ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო მე-14 რაუნდი გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეთანხმდა ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი, რითიც მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებების პროცესში.

 "აღნიშნული შედეგი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ასოცირების შესახებ შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან შედარებით ყოვლისმომცველი, პოლიტიკურად ბევრად ძლიერი და შინაარსობრივად ბევრად უფრო ღრმა დოკუმენტია, რომელსაც თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და მოიცავს ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის მძლავრ მექანიზმებს". –აღნიშნულია განცხადებაში. 

მოლაპარაკებების ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან მთავარი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი იყო, ხოლო ევროკავშირს საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი წარმოადგენდა. 

ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყო. შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 1996 წელს ხელმოწერილ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და შექმნის თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებს.

კომენტარები