ინიციატივა, რომელიც იმაზე მეტს ზღუდავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ცოტა ხნის წინ, კობა დავითაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გვამცნო: „არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება”. ხსენებულ სხდომაზე, დავითაშვილის კოლეგა ლევან ბერძენიშვილმა დააზუსტა, რომ პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი გართულებული არის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით. ამ თემამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ზოგს გაეცინა, ვიღაცას სევდა დაეუფლა, ბევრიც გაბრაზდა... მანამდე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა, კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან და ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი არ დაუჭირა.

გავიდა რამდენიმე თვე და კობა დავითაშვილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს. პარლამენტმა მის მიერ მომზადებული აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით გაიზიარა და დაამტკიცა კიდეც. რეალურად, განმარტებით ბარათში, ინიციატივის ავტორად კობა დავითაშვილია მითითებული, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სათამაშო ბიზნესის რეგულაციის შესახებ შესული პეტიციიდან ირკვევა, მისი ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ აზარტული თამაშები საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს, ხოლო პრობლების მოსაგვარებლად, ავტორები ორ გზას სახავენ: აუცილებელია, შესწავლილ იქნას სათამაშო ბიზნესის უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს მოქალაქეებზე და სრულიად აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი. მეორე პუნქტი კი შედარებით ვრცელია და მოიცავს რამდენიმე ქვეპუნქტს. საინიციატივო ჯგუფის აზრით, საჭიროა 25 წლამდე გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი და დაწესდეს ქონებრივი ცენზი, რომლის მიხედვითაც თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მოქალაქეებს, ვისი წლიური შემოსავალი შეადგენს პირობითად 100 000 ლარს. ასევე ქონებრივი, ან ასაკობრივი ცენზით უნდა შეიზღუდოს ინტერნეტთამაშებზე წვდომა. ერთ-ერთი ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა შეწყდეს PLAY.TV-ის მაუწყებლობა, ან გადაკეთდეს კოდირებულ არხად, ეტაპობრივად მოხდეს ტოტალიზატორების, სამორინეების, სათამაშო კლუბების, სლოტ კლუბების და მსგავსი ტიპის აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებების გადატანა დასახლებული და რელიგიური მნიშვნელობის ადგილებიდან დაშორებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

ინიციატივის ხელმომწერთა შორის არიან ეროვნულრელიგიური ინსტიტუტის, მედიაკავშირ ობიექტივის, პარლამენტარ ქალთა კლუბის, სამოქალაქო ფრონტის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვხვდება საზოგადოებისთვის ცნობილი ისეთ სახელი და გვარები, როგორიცაა: რეზო ამაშუკელი, ჯაბა ჯიშკარიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ჯემალ ჭკუასელი, ელიზბარ ჯაველიძე და სხვანი. დატანილია ოთხი დოკუმენტი: სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის და ადიქციის და კონსულტირების ცენტრის ერთობლივი დასკვნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დაკსვნა, თსუ-ს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დასკვნა და ვიდეოფილმი „ხან წააგებ, ხან წააგებ”.

გასაგებია, რომ სათამაშო აპარატებზე კაზინოში თუ ტოტალიზატორში თამაშისას, მოთამაშეები სოლიდურ თუ არც ისე სოლიდურ თანხას ხან იგებენ, ხან – აგებენ, თუმცა ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ ჩვენზე განვითარებულ ქვეყანაშიც ხდება. დღევანდელი კანონმდებლობით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუსრულდა ტოტალიზატორის შემთხვევაში 18, ხოლო სამორინეს შემთხვევაში 21 წელი, აქვს უფლება ითამაშოს. რითი საბუთდება ქონებრივი ცენზის შემოღება ან თუნდაც ასაკობრივი ზღვარის გაზრდა 25 წლამდე, ეს პეტიციაში ჩამოყალიბებული არ არის.

თუ პარლამენტმა კანონით აკრძალა სათამაშო ბიზნესი, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება მოხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის უამრავი ადამიანი, ვინც ტოტალიზატორებში, სლოტ კლუბებში, სამორინეებსა თუ სხვა მსგავს დაწესებულებებში მუშაობს, სამუშაოს გარეშე დარჩება. PLAY.TV ტელეკომპანია იმედის საკუთრებაშია, სადაც ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა არაოფიციალურ საუბარში დაგვიდასტურეს, რომ ინიციატივის შესახებ საქმის კურსში არიან და განიხილავენ არხის სამომავლო ფუნქციონირების საკითხს. ვნახოთ, შეაჩერებს არხი მუშაობას, კოდირებული გახდება, თუ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, თუმცა თავისთავად გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში ხსენებული ტელეკომპანიის მაუწყებლობა. მოკლედ, პეტიცია ბევრ შეკითხვას ბადებს. იმედია, ზემოხსენებულ თემებზე კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები შეიქმნება და ობიექტურად განიხილება ის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეები, რაც მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

არის საშიშროება, რომ აზარტული თამაშების აკრძალვამ ე.წ. ანდერგრაუნდში გადაინაცვლოს და არალეგალური სახე მიიღოს, რაც, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმ დროს, როდესაც „მაზავშჩიკების” ბრუნვა ათი ათასობით და ხშირად ასი ათასობით ლარს უდრიდა, ბიუჯეტი ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობდა. არანაკლებ ცუდი ის არის, რომ ადამიანები და მათ შორის არასრულწლოვნებიც, ნებისმიერ თანხაზე თამაშობდნენ, ანუ ფსონის დადების მსურველი უბრალოდ ასახელებდა თანხას და ნაძლევიც ძალაში შედიოდა, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს პირი გადახდისუნარიანი. ლოგიკურია, რომ ამის გამო არაერთი უსიამოვნო ფაქტი ხდებოდა, ვიღაც სახლს ყიდდა, ვიღაც მანქანას, მაგრამ სამართალდამცავების აქტიური მუშაობის შემდეგ, „მაზავშჩიკები” ქუჩებიდან გაქრნენ. არაერთი საქმის გახსენება შეიძლება, როდესაც ფსონების უკანონოდ მიმღები პირები დააკავეს, ყველაზე ხმაურიანი კი, რა თქმა უნდა, გიორგი დემეტრაძის საქმეა. მოკლედ, მარტივია – როდესაც ტოტალიზატორები გაქრება, მათი მომხმარებლების მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩება და არალეგალური ბიზნესის გაჩენის საშიშროებაც, იმ წამიდან, ერთიორად გაიზრდება.

ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა საკანონმდებლო ინიციატივის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაზეა საუბარი. პეტიციაში ვკითხულობთ: „დაუყოვნებლივ აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამირება და მისი ნებისმიერი ფორმით პროპაგანდა”. იმის გარდა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესით დაკავებული კომპანიები იზარალებენ იმით, რომ ვეღარ განათავსებენ რეკლამას არათუ ტელევიზიებში, არამედ თუნდაც მეტროს ვაგონებში, ის ფული, რომელიც დღეს ბევრ ტელეკომპანიაში რეკლამის სახით შედის და, მაგალითად, GMG-ის (იქიდან გამომდინარე, რომ სპორტული არხია) ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წყაროა, ვეღარ შევა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად ტოტალიზატორები საფეხბურთო და სხვა სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციების მთავარი დამფინანსებლები არიან, გამოდის, კანონის მიღების შემთხვევაში, სხვადასხვა ჩემპიონატების თუ შეჯიბრებების ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ჩვენ დავდგებით იმის წინაშე, რომ ვერ ვაჩვენებთ ვერც „ევროპის ლიგას”, ვერც „პრემიერლიგას”, ვერ ვაჩვენებთ მადრიდის რეალის თამაშებს, ვერ ვნახავთ ჩოგბურთის ტურნირებს...” – ეს განცხადება ტელეკომპანია GMG-ის გენერალურმა პროდიუსერმა ბიძინა ბარათაშვილმა, გადაცემა საფეხბურთო ღამის ეთერში გააკეთა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის, ოლიმპიადის, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის, რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის და სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენების სპონსორები ხშირად აჭარაბეთი და ევროპაბეთი არიან. ამაში ალოგიკური არაფერია, ეს ასეც უნდა იყოს – ალბათ არავის უკვირს, რომ სპორტულ ღონისძიებას, ვთქვათ, სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი კომპანია არ ასპონსორებს.

როგორც ტაბულასთან საუბარში GMG-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ტოტალიზატორი, ტელეკომპანიასთან რაიმე სახით მაინც თანამშრომლობს, იქნება ეს ტრანსლაციების, გადაცემების დასპონსორება თუ სხვა. ყუბანეიშვილის თქმით, კანონის ამოქმედებით არხს ფინანსური ზიანი მიადგება, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მსოფლიოში ფაქტობრივად არ მოიძებნება ისეთი სპორტული ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ტოტალიზატორები რაიმე სახით მაინც არ იყვნენ ჩაბმული. აქედან გამომდინარე, ტელევიზია თუ შეჯიბრებებს ვერ აჩვენებს, მის არსებობას აზრი ეკარგება.

ტოტალიზატორები მატერიალურად ეხმარებიან ქართულ სპორტსაც, შესაბამისად, გასათვალისწინებელია, თუ რა დანაკარგს ნახავენ სხვადასხვა სახეობები, როდესაც დაფინანსება მოაკლდებათ. გასულ სეზონში ევროპაბეთი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულს 100 000 დოლარით აჯილდოებდა, კომპანიის ბანერები კი სხვადასხვა საფეხბურთო სტადიონებზე გვხვდებოდა. აჭარაბეთი არაერთ სპორტსმენტს დახმარებია, მაგალითისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც კმარა, რომლის მაისურებსაც ხსენებული კომპანიის ლოგო ამშვენებდა. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სპონსორიც სწორედ აჭარაბეთია.

სხვა საკითხია, რამდენად ცივილურია ასეთი რამის გაკეთება იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული საფეხბურთო კლუბის, მადრიდის რეალის მაისურს, ტოტალიზატორის ლოგო ამშვენებს (bwin). ხსენებულო კომპანია სხვადასხვა დროს ასპონსორებდა მილანს, მანჩესტერ იუნაიტედს, ბრემენის ვერდერს, ტურინის იუვენტუსს და სხვა კლუბებს. კომპანია 2006 წლიდან აფინანსებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს კალათბურთში. ასეთი საბუკმეკერო კომპანია იმდენად ბევრია, რომ მათ ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. მოტოსპორტიდან ცხენოსნობამდე ონლაინტოტალიზატორები უამრავ შეჯიბრებას და სპორტულ გუნდებს უწევენ ფინანსურ დახმარებას, სანაცვლოდ კი სპორტსმენები მათი ლოგოთი დამშვენებულ მაისურებს ირგებენ.

ამის გამო არავის მოსდის აზრად, რომ აკრძალოს მათი ბიზნესის რეკლამირება, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში, ან ესპანეთში. მადრიდის რეალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1,5 მილიონ მაისურს ყიდის და, სავარაუდოდ, მყიდველთა სოლიდური ნაწილი არასრულწლოვანია, მაგრამ იმის გამო, რომ ზედ bwin აწერია, რამდენი მათგანი ჩაერთო აზარტულ თამაშებში, უცნობია. ისე, რადგან არ აუკრძალავთ და ბატონი კობასა და „საზოგადოებრივი მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ”-ის მსგავსად განგაშის ზარები არ შემოუკრავთ, სავარაუდოდ, დასავლეთში ასეთ პრობლემას ვერ ხედავენ.

„ინტერნეტის კონტროლი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა პირველი რადიოს რადიო კლუბში. საინტერესოა, როგორ აპირებს დეპუტატი ამის გაკეთებას, იმედია, ჩრდილოეთ კორეის, ბირმის ან კუბის მეთოდს არ მიმართავს, სადაც ინტერნეტის გამოყენება განსაკუთრებულად პრივილეგირებული ადამიანების გარდა, ყველასთვის აკრძალულია. რაც შეეხება ინტერნეტტოტალიზატორებს, ოცდამეერთე საუკუნემ და იმან, რომ ჩვენს ქვეყანაშიც უამრავ ადამიანს აქვს სახლში კომპიუტერი, შეამცირა ადამიანთა რიცხვი, ვინც დაწესებულებაში მიდის ფსონის გასაკეთებლად. დღეს ამას ძირითადად ისინი აკეთებენ, ვისაც ტოტალიზატორის ბილეთთან ან შენობასთან ერთგვარი ნოსტალგიური სენტიმენტები აკავშირებთ, ან კომპიუტერთან წვდომა არ აქვთ, მომხმარებლების დიდი ნაწილი კი სახლიდან გაუსვლელად თამაშობს.

არასრულწლოვანს არ აქვს უფლება დარეგისტრირდეს ონლაინტოტალიზატორში, საჭიროა პირადობის მოწმობის ნომრის შეყვანა, რის საფუძველზეც შემდეგ მოხდება მოგების გაცემა. არსებობს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები, სრულწლოვანი პირების პირადობის მოწმობის ნომრებით რეგისტრირდებიან და შემდეგ მათი დახმარებით გამოაქვთ თანხა. როგორ აპირებს ამ ფაქტების აღმოფხვრას ბატონი კობა და საერთოდ თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი არასრულწლოვანი მოქმედებს ასეთი გეგმის მიხედვით და რამდენად დიდ თანხას აგებს, საინტერესოა. თუმცა, თუ მოხდება ტოტალიზატორებთან კოოპერაცია ასეთი შემთხვევების შემცირების კუთხით, ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით – კარგია, ბევრად უფრო ცივილური, ვიდრე, ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეის მეთოდი. ინტერნეტტოტალიზატორების დაბლოკვა იმ ადამიანებისთვის, ვინც დროდადრო მცირე თანხას – 2-5 ლარს დებს და ამით სიამოვნებას იღებს, დამატებით ინტერესს სძენს მატჩების ყურებას, სამართლიანი ნამდვილად არ არის.

ამ სტატიის დასრულებისა და ჟურნალის გამოშვების თარიღებს შორის დაშორება ორი კვირაა. იმედია, პარლამენტში გაითვალისწინებენ იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები