ფოკუსი

აგრარული უნივერსიტეტი - მითები და ფაქტები

0 კომენტარი

მითი: კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად მიიტაცა.

ფაქტი: მთავრობის თხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე კახა ბენდუქიძემ სოფლის მეურნეობის სფეროში მეცნიერების, კვლევისა და სწავლების განვითარების დაფინანსება გადაწყვიტა. მთავრობამ მას შემდეგი პირობები შესთავაზა: ბიუჯეტში 8.5 მილიონი ლარის გადახდა დადგენილი გრაფიკით და ამდენივეს ინვესტირება უნივერსიტეტში. ამ დროისთვის, ინვესტიცია 12 მილიონს შეადგენს. სულ, ცოდნის ფონდის მეშვეობით, კახა ბენდუქიძემ საგანმანათლებლო მიზნებისთვის ორი წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფომ 5 წლის განმავლობაში იმავე მიმართულებით – მხოლოდ 180 მილიონი ლარი.

 

მითი: აგრარული უნივერსიტეტის მეშვეობით კახა ბენდუქიძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ქონებაც მიითვისა.

ფაქტი: აგრარულ უნივერსიტეტთან 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შერწყმა საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოხდა 2010 წელს ანუ მანამდე, სანამ აგრარული განათლების და მეცნიერების ფონდი უნივერსიტეტს შეიძენდა. შედეგად, უნივერსიტეტს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კუთვნილი მხოლოდ 5 შენობა დარჩა. დანარჩენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობები, რომელთა უმრავლესობა თბილისის პრესტიჟულ უბნებში მდებარეობდა, ისევ სახელმწიფოს ეკუთვნის. მათ შორისაა ის შენობაც, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მდებარეობს და სადაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. ამასთან, ადრე სახელმწიფო თითოეულ ამ ინსტიტუტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარით აფინანსებდა. როცა უნივერსიტეტის მფლობელი ფონდი გახდა, მთავრობამ ეს დაფინანსება შეწყვიტა. შედეგად, ამ ინსტიტუტების შენახვა ახლა აგრარული უნივერსიტეტის ხარჯზეა.

 

მითი: აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა გაძვირდა და თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ, საქართველოში სწავლა ყველაზე ძვირი ამ უნივერსიტეტში ღირს.

ფაქტი: აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის საფასური არ გაზრდილა. თითქმის იგივეა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში და 2400 ლარს შეადგენს.

 

მითი: კახა ბენდუქიძეს გადაეცა 400 მილიონი დოლარის ქონება. 400 მილიონი დოლარის დათვლა მოხდა შემდეგნაირად: ერთ-ერთი ყოფილი ლექტორის განცხადებით, დიღომში არის 800 ჰექტარი მიწა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კუთვნილებაში, 1 კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს საშუალოდ 50 აშშ დოლარს.

ფაქტი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწის ფართი დიღომში შეადგენს 13-ჯერ ნაკლებს (60 ჰექტარს) და არა 800 ჰექტარს. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კუთვნილი ტერიტორიების გასხვისება დაიწყო 1991 წლიდან. შესაძლოა, საბჭოთა პერიოდში, აგრარულ უნივერსიტეტს და მასში შემავალ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს მართლაც ჰქონდათ 800 ჰექტარი მიწა, მაგრამ ბოლო ოცწლეულის მანძილზე, სხვადასხვა მიზეზით ხდებოდა ამ ტერიტორიის გასხვისება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიწის ძვირადღირებული ნაკვეთები, რომელიც მანამდე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, 2003 წლამდე იყო გაყიდული. ამ ტერიტორიებზე ახლა განთავსებულია ავტოკომპანიები, ავტოგასამართი სადგურები, რესტორნები და ა.შ. გარდა ამისა, ვალდებულებით დატვირთული (მას ფონდი ვერ გაყიდის კომერციული მიზნებისთვის, საკუთარი შეხედულებისამებრ) სასოფლო-სამეურნეო მიწა, გამორიცხულია, 50 აშშ დოლარი ღირდეს.

 

მითი: ბოლო ორი წლის განმავლობაში (ბოლოს მიღებული ავტორიზაცია/აკრედიტაციის შემდეგ) აგრარულ უნივერსიტეტში მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ საჭირო გახდა, საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, არაგეგმიური პროცედურების გატარება და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება.

ფაქტები:

• 2011 წლის შემდეგ შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 50 ლაბორატორია, ექვსი ახალი კვლევითი ცენტრი და რეგიონში საუკეთესო ვეტერინარული კლინიკა.

• 3,5-ჯერ გაიზარდა პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასები.

• საზღვარგარეთ მოღვაწე 20-მდე წარმატებული ქართველი მეცნიერი დაუბრუნდა საქართველოს და აგრარულ უნივერსიტეტს.

• 2012 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების მაჩვენებლით, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა 37-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

• უნივერსიტეტმა დააფინანსა და მიმდინარეობს 47 კვლევის პროექტი, რომელთა ბიუჯეტი ერთი წლის განმავლობაში 800 ათას ლარს შეადგენს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები