მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

დღეს ერთმანეთს საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებები შეხვდებიან

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები დღეს საქართველოს უმასპინძლებს.

ქართველების შემდეგ, ფრანგები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის გუნდს ხვდებიან, ამიტომ ჯვაროსნებთან გამარჯვება მათთვის ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია. ფრანგების მეკარე ჰიუგო ლიორისი იმედიანადაა განწყობილი.

- დღევანდელი მატჩის შედეგი, შემდეგ შეხვედრაზეც იქონიებს გავლენას. დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საფრანგეთი ღირსეულად წარმოვადგინოთ. რთული კვირა იქნება, რადგან ორი მატჩი გველის, მაგრამ მოცემულ მომენტში მხოლოდ საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ, - განაცხადა ლიორისმა.

ფრანგების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მიანიშნა, რომ მისი გუნდი დაცვითი ტაქტიკით მოთამაშე ქართველების წინააღმდეგ ორი ფორვარდით ითამაშებს.

- ფეხბურთში თუნდაც ფურცელზე უსუსტეს გუნდსაც კი აქვს შანსი. საქართველომ უკვე გვაჩვენა, რომ ღირსეული გუნდია. საფეხბურთო მახასიათებლების გარდა, ძალიან მებრძოლი და კარგი მხრივ აგრესიული გუნდია. არ დაივიწყოთ, რომ ესპანეთთან მატჩში მათ კინაღამ სენსაცია მოახდინეს, - ეს დიდიე დეშამის სიტყვებია.

საკმაოდ გაწონასწორებული კომენატარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ:

- ფრანგები იბრძვიან, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ, ამიტომ დღეს მოსაგებად გამოვლენ. ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ ფრანგებთან, არამედ სხვა გუნდებთანაც ძალიან ძნელი თამაშები გველოდება. იმედია, ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხვალ კარგი ფეხბურთი აჩვენონ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 სთ-ზე დაიწყება.

 

კომენტარები