სახალხო დამცველის ანგარიში

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ახლობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ

ლაფანყურის ოპერაციის დროს გარდაცვლილთა მშობლები დღეს, 1 აპრილს სახალხო დამცველს შეხვდნენ. მათი თქმით, საუბრის ძირითადი თემა სახალხო დამცველის ანგარიში იყო, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის აგვისტოში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. 

ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა, თამარ მარგოშვილი, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენი მათ პანკისის ხეობაში ჩასვლას და მდგომარეობის ადგილზე შესწავლას დაჰპირდა. 

"ჩვენთვის მთავარია,  ჩვენი შვილები არ შერაცხონ ტერორისტებად, რადგან ჩვენ ვართ დაზარალებულები. რაც ყოფილმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო ხრიკად გამოიყენა, ამან ჩვენ ძალიან დაგვაზარალა", - აცხადებს თამარ მარგოშვილი. 

როგორც ლაფანყურის ინციდენტის დროს გარდაცვლილი ბაჰაუდინ ქავთარაშვილის დედამ, ასმათ ქავთარაშვილმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ამ საქმის გამოძიება აუცილებლად მოხდება.
"წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოძიების იმედი არ გვქონდა, ახლა კი უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება და ჩვენი შვილები ტერორისტებად აღარ უნდა მოიხსენიებოდნენ", - აცხადებს გარდაცვლილის დედა. 

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციასთან მიმართებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობა იკვეთება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გია ლორთქიფანიძემ ინტერპრესნიუსთან გააკეთა. 

"ამ თემაზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია. მერჩივნა, გამოეძიებინათ და გამოეკვლიათ ყველაფერი. ამ თემაზე მეც დამკითხეს, ამირიძეც და მაისურაძეც. რა ინფორმაციაც გვქონდა, ყველაფერი ვუთხარით. საპირისპიროდ ატრიალებენ ყველაფერს და ისე არ იძიებენ, რაც სინამდვილეში იყო. ცდილობენ, რადგან წინა ხელისუფლებაში ვმუშაობდით, სხვა რაღაც გამოიყვანონ და არა ის, რაც სინამდვილეა. თუ დაგვკითხეს და ჩვენებები არსებობს, დაელოდონ ძიებას, რომელსაც ამათი ხელისუფლება ატარებს.  დაკითხვისას, გვითხრეს, კიდევ კარგი გავარკვიეთ, რადგან ჩვენ სხვანაირი ინფორმაცია გვქონდა და ახლა სხვანაირად იკვეთებაო. მე როგორ უნდა ჩამომეყვანა და დამეხოცა ჩეჩნები? მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო. 5 წუთიდან 5 საათამდე გავწელე დრო - თვითონვე ჩეჩნები და ქისტები მივუყვანე, რომ გაერკვიათ სინამდვილეში, რა იყო და როგორ იყო", - განაცხადა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ. 

 

კომენტარები