ფოკუსი

დაგვაცადე სწავლა, მინისტრო!

აგრარული უნივერსიტეტი - მითები და ფაქტები

მარტს, დილის ხუთ საათზე, 10-საათიანი მსჯელობის შედეგად, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომისიამ გადაწყვიტა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს აღარ აქვს სწავლების უფლება.

რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება:

სტუდენტებისთვის – ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტში უნდა გადანაწილდნენ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით. აგრარულის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ეს სასწავლებელი 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით 57 უნივერსიტეტს შორის მე-6 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტში შედარებით მაღალქულიანი სტუდენტები ხვდებიან. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აგრარულის სტუდენტებს ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლა მოუნდებათ, სადაც შედარებით მაღალი ხარისხის განათლების მიღებაა შესაძლებელი.

განსაკუთრებით ისინი დაიჩაგრებიან, ვინც ისეთ სპეციალობებს ეუფლება, რომლებსაც სხვა უმაღლესებში ვერ შესთავაზებენ. აგრარულ უნივერსიტეტში ასეთი ხუთია: სავეტერინარო მედიცინა, ზოოტექნოლოგია, მევენახეობა-მეღვინეობა, აგრონომია, ელექტროინჟინერია და მართვის ავტომატიზებული სისტემები. ამ შემთხვევაში არსებობს ერთადერთი გამოსავალი – სტუდენტმა ხელახლა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასეთ სპეციალობებს აგრარულ უნივერსიტეტში 350 სტუდენტი ეუფლება.

ამ პრობლემის მოგვარებას განათლების მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული ფაკულტეტის გახსნით და აღჭურვით აპირებს. თუმცა უცნობია რამდენად აქვს გაცნობიერებული, რომ დანაპირების შესასრულებლად დიდი ინვესტიცია და დრო დასჭირდება, ან რამდენად შეძლებს მინისტრი, ფორსირებულ რეჟიმში და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, შექმნას ისეთი ფაკულტეტი, რომელიც კანონის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების არა, მაგრამ განსხვავებული საგნების ჩაბარება მოუწევს დაახლოებით ათას ხუთას სტუდენტს, რომლებიც თავიანთ მსგავს პროგრამებზე სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.

გაუგებარია მათი ბედი, ვინც აგრარულ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ძველი სისტემით სწავლობდა და მაგისტრის დიპლომი 5 წლის სწავლის დასრულების შემდეგ უნდა აეღო.

კანონის თანახმად, ავტორიზაციის გაუქმების ავტომატური შედეგია აკრედიტაციების შეწყვეტა, რაც თავის მხრივ ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული სტუდენტური გრანტების გაუქმებას იწვევს. ჩვენი კანონმდებლობა დაკარგული გრანტის აღდგენას არ ითვალისწინებს. გრანტის მინიჭება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ხდება. სტუდენტები ვეღარ ისარგებლებენ ვერც მობილობით, რადგან კანონის მიხედვით, მობილობა ერთი მოქმედი უნივერსიტეტიდან მეორეში გადასვლას ნიშნავს.

ცალკე საკითხია ჯარში გაწვევა. სტუდენტის სტატუსი ვაჟებს ჯარში წასვლის გადავადების უფლებას აძლევს. სტატუსის გარეშე, მათ სავალდებულო სამსახური მოუწევთ.

პროფესორებისთვის – ისინი სამსახურის და ხელფასის გარეშე დარჩებიან. შეწყდება სამეცნიერო გრანტები და კვლევითი პროექტები.

დღეს აგრარულ უნივერსიტეტში 290 მეცნიერი და 231 პროფესორი მუშაობს მუდმივ შტატში. დამატებით, სასწავლებელს მოწვეული ჰყავს 115 პროფესორი. 20 მეცნიერი აგრარულ უნივერსიტეტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან დაბრუნდა და თავიანთ საქმიანობას აქ განაგრძობს. დღეს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასი შეადგენს საშუალოდ 600 ლარს, ხოლო უფრო წარმატებული მეცნიერების ხელფასი გარკვეულ შემთხვევებში 3150 ლარს აღწევს.

თანაც უმეტეს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსები დასრულებულია, შტატები შევსებულია რამდენიმეწლიანი კონტრაქტებით და მოწვეული პროფესურაც განსაზღვრულია. კიდევ უფრო მძიმე დღეში არიან და სრულიად გაუგებარია სად უნდა დასაქმდნენ ის ადამიანები, ვინც იმ დისციპლინებს ასწავლიდა, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებში საერთოდ არ ისწავლება. ასეთი 70-მდე პროფესორია.

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე აღნიშნავს, რომ თუ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციას არ აღუდგენენ, თავისუფალი უნივერსიტეტი ეცდება აკრედიტაციის მოპოვებას ყველა იმ პროგრამაზე, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლებოდა – იმისთვის, რომ სტუდენტებს და პროფესურას სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვაში დაეხმაროს. თუმცა, ამ პროცესმა შესაძლოა დიდი დრო წაიღოს.

აბიტურიენტებისთვის – მათ, ვისაც ვეტერინარობა ან აგრონომის პროფესია აინტერესებთ და არ სჯერათ, რომ მარგველაშვილი შეძლებს ექვს თვეში ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარულზე უკეთესი სასწავლო გარემოსა და პირობების შექმნას, ალტერნატიული პროფესიის არჩევა მოუწევთ.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც რამდენჯერმე გაკვრით ითქვა, აგრარული უნივერსიტეტის საკუთრების უფლების ხელყოფის რისკია: აგრარული განათლების და მეცნიერების ფონდს აგრარული უნივერსიტეტი იმ პირობით აქვს შესყიდული, რომ საქმიანობის პროფილს ვერ შეცვლის. შესაბამისად, თუ უნივერსიტეტს ავტორიზაცია დიდხანს ექნება გაუქმებული, გამოვა, რომ ის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს და შესაძლოა, დღის წესრიგში ფონდისთვის მისი ჩამორთმევის საკითხიც დადგეს.

საინტერესოა, რა სიკეთის დასაცავად გადაწყვიტა საბჭომ ამხელა ზიანის მიყენება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და აბიტურიენტებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რას „აშავებდა” აგრარული ისეთს, რომ მისი დახურვა მეტ სიკეთეს მოიტანდა, ვიდრე ფუნქციონირება. მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ (ამ შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭომ) არ შეიძლება გამოიტანოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე:

• სტუდენტების კონსტიტუციური უფლების დარღვევად მონიტორინგის საბჭომ უნივერსიტეტის შიდა წესი ჩათვალა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტი უფლებას იტოვებდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტისთვის სტატუსი შეეწყვიტა. განათლების სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მიზეზით უნივერსიტეტიდან 609 სტუდენტი გარიცხეს. განათლების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, რომ არცერთ სტუდენტს არ უჩივლია იმიტომ, რომ „ბევრ სხვასაც არ უჩივლია ბევრ სხვა დარღვევასთან დაკავშირებით”.

ამ ბრალდების საპასუხოდ, უნივერსიტეტი ამბობს, რომ „სასწავლო პროცესის რეგულირების წესში” არასდროს ყოფილა ჩანაწერი, რომელიც დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსს შეუწყვეტდა. ამ შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი დროებით შეუჩერდებოდა – ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. უნივერსიტეტის იურისტების მტკიცებით, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ 2011-2012 წლებში არცერთი სტუდენტი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო არ გარიცხულა. მეტიც, უნივერსიტეტმა გააუქმა გამოცდის გადაბარების საფასური, რაც უმრავლეს უნივერსიტეტებში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მტკიცებით, ყველა, ვინც გაირიცხა, გაირიცხა არა იმიტომ, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს, არამედ იმიტომ, რომ სემესტრის განმავლობაში ექვსი გამოცდიდან ხუთში ჩაიჭრა. მეტიც, უნივერსიტეტმა ხელმოკლე

სტუდენტებისთვის სპეციალური დასაქმების პროგრამა შეიმუშავა: არასალექციო დროს ისინი ბიბლიოთეკაში მუშაობენ, ხელფასის სახით 200 ლარს იღებენ და შემდეგ შეუძლიათ სწავლის საფასური დაფარონ.

• მონიტორინგის საბჭომ დარღვევად მიიჩნია, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა ორ სტუდენტს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში გავლილი კურსები კრედიტად ჩაუთვალა. საბჭოს მტკიცებით, უნივერსიტეტს არ ჰქონდა უფლება განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე ეღიარებინა წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კრედიტები.

როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ ეს პრობლემა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ამოწურეს – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაციის ჩამორთმევამდე დაადასტურა, რომ ამ სტუდენტებმა სომხეთში ადეკვატური განათლება მიიღეს და უნივერსიტეტს შეეძლო იქ გავლილი კურსები კრედიტებად ჩაეთვალა.

• ავტორიზაციის საბჭომ აგრარულის ლექტორების კვალიფიკაციაც პრობლემად მიიჩნია. მათი მტკიცებით, ლექციებს მაგისტრატურის სტუდენტები კითხულობენ. ამ შენიშვნას უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა – „არცერთი ლექტორი არ ჰყავს აგრარულ უნივერსიტეტს. სტუდენტებთან ლექციებზე მათი თანატოლები შედიან”.

განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სწავლების სტანდარტი დაცულია, თუ 24 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, უნივერსიტეტს 70 სტუდენტზე მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი, ამასთან, არანაკლებ 25 სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი ჰყავს.

აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს 2000-მდე სტუდენტი, უნივერსიტეტს აქვს 25-მდე საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისად, ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკმარისია აგრარულ უნივერსიტეტს ჰყავდეს 30-მდე პროფესორი. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, უნივერსიტეტში 231 პროფესორი მუშაობს, ამათგან 108 სრული და ასოცირებული პროფესორია. ნახევარზე მეტი 40 წელს გადაცილებულია.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, მაგისტრატურის სტუდენტებს ლექტორის სტატუსი არ ჰქონიათ. ისინი ლექტორებს სასემინარო სამუშაოს წარმართვასა და ორგანიზებაში ეხმარებოდნენ, რაც კარგად აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

• ავტორიზაციის საბჭომ პრობლემად ჩათვალა ისიც, რომ აგრარულში ლექციებს უცხოეთში განათლებული ლექტორები კითხულობენ, რომელთა ხარისხიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს არ უღიარებია.

ამ შენიშვნის გახმოვანებით, საბჭომ ხელისუფლება ამხილა კანონის უხეშ დარღვევაში. მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრს და ამავდროულად პროკურორს, თეა წულუკიანს, კანონით მოეთხოვება უმაღლესი იურიდიული განათლება. ამ უკანასკნელს ხარისხი მიღებული აქვს საფრანგეთში და თანაც სახელმწიფო მართვაში და არა სამართალში. იმისთვის, რომ მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში უმაღლეს იურიდიულ განათლებად ჩაითვალოს, ის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა უნდა აღიაროს ასეთად. იუსტიციის მინისტრს ეს პროცედურა არ გაუვლია, ამის მიუხედავად, კვლავინდებურად იკავებს პოსტს და ინარჩუნებს უფლებამოსილებას, სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს სახელმწიფოს სახელით.

ამდენად, გაუგებარია, რატომ უთვლის ხელისუფლება აგრარულ უნივერსიტეტს პრობლემად იმას, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში განათლება მიღებული ლექტორები უკითხავენ სტუდენტებს ლექციებს, მაშინ როდესაც უცხოეთში განათლებულ სახელმწიფო მართვის მაგისტრს უჭირავს თანამდებობა, რომელიც უმაღლეს იურიდიულ განათლებას მოითხოვს.

• მონიტორინგის ჯგუფმა პრობლემად მიიჩნია დოქტორის ხარისხის დაცვასთან დაკავშირებული პროცედურა. უფრო ზუსტად, ის ვერ შეთანხმდა აგრარულ უნივერსიტეტთან იმაზე, თუ როდის მთავრდება 2012 წელი.

საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტს სადოქტორო პროგრამების განხორციელების აკრედიტაცია 2006 წელს მიენიჭა და ძალაში 2007-2008 სასწავლო წლიდან შევიდა ხუთი წლის ვადით, 2011-2012 სასწავლო წლამდე. აგრარულმა სადოქტორო ხარისხი რამდენიმე სტუდენტს 2012 წლის ოქტომბერში მიანიჭა. საბჭოს მტკიცებით, 2012 წელი დასრულდა არა დეკემბერში, როგორც ამას აგრარული ამბობს, არამედ სექტემბერში. ანუ მაშინ, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო და უნივერსიტეტს არ აქვს უფლება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე სწავლების დაწყების განსხვავებული ვადები დააწესოს.

რეალურად, კანონში მსგავსი არაფერი წერია. სადოქტორო პროგრამების დაწყება და დასრულება უნივერსიტეტში რექტორის ბრძანებით რეგულირდება, რადგან კანონის მიხედვით, სადოქტორო პროგრამებს მკაცრად განსაზღვრული კალენდარული სტრუქტურა არ აქვთ.

• ბიბლიოთეკასთან მიმართებით, მონიტორინგის კომისიამ „უხეშ დარღვევად” ჩათვალა ის, რომ კატალოგში ათამდე ძირითადი სახელმძღვანელო არ იძებნებოდა და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ რამდენიმე სტატიის PDF ვერსიის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ წარმოადგინა. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში აღრიცხული იყო და ფიზიკურადაც იძებნებოდა მილიონ-ნახევარზე მეტი წიგნი.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ 10 წიგნის შესაგროვებლად მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რადგან ის პროგრამები, სადაც სახელმძღვანელო ეს ლიტერატურა იქნება, უნივერსიტეტში 2-3 წლის შემდეგ ამოქმედდება.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც ადგენს კერძო ორგანიზაციისთვის ელექტრონული ფაილების მიღება-ჩაბარების აქტების წარმოების ვალდებულებას.

• მონიტორინგის ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ აუდიტორიები, სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, სპორტული დარბაზები, სააქტო დარბაზი, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, შეხვედრის ოთახები, ადმინისტრაციის კაბინეტები და დამხმარე ფართი უნივერსიტეტის მფლობელობაში ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მათი განკარგვის ხელშეკრულებას ვადა ჰქონდა გასული.

უნივერსიტეტის იურისტებმა სხდომაზე განმარტეს, რომ ქონების მფლობელ ფონდთან ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც შემმოწმებლებს გამორჩათ – კერძოდ, ის, რომ ხელშეკრულება ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, როცა მხარეები შეწყვეტენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად გრძელდება, თუ მხარეებმა არ შეწყვიტეს. ეს არ მომხდარა.

• მონიტორინგის ჯგუფს შენიშვნები ჰქონდა კონკურსებთან დაკავშირებითაც. დასკვნის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსები არასამართლიანი და გაუმჭვირვალე იყო. ამის მაგალითად ჯგუფმა მოიყვანა შემთხვევა, როცა უნივერსიტეტმა ერთი ვაკანსია გამოაცხადა, თუმცა კონკურსის შემდეგ ორი ადამიანი დაასაქმა.

აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათთვის გაუგებარია, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მონიტორინგის ჯგუფს იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტმა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი დაასაქმა, მაგრამ ამასთან ერთად, ადგილი დაამატა და ის პიროვნებაც აიყვანა სამსახურში, ვისი განათლება და პროფესიონალიზმი შთამბეჭდავად ჩათვალა. უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, კონკურსის შედეგი არასამართლიანი ვერ იქნებოდა, რადგან გამარჯვებული ერთი ადამიანი იყო, მეორისთვის კი – უნივერსიტეტმა უბრალოდ ადგილი დაამატა. თან იმ პირობებში, როცა მას ამას საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს.

სულ ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რის გამოც ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტის ფაქტობრივი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მკითხველმა განსაჯოს, რამდენად აღემატება „სიკეთე”, რომელსაც უნივერსიტეტის დახურვა სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის იწვევს, იმ „ზიანს”, რომელსაც ეს ბიუროკრატიული ხარვეზები აყენებს მათ და განათლების ხარისხს.

ავტორიზაციის საბჭოს სიხისტე განსაკუთრებით გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს ხარისხის კონტროლის სხვა, ნაკლებად უხეში მექანიზმი აკრედიტაციის სახით. ეს ინსტრუმენტი კონკრეტული პროგრამების მონიტორინგს გულისხმობს და საჭიროების შემთხვევაში მის გაუქმებას ითვალისწინებს. ასე მოხდა 2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელს კონკრეტული პროგრამების სწავლების აკრედიტაცია ჩამოერთვა და ხარვეზების გამო უნივერსიტეტი არ დაუხურავთ.

კიდევ ერთი გარემოება, რაც საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს, ისაა, რომ საბჭოც და მონიტორინგის ჯგუფიც დიდწილად აგრარული უნივერსიტეტის კონკურენტი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისგან შედგება. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ინტერესთა კონფლიქტზე, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, კანონმდებლობა საბჭოს წევრებს თვითაცილებას ავალდებულებს.

ამ გადაწყვეტილების კეთილსინდისიერებას ჩრდილს აყენებს თავად განათლების მინისტრის განცხადებებიც. დღიდან ავტორიზაციის გაუქმებისა, ნებსით თუ უნებლიეთ, ბატონი მარგველაშვილი სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. გასული დღეების განმავლობაში ის ამტკიცებდა, რომ აგრარულის ავტორიზაცია კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა – მაშინ, როდესაც ავტორიზაციის „შეჩერებას” კანონი არ ითვალისწინებს და ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარემ კახი ყურაშვილმა ნათლად თქვა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაცია გაუქმებულია.

მინისტრმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს უნივერსიტეტს ხარვეზების გასასწორებლად გონივრული ვადა არ მოუთხოვია, მაშინ როდესაც სხდომის ვიდეოჩანაწერში ცხადად ისმის, როგორ ითხოვს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი გონივრულ ვადას საბჭოს მიერ დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

მინისტრი შეცდა მაშინაც, როცა თქვა, რომ ავტორიზაციის საბჭო „5 წუთში აღადგენს” ავტორიზაციას, თუ ხარვეზები გამოსწორდება. საქმე ისაა, რომ კანონი ავტორიზაციის „აღდგენას” არ ითვალისწინებს, ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ მიენიჭოს. ავტორიზაციის მინიჭება კი „5 წუთზე” გაცილებით ხანგრძლივი პროცესია და აგრარულის ყველა პროგრამის ხელახალ აკრედიტაციას გულისხმობს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ავტორიზაციის გაუქმება აკრედიტაციების გაუქმებასაც იწვევს. ამასთან, მინისტრის „5 წუთი”, მალევე გადაიქცა „ორ-სამ კვირად” მას შემდეგ, რაც აგრარულის სტუდენტებმა მას დოკუმენტაცია წარუდგინეს და თავადაც მოუწია იმის აღიარება, რომ „ხარვეზები გამოსწორებულია”. დაზღვეულები არ ვართ, რომ მინისტრის მიერ დაპირებული „5 წუთის” არ იყოს, „ორი-სამი კვირის” შემდეგ, ორ-სამ თვეზე დაიწყოს საუბარი.

ამის საპირისპიროდ, მინისტრმა გულწრფელობა გამოავლინა, როდესაც აღიარა, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა წაკითხულიც არ ჰქონდა, ისე ცდილობდა სტუდენტების დარწმუნებას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სისწორეში. ამის მიზეზად კი, დასკვნის სიდიდე დაასახელა.

საინტერესოა ისიც, რომ მმართველი გუნდიდან თითქმის არავინ მოისურვა განათლების მინისტრის პოზიციის დაცვა. ამის გამო, ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრის შენიშვნაც მიიღო. „პარლამენტის განათლების კომიტეტსაც კი ხმა არ ამოუღია, თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს... მარგველაშვილი ნაწყენია ობიექტურად... ფეისბუქზეც არ აფიქსირებდა საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას”, – განაცხადა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ სტუდენტებს მოუწოდა, არ მოემსახურონ „ვიღაცის იდეოლოგიას” და „არ ითამაშონ სხვისი თამაში”.

აღწერილიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სტუდენტები, პროფესორები და საზოგადოების ნაწილი, რომელთაც მარგველაშვილი „ბენდუქიძის მძევლებს” უწოდებს, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას ხელისუფლების პოლიტიკურ თამაშად აფასებენ და თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტის – კახა ბენდუქიძისადმი პირადი ანგარიშსწორების სურვილით არის ნაკარნახევი.

ამ მოსაზრებას ის ფაქტებიც ამყარებს, რაც ავტორიზაციის გაუქმებას უსწრებდა წინ:

• 2013 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ გააუქმა ტენდერი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის – ათასწლეულის გამოწვევის – ფარგლებში ჩატარდა და რომლის შედეგადაც თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის პროექტში გაიმარჯვეს.

ამის შემდეგ მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი ახალი პირობებით – გადაწყდა, რომ ქართული მხრიდან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ ტენდერში მონაწილეობის უფლება, მაშინ როდესაც ამერიკული მხარე იმავე მოთხოვნას ამერიკულ უნივერსიტეტებს არ უწესებს.

ამ შეზღუდვის შემოღების ერთადერთი მოტივაცია, კახა ბენდუქიძის ვარაუდით, ისაა, რომ აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს უკვე გაწეული ჰქონდათ მოსამზადებელი სამუშაო, მოლაპარაკებულნი იყვნენ ამერიკულ უნივერსიტეტებთან და ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ისევ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები გაიმარჯვებდნენ.

• 2013 წლის თებერვალში დაიწყო პროცედურა ოთხ პროფესიულ კოლეჯში აგრარული უნივერსიტეტისთვის თანადამფუძნებლის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამ კოლეჯების თანადამფუძნებელი აგრარული უნივერსიტეტი 2012 წლიდან იყო.

• აგრარულ უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული ბაზები დაუბლოკეს 11 მარტს, მანამდე, სანამ ავტორიზაციის საბჭო უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციას გაუუქმებდა.

უკვე ერთი კვირაა სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაბათილებას ითხოვენ. ჯერჯერობით უშედეგოდ. თუმცა, შესაძლოა, ჟურნალის გამოსვლამდე ხელისუფლება მიხვდეს, რომ შეცდომა დაუშვა და გამოასწოროს. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აგრარული უნივერსიტეტის მხარდამჭერებს შორის, სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც უნივერსიტეტის გადარჩენასთან ერთად, განათლების სფეროში სახელმწიფოს ჩარევის აკრძალვას მოითხოვს და ავტორიზაციის კონსტიტუციურობის საკითხს აყენებს.

საქმე ისაა, რომ ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ განათლების სფეროს ლიბერალიზაციისკენ გადადგმული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ, თავადვე შეცვალა კურსი ბიუროკრატიზაციითა და ცენტრალიზაციით. მართალია, წინა მთავრობას ახლანდელისაგან განსხვავებით ოპოზიციური კერძო უნივერსიტეტი არ დაუხურავს, მაგრამ კანონი, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, სწორედ მან მიიღო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი მონსტრი – ავტორიზაციის მექანიზმი – წინა მთავრობის დროს შეიქმნა. მარგველაშვილი შაშკინის შექმნილ იარაღს იყენებს.

ის ადამიანები, რომლებიც ავტორიზაციის პროცესის კონსტიტუციურობას აყენებენ ეჭვქვეშ, მიუთითებენ, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლი განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას აბსოლუტური სახით აყალიბებს და მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, სხვა უფლებებისა და თავისუფლებებისაგან განსხვავებით, საერთოდ არ ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციის მესამე მუხლი ცენტრალურ ხელისუფლებას საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ კანონმდებლობის მიღების უფლებამოსილებას აძლევს, მაგრამ არა – ავტორიზაციის. ალბათობა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწიოს, დიდია. ასე რომ, აგრარული უნივერსიტეტის შემთხვევა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის საბაბი გახდეს.

 

 

კომენტარები