ბათუმის ინციდენტი

ღარიბაშვილი: თელია არის პოლიციელი და ის იყო ვალდებული დაეცვა საკუთარი მუნდირი

"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი გაზვიადებული იყო. ადგილი ჰქონდა მხოლოდ აჭარის პოლიციის უფროსსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს შორის გარკვეულ დაძაბულ საუბარს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის პოლიციის უფროსს", - ასე შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, საია-ს თანამშრომლებსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარი ინციდენტი. 
ჟურნალისტებთან საუბარში ღარიბაშვილმა განმარტა, რომ თელიამ საკუთარი მუნდირი დაიცვა. 
"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერიან თელია 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს ადამიანი სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ წუთებში მიემართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ვგულისხმობ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენას და მის გამოაშკარავებას. მე მოვისმინე განცხადებები, რომ ვიღაცამ ვიდეოკამერების ჩანაწერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენერალური ინსპექციის დასკვნა, იქ დეტალურადაა გაწერილი, რა მოხდა სინამდვილეში. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი. აქვე მინდა განვმარტო, რომ ტექნიკოს თანამშრომელს რამე გადაცდომა ჰქონდა თუ არა და წაეშალა თუ წაშალა ჩანაწერი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ფირები და გავავრცელეთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა აშშ-ში და ევროპის ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიმე რეგიონის პოლიციის უფროსისთვის მოქალაქეს, მით უმეტეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა. ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და არ ვამართლებ, არ ვფიქრობ, რომ იდეალურად წარიმართა ყველაფერი - შეიძლებოდა უფრო უკეთესადაც ყოფილიყო, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის არის პოლიციელი, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი და ის იყო ვალდებული დაეცვა საკუთარი მუნდირი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობას. 
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 აპრილის, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვალერი თელიას სამსახურებრივი გადაცდომა არ ჩაუდენია, ხოლო პოლიციელი, რომელმაც ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაანადგურა - დაუდევრად მოიქცა. 
საია გენერალური ინსპექციის დასკვნას არადამაჯერებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გენინსპექცია თელიას ხელს აფარებს. 

კომენტარები