიერ გამოცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღიარების საჭიროების შესახებ და სხვა.

ოკუპირებული ტერიტორიები არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც საქართველოს პოზიციაში ცვლილებები შეინიშნება. ამას თან სდევს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა რუსი ჯაშუშების გამოშვება, პრემიერის გაუგებარი განცხადებები ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე, მისივე გამოცხადებული სიმპათიები სომხეთის „სამაგალითო“ საგარეო პოლიტიკის მიმართ, დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებები ევრაზიული კავშირის მომხიბვლელობაზე. ამ ყველაფერს კი თან დაერთო ნიკოლოზ ვაშაკიძის დემონსტრაციული წასვლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. ვაშაკიძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა მისთვის მიუღებელი ცვლილებების ნიშნები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

ეს ყველაფერი ახალი მთავრობის მოსვლიდან მხოლოდ 4 თვის მანძილზე მოხდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ წინ კიდევ ბევრი სიახლე გველის.

ჩამოთვლილი სიმპტომები მიანიშნებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების სტრატეგია გულისხმობს რუსეთის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის მიზანმიმართულ შესუსტებას. რა შეიძლება იყოს ამ სტრატეგიის მიზანი? არსებობს ორი ალტერნატიული შესაძლებლობა: 1) ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ შეძლებს ბალანსირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, რითაც თავიდან აიცილებს რუსეთის შემდგომ აგრესიულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ; 2) ივანიშვილს სურს საქართველოს ბოლომდე შეყვანა რუსეთის გავლენის სფეროში და მისი ამჟამინდელი ქმედებები ამ ხანგრძლივი პროცესის დაწყებითი სტადიაა.

დღეს შეუძლებელია ზუსტად თქმა, ამ ორიდან რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე. სამაგიეროდ, ცხადია ის, რომ ორივე შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მცდარია და მძიმე შედეგებს მოიტანს. ამ სამწუხარო ფაქტის მიზეზი იმალება რუსეთის სტრატეგიულ მიზნებში, რომლებიც მას საქართველოსთან მიმართებით გააჩნია. ამ მიზნებს შორის არის: 1) საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის ბლოკირება ან მისი ფუნქციონირების შეფერხება – აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და დასავლეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის შესაზღუდად; 2) დასავლეთთან, თურქეთთან და სხვა ძალებთან საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობების რუსული კონტროლის ქვეშ მოქცევა; 3) საქართველოს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის ერებისთვის წარმატებული და რუსეთისგან დამოუკიდებელი განვითარების მაგალითის მოსპობა.

რუსეთის ყველა ჩამოთვლილი მიზანი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ამიტომ, ვერცერთი ოდნავ მაინც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება განგებ ვერ შეუწყობს ხელს ამ მიზნების რეალიზებას. რუსეთი ამას მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ საქართველოს ხელისუფლებაში მოვა მისი უშუალო სატელიტი, ან თუ საქართველო იქცევა არშემდგარ სახელმწიფოდ, რომელიც ვეღარ განახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს.

დღეს არ გვაქვს საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ივანიშვილის და მისი ხელისუფლების წევრების უმეტესობის მიზანია საქართველოს კეთილდღეობის და უსაფრთხოების დაკნინება. შესაბამისად, რუსეთისადმი დათმობების გზაზე ეს ხელისუფლება ვერ წავა იმდენად შორს, რამდენიც საკმარისი იქნება რუსეთისთვის, მისი მიზნებიდან გამომდინარე. კრემლში ეს იციან. ამიტომ, რუსეთისთვის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი დათმობები არის მხოლოდ გარდამავალი ეტაპი საქართველოზე ზემოქმედების პროცესში. ეს დათმობები იქნება გამოყენებული საქართველოს, მათ შორის, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. კრემლი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა მიიყვანოს საქართველო იმ კონდიციამდე, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსეთის ყველა სტრატეგიული მიზნის რეალიზებას. და ეს კონდიცია ძალიან უსიამოვნო იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. არა მხოლოდ პატრიოტული გრძნობების კუთხით, არამედ ძალიან უშუალო, მატერიალური თვალსაზრისითაც.

პოტენციური მსხვერპლის დათმობების გამოყენება მისივე წინააღმდეგ არის მეთოდი, რომელიც რუსეთს მრავალჯერ გამოუყენებია. დასავლეთთან საქართველოს კავშირების შესუსტება გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის იზოლირებისთვის. მსგავსი პროცესის მაგალითია იანუკოვიჩის უკრაინა. ქვეყნის შიგნით, რუსეთი გამოიყენებს საქართველოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის პარალიზებას დესტაბილიზაციის გამოსაწვევად და საკუთარი გავლენის გასაზრდელად. ამ მხრივ რუსეთი მაქსიმალურად გააკეთებს იმდენს, რამდენის საშუალებასაც საქართველოს ხელისუფლება მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ სულაც არ შეაჩერა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ფსევდოსეპარატისტული ორგანიზაციები, რომლებიც პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს ჯავახეთის სომხების და ქვემო ქართლის აზერბაიჯანელების თემებზე. საქართველოში დაიწყეს ჩამოსვლა რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ფიგურებმა. ვალერი ხაბურძანია ქმნის პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას. ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დასაწყისის ნიშნებია. უახლოეს წლებში რუსეთის აქტიურობა საქართველოში მხოლოდ გაიზრდება. ყველა ჩვენი დათმობა რუსეთში იქნება მიღებული არა როგორც კეთილი ნების ჟესტი, არამედ როგორც საქართველოზე ზემოქმედების დამატებითი შესაძლებლობა. კრემლს არ სჭირდება კეთილი ნების ჟესტები, მას სჭირდება საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევა.

1920 წელს საქართველომ გააფორმა რუსეთთან შეთანხმება, რომელსაც უნდა მოეგვარებინა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ამის ნაცვლად, შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს საგარეო იზოლაციას და მის შიდა დესტაბლიზაციაზე მიმართულ ბოლშევიკურ ქმედებებს. ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული გაკვეთილი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. ისევე, როგორც ბევრი სხვა მოვლენის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიაში ბოლო წლების ჩათვლით, რომელსაც საქართველოსთვის სავალალო შედეგი ჰქონდა.

ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა არის ამ სახელმწიფოს მიზნები, რას ელის ის ამ ურთიერთობისგან. როდესაც ეს არ გვესმის, შედეგები, როგორც წესი, მძიმეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხსენებული სახელმწიფო არის რუსეთი.

 

კომენტარები