საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა, უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს ღია წერილით მიმართა. მან მეცნიერებს მადლობა გადაუხადა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევის საკითხზე გამოჩენილი ინტერესის გამო და სამინისტროს პოზიცია გააცნო.
"ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, აგრარულ უნივერსიტეტში აღმოაჩინა დარღვევები, რომელთა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი იყო. შესაბამისად, მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ვალდებული ვარ ვემორჩილებოდე საქართველოს კანონს და ვმოქმედებდე მხოლოდ მის ფარგლებში. აგრეთვე, ბატონი კახა ბენდუქიძე, როგორც საქართველოს მოქალაქე და აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვალდებულია ემორჩილებოდეს საქართველოს კანონს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აღსანიშნავია, ბატონმა კახა ბენდუქიძემ აღიარა ხარვეზების არსებობა და მოიყვანა უნივერსიტეტის დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში და წარადგინა განაცხადი ხელახალი ავტორიზაციისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მარგველაშვილის განცხადებით, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, აგრეთვე, რომ არ მომხდარიყო ამ პროცესის უფრო პოლიტიზირება ”ბატონი ბენდუქიძისა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების მხრიდან, რისი მცდელობაც თავიდანვე იყო”, მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი. აგრარული უნივერსიტეტის საკითხის განხილვა 26 მარტს იგეგმება.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა გიორგი მარგველაშვილს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დაბრუნების თხოვნით მიმართეს, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს 12 მარტს გაუუქმა.
"საქართველოს საზღვრებს გარეთ მომუშავე ქართველი მეცნიერები შეშფოთებას გამოვთქვამთ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენათა გამო და მოგმართავთ თხოვნით დაუყოვნებლივ გადახედოთ 2013 წლის 12 მარტს მიღებულ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებას. გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, და მათ შორის აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო და აკადემიური პროცესები მიმდინარეობდეს მაქსიმალურად თავისუფლად და უმტკივნეულოდ. შექმნილ ვითარებაში იმედს ვიტოვებთ რომ განათლების სამინისტრო შეძლებს დროზე განმუხტოს და თავიდან აიცილოს ყოველგვარი შესაძლო შემდგომი კონფრონტაცია პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, რაც მხოლოდ უარყოფითად აისახება სწავლებისა და კვლევის ხარისხზე", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 43 მეცნიერი აწერს.