სამხედრო სწავლების პროგრამა

ლუკაშევიჩი: უცხოური სამხედრო ხელშეწყობა თბილისისთვის, მშვიდობის გამყარების პერსპექტივებს ართულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების პროგრამის, Agile Spirit 2013-ის მიმდინარეობას გამოეხმაურა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული  სწავლება, რომელსაც ''ამერიკელი პარტნიორები რუსეთს განუმარტავენ, როგორც ავღანეთის ოპერაციისთვის მომზადებას, ნამდვილად იწვევს შეშფოთებას''.

"საქართველომ, როგორც ცნობილია, 2008 წელს კავკასიაში სამხედრო კონფლიქტი გააჩაღა, დღეს კი ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უცხოური სამხედრო ხელშეწყობა თბილისისთვის, რითაც არ უნდა იყოს მოტივირებული, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარების პერსპექტივებს ართულებს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება Agile Spirit 2013, საქართველოში მესამედ ტარდება და სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.

კომენტარები